Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალი, გზა, ფაროსანა და ნამდვილი თვითმმართველობა - აქტიური და პასიური კამპანიები ზესტაფონში გამარჯვებისთვის


ამ დროისთვის ზესტაფონში მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას.
ამ დროისთვის ზესტაფონში მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას.

N51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 19 მაისის საქართველოს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 16 კანდიდატია რეგისტრირებული, თუმცა ამ დროისთვისზესტაფონში მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. სარეკლამო და სააგიტაციო მასალის დიდი ნაწილი ცენტრალურ ქუჩებშია გაკრული, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზეა კანდიდატების ოფისებიც. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების დიდ ნაწილს მოსახლეობისთვის საკუთარი პროგრამა არ გაუცნია და არც პლაკატები გამოუკრავს.

ზესტაფონის მერობის იმ კანდიდატებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებენ, საერთო აქვთ გამარჯვების მოლოდინი, თუმცა განსხვავებულია მათი საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ძირითადად სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. მერობის კანდიდატთა შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად მშვიდია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაცია აქვთ და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ.

„ყოველდღიურად 10-მდე შეხვედრას ვმართავ ამომრჩეველთან დამხოლოდ იმ პროექტების შესახებ ვესაუბრები, რომლებიც მიმდინარე და მომავალ წელსაა დაგეგმილი“, ამბობს გიორგი გოგლიჩიძე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ ზესტაფონის მერობის კანდიდატი.

გიორგი გოგლიჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო
გიორგი გოგლიჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო

გიორგი გოგლიჩიძე „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ წარადგინა, რაც ზესტაფონის არჩეულმა მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. ამ ფაქტს წინ უძღოდა გოგლიჩიძისა და მისი მხარდამჭერების მიერ გამართული არაერთი აქცია და ბრალდებები მახათაძის წინააღმდეგ. თავად გიორგი გოგლიჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ამჯერად მმართველმა გუნდმა კანდიდატად იმ პრობლემების მოსაგვარებლად დაასახელა, რომელთა შესახებ ის ბოლო წლებია ხშირად ლაპარაკობს.

გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გრძნობს მხარდაჭერას და დარწმუნებულია, რომ 19 მაისს გაიმარჯვებს, რაც, პირველ ყოვლისა, ზესტაფონის მცხოვრებთა გამარჯვება იქნება.

გიორგი გოგლიჩიძის მსგავსად, თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი ზესტაფონში ბაქარ ხიჯაკაძეც, თუმცა ის გოგლიჩიძისგან განსხვავებულად აღწერს მოსახელობის განწყობას. ბაქარ ხიჯაკაძის თქმით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში უმუშევრობა და სიღარიბე მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საკუთარი პროგრამიდან სოფლის დახმარების მაგალითი მოჰყავს: „სოფლის მოსახლეობას ვკითხავთ მისთვის პრიორიტეტულ პრობლემას და ერთად გადავწყვეტთ რას მოვახმაროთ სოფლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა“.

ზესტაფონში დარეგისტრირებული მერობის 16 კანდიდატიდან ორია ქალია.
ზესტაფონში დარეგისტრირებული მერობის 16 კანდიდატიდან ორია ქალია.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, რადიკალური ზომების გამოყენებას აპირებს მერად არჩევის შემთხვევაში „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოგი წულაია. მისი განცხადებით, ზესტაფონში იცნობენ და გამარჯვების შანსიც დიდი აქვს. გოგი წულაია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ რეალური თვითმმართველობისთვის იბრძოლებს და ამისთვის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს. წულაია მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემოსავლების დიდი ნაწილი ადგილზე უნდა რჩებოდეს და არ უნდა ნაწილდებოდეს ისე, როგორც ამჟამად ნაწილდება. „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში, სადაც ფეროშენადნობთა ქარხანა ფუნქციონირებს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მხოლოდ 6 მილიონი ლარი არ უნდა ირიცხებოდეს, რადგან ქარხანა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია:

„ვიდრე რეალური თვითმმართველობა არ იქნება, პრობლემების მოგვარებაზე საუბარი შეუძლებელია. მე ყველა უფლებას გამოვიყენებ, რათა მივიქციო ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება. მოვაწყობ აქციებს, გადავკეტავ გზას, რომელიც სატრანზიტო მნიშვნელობისაა, მივმართავ სასამართლოს“.

„თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატ გოგი წულაიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია, რაც არჩევის შემთხვევაში ასევე იქნება მისი ზრუნვის საგანი.

19 მაისს ზესტაფონში, საქართველოს სხვა ოთხი მუნიციპალიტეტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
19 მაისს ზესტაფონში, საქართველოს სხვა ოთხი მუნიციპალიტეტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

ზესტაფონში დარეგისტრირებული მერობის 16 კანდიდატიდან ორია ქალია. მათ შორის ერთ-ერთს, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ სახელით წარდგენილ ინგა კელენჯერიძეს, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩეველთან შეხვედრები ამ დრომდე არ დაუწყია. მერობის ქალი კანდიდატის თქმით, ჯერჯერობით არც სააგიტაციო მასალები და ბანერი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი გამოცდილება და დაპირებები ამომრჩევლისთვის სანდო იქნება:

„ჩემი ინტერესია, თუნდაც ჩემი ხელფასით მოვემსახურო ხალხს, რომ მივცე ის, რაც მათ სჭირდებათ. წყალი არ არის ბევრ უბანში, გზები არ ვარგა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ არის, ეკოლოგიური პრობლემებია, საგრძნობლად მოიმატა სხვადასხვა დაავადებით მოავადმყოფეთა რიცხვმა“.

19 მაისს ზესტაფონში, საქართველოს სხვა ოთხი მუნიციპალიტეტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ზესტაფონში მერის არჩევნები საჭირო გახდა იმის გამო, რომ მიმდინარე წლის თებერვალში 2017 წელს არჩეულმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა მერმა, კახაბერ მახათაძემ, თანამდებობა დატოვა. მუნიციპალიტეტში 18 თემია, სადაც კენჭისყრის დღეს 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა კი 55 ათასს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG