Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის 6 ეკონომიკური მოვლენა


საბანკო რეგულაციები, ხელისუფლების ნაბიჯები ჭარბვალიანობის შესამცირებლად, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყება და ვალების განულება, რა მოხდა ეკონომიკაში 2018 წელს?

საბანკო რეგულაციები - და შემოსავლის შესწავლის მოთხოვნა

ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა კრედიტების გაცემის რეგულაციები. რეგულაციების გამკაცრებას წინ უსწრებდა პარლამენტში დაწყებული მსჯელობა ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის თაობაზე. გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი იანვრიდან ძალაში შედის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მსესხებელი იპოთეკას უძრავი ქონებით ვერ დატვირთავს, თუ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, სესხი არ გაიცემა პირზე, თუ მას არ ექნება დადასტურებული შემოსავალი.

თუმცა დადგინა გარკვეული შეზღუდვები და ლიმიტი დადასტურებული შემოსავლის მქონე მსესხებელზეც. თუ სესხის მსურველის ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარამდეა სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი ყოველთვიური შემოსავლის 20%-ით განისაზღვრა. თუ სესხს მსურველის შემოსავალი 600 ლარია, ის ვერ აიღებს იმაზე დიდი ოდენობის სესხს რომლის დასაფარად თვეში 120 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს.

ვალების განულება

საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

  • ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს სრულდება
  • ვალებს "ფონდი ქართუ” გადაიხდის.
  • ვალების 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს.
  • დავალიანების თანხა ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარია.
  • ვალის განულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა მოვალეებს, რომლებიც არ თანამშრომლობენ "ფონდ ქართუსთან“. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 60-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ვალების განულების პროგრამაში არ არის ჩართული 20-ზე მეტი ორგანიზაცია.

საპენსიო რეფორმა

პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა.რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2 %-ს, დასაქმებულიც - 2 %-ს და სახელმწიფოც - 2%-ს. მაგალითად, თუ ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, დასაქმებული, ასევე - 20 ლარს და სახელმწიფოც - 20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა.

ამ სქემიდან არსებობს გამონაკლისიც, თუ ხელფასი ან/და (შემოსავალი) წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.

მცირე მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირება

2018 წელს მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა. მათთვის 5-ჯერ შემცირდა ბრუნვის გადასახადი და არსებული 5%-იანი განაკვეთი 1%-მდე შემცირდა. ამასთან შეიცვალა მცირე ბიზნესის ცნება იმ თვალსაზრისით, რომ თუ აქამდე მცირე ბიზნესად ითვლებოდა წლიური 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ახლა ასეთად 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე წარმოება ჩაითვლება.

ანაკლიის პორტი

2018 წელს აქტიურ ფაზაში შევიდა პორტის მშენებლობა. ანაკლიის პორტზე ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა. მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. 2020 წელს პორტმა პირველი პანამაქსის ტიპის გემი უნდა მიიღოს. მისი ჩართულობა ასევე განიხილება ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების პროცესშიც. პორტის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონაზეა გათვლილი.

ტურიზმი

2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10,6 %-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 486 595 შეადგინა, რაც 659 454-ით მეტია 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე. რაც დაახლოებით17%-იან ზრდას ნიშნავს.

  • საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა1 341 127 (+23.8 %),
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82 %, რუმინეთი +63 %, სლოვაკეთი +62 %, ნიდერლანდი +58 %.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,817 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9 %), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში

მთლიანი შიდა პროდუქტი და ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2,2 %, ხოლო 2018 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 % შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციამ 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.7 პროცენტით გაიზარდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG