Accessibility links

ხაზარაძე მიდის, საქართველოს საფრთხეები რჩება


მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას უკვე ღიად ადანაშაულებს შევიწროებასა და დევნაში. „TBC ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (მამუკა ხაზარაძე) და მისი მოადგილე (ბადრი ჯაფარიძე) პოსტებს ბანკის რეპუტაციის გადასარჩენად ტოვებენ. თუმცა კვლავაც რჩება, მათ შორის - ინვესტორთა დაფრთხობის საფრთხე და ისევ ბუნდოვანია ანაკლიის პორტის მომავალი.

ბიზნესის განვითარების ლიმიტი საქართველოში

წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 21 თებერვალს გამოაქვეყნა, დასტურდება ის, რაც მანამდე მხოლოდ იგულისხმებოდა. „TBC ბანკის“ დამფუძნებელი პირდაპირ წერს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმატებულ განვითარებას ეშლება ხელი.

„მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული“.

მამუკა ხაზარაძის წერილში ვკითხულობთ:

  • შეტევაა მთელ ჯუფზე და ბანკზე;
  • ხელისუფლება ცდილობდა პირადად მის დისკრედიტაციას;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებს მან გასაცნობად დოკუმენტები გაუგზავნა;
  • პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა არ მოინდომეს სიმართლის გარკვევა;
  • სამაგიეროდ, ისინი აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს;
  • ფულის გათეთრების ბრალდება არის დაუსაბუთებელი აბსურდი;
  • ეროვნული ბანკი არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „TBC ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება საბჭოს მიერ ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს.

ლონდონში გადაწყდა, რომ შეწყდება სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც, თავის მხრივ, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე ინარჩუნებენ თავჯდომარისა და მოადგილის პოზიციებს TBC Bank Group PLC-ში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში.

დაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:21 0:00

ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილების საფუძვლად კი სახელდება ბანკის, მისი აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესების დაცვა და ბანკის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ჩამოშორება.

თუმცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აპირებენ, კერძო პირების რანგში განაგრძონ სამართლებრივი დავა ფულის გათეთრების ბრალდების მოხსნის მიზნით.

ბანკის რეპუტაციის გადარჩენის მიზნით გადადგმულ ნაბიჯს იწონებს ექსპერტების დიდი ნაწილი.

როგორც გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „აუცილებელი იყო პირადი პრობლემების გამიჯვნა ბანკის სახელისგან. ხანგრძლივ პროცესში ბანკი სერიოზულად დაზარალდებოდა“.

“TBC ბანკის” აქციების ფასი ვარდნას განაგრძობდა 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

Georgia -- TBC Shares
Georgia -- TBC Shares

21 თებერვალს კი, "TBC ბანკის" აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან 12 წუთში 1.8%-ით გაიზარდა.

მართალია, ექსპერტების აზრით, “TBC ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის წასვლა ბანკის რეპუტაციასთან დაკავშირებულ რისკებს მოხსნის, მაგრამ მთელი ეს ხმაური და ხელისუფლების მისამართით მამუკა ხაზარაძის მიერ გახმაურებული ბრალდებები უცხოელ ინვესტორებს დააფრთხობს.

ინვესტორების დაფრთხობა და ანაკლიის პორტი

„მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“

21 თებერვალს გამოქვეყნებული წერილის ამ აქცენტით თუ ვიმსჯელებთ, მამუკა ხაზარაძემ, შესაძლოა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ბოლომდე ვერც მიიყვანოს.

ის, რომ ხელისუფლების უსაფუძვლო ბრალდებები ანაკლიის პორტის დაფინანსებას უქმნის საფრთხეს, ხაზარაძემ 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზეც თქვა.

  • ბრალდებები სახიფათო დროს გახმაურდა: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონტრაქტის ხელმოწერა მაის-ივნისისთვის იყო დაგეგმილი;
  • შესაბამისად, შესაძლებელია, შეფერხდეს 600 მილიონი დოლარის მოზიდვა ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზისთვის.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებს. საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება 2016 წლის ოქტომბერში გაფორმდა. კონსორციუმში შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).

როგორც Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შექმნილი სიტუაცია აუცილებლად მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ანაკლიის პორტის პროექტზეც და, ცხადია, ყველა იმ ბიზნესზე, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ.

პრობლემა არ მოიხსნება სიმართლის დადგენამდე:

„ამიტომაც არის ცალსახად სწორი გადაწყვეტილება სასამართლოს დახმარებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოხდეს იმ თემის განხილვა, რამაც წარმოშვა კითხვები ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით“.

ანალიტიკოს გია ნოდიას ეჭვი ეპარება, რომ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენების საშუალებას მისცემენ. მაგრამ რომც მისცენ, დიდი რეპუტაციული ზარალის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფულის გათეთრების ბრალდების მქონე პირმა ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თუ საბოლოოდ არ ჩაშლის, „TBC ბანკთან“ და კონკრეტულად - მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პროცესები გააჭიანურებს მაინც პორტის დაფინანსების გეგმებს.

მტვრის გადაწმენდა და დამორჩილება

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი აქვს და „TBC ბანკის“ მიმართ წამოწყებული პროცესით, ის ყველა სხვა ბიზნესსაც მორჩილებისკენ მოუწოდებს.

ხუხაშვილი ასევე ამბობს:

  • ამ ტიპის საქმეები, დიდი ალბათობით, პროკურატურაში დევს ყველა სხვა მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებით;
  • ხელისუფლება ეუბნება მათ, მე შემიძლია გადავწმინდო მტვერი ძველ საქმეებს, თუკი რაიმე მიზეზით ამის საჭიროებას დავინახავ;
  • ეს შეიძლება იყოს ინტერესები ბიზნესისა თუ პოლიტიკის ჭრილში;
  • ხელისუფლებამ ყველა ბიზნესს უთხრა - გაჩერდით და დაგვემორჩილეთ.

მამუკა ხაზარაძისთვის ძველი საქმეების გახსენებაში პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ხედავს გია ნოდიაც. ის ფიქრობს, რომ ეს ფაქტი უყურადღებოდ არც საერთაშორისო ინვესტორებს დარჩებათ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოძულებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეეწირა მასთან დაახლოვებული მამუკა ხაზარაძეც და „TBC“ ბანკის“ რეპუტაციაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ნოდია.

რატომ ვერ აღმოაჩინა ეროვნულმა ბანკმა დარღვევა 2008 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად?

სებ-ის მიერ 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად:

  • 2008 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარდა თემატური შემოწმება თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესწავლის მიზნით;​
  • თემატურობიდან გამომდინარე, შემოწმება არ ითვალისწინებდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის იდენტიფიცირებას;
  • ვინაიდან ტრანზაქციები განხორციელდა სხვა კომპანიების გავლით, ადმინისტრატორების მონაწილეობა პირდაპირ არ იკვეთებოდა;
  • შესაბამისად, ამ შემოწმებისას ვერ მოხდა ხსენებული დარღვევების აღმოჩენა;
  • სებ-ის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.

ეროვნული ბანკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ანდა ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ დარღვევისთვის.

რას ედავება გამოძიება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიების შპს „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკისგან“ აღებული სესხი (17 მილიონი დოლარი) იმავე დღეს სესხის სახით გაიცა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

პროკურატურა იტყობინება, რომ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა არც „სამგორი M“-ისა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ, ხოლო შემდეგ ისინი ჩაანაცვლა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ და ეს თანხა არ არის ანაზღაურებული „თიბისი ბანკისთვის“.

ამ საქმიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. შესასრულებლად ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მიეცა.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბანკი ჯარიმას გადაიხდის და სამართლებრივ დავას შეწყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG