Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი ევროპელია. ხელისუფლება? - ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა


ბავშვები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით პარლამენტის წინ, 2022 წლის ივნისი
ბავშვები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით პარლამენტის წინ, 2022 წლის ივნისი

ევროპარლამენტარებისთვის მრავალათასიანი გამოსვლები თბილისში იმის "მკაფიო სიგნალია", რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში უნდა. ისინი ამბობენ, რომ ახლა ამისთვის მზაობა საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დაამტკიცოს.

45-წუთიან დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, იყო უამრავი მოლოცვა და ქათინაური.

ბევრი დეპუტატი იმეორებდა, რომ საქართველოს ადგილი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ევროპაშია. მათი თქმით, "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ ქართველების პროტესტმა ამაში კიდევ ერთხელ დაარწმუნათ.

“ტაშს ვუკრავ საქართველოში დემონსტრანტების მიერ გამოჩენილ სიმამაცეს” - თქვა ლატვიელმა დეპუტატმა სანდრა კალნიეტემ, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" წარმოადგენს.

უნგრელმა დეპუტატმა, კატალინა ჩემ კი გაიხსენა, რომ საქართველოში "რუსული გავლენით" იღებდნენ "მჩაგვრელ" კანონს, "რომლის მიზანიცაა სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია და წინააღმდეგობის ჩახშობა".

"გხედავთ და თქვენ გვერდით ვართ!" - მიმართა მან "პროევროპულ ძალებს საქართველოში".

კატალინა ჩემ გაიხსენა ქართველი დემონსტრანტი, რომელიც თბილისში ევროკავშირის დროშას აფრიალებდა წყლის ჭავლის პირისპირ. "ეს ძალიან ძლიერი სიმბოლოა, რომელიც აჩვენებს, რამდენს ნიშნავს ევროპული პროექტი" ქართველი ხალხისთვის.

ტრიბუნაზე გამოსულმა გერმანელმა ვიოლა ფონ კრამონმა კი თქვა, რომ მისთვის საქართველოში გამართული მიტინგები სამაგალითოა.

"დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის.ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს", - განაცხადა მან.

ხალხი ევროპელია. ხელისუფლება?

ფონ კრამონის სულისკვეთება მისმა ბევრმა კოლეგამ გამოხატა. აღფრთოვანების პარალელურად, გამუდმებით ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა.

ლიეტუველმა დეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ქართული ოცნება" "ანტიევროპულ პროვოკაციაში" და საბოტაჟში დაადანაშაულა.

"ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში, ამიტომაა, რომ ახლახან მოწმე გავხდით „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის გარშემო ამბისა... ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს არაა ხელისუფლების მხრიდან უკანასკნელი პოლიტიკური ანტიევროპული პროვოკაცია" - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

მიხეილ სააკაშვილის სახელი ბოლო დროს სტრასბურგის სხდომათა დარბაზში ხშირად ისმის. ოთხი თვის მანძილზე, ევროპის პარლამენტმა უკვე ორჯერ მიიღო რეზოლუცია, სადაც ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილი კი "ოლიგარქად" შერაცხა.

გაფართოების მოწინააღმდეგეები

თუმცა ყველა არც წინა კვირის მოვლენებს აფასებდა დადებითად. საქართველოს მისამართით ისმოდა სკეპტიკური ხმებიც. მემარცხენე პარტიის წევრი, ირლანდიელი მიკ უოლესი არ დაეთანხმა იმას, რომ საქართველოში პროტესტი სტიქიური იყო.

"მთელი საშუალო კლასი დამოკიდებულია [არასამთავრობო] სექტორზე და უცხოურ დაფინანსებაზე. კანონმა ვნებათაღელვა იმიტომ გამოიწვია, რომ მან ადამიანების შემოსავალს შეუქმნა საფრთხე. პრორუსულობა... ან პროდასავლურობა არაფერ შუაშია", - თქვა მიკ უოლესმა.

მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირის მხრიდან "ფარისევლობაა" შეეწინააღმდეგოს კანონს "უცხოეთის აგენტებზე", რადგან ბრიუსელიც თავადაც ფიქრობს უფრო მკაცრად იმის გაკონტროლებას, თუ რა ფული შემოდის ევროკავშირში უცხოეთიდან.

მიკ უოლესს მხარი აუბა დამოუკიდებელმა ჰოლანდიელმა დეპუტატმა მარსელ დე გრააფმაც. მან გაიხსენა, რომ ორ ევროპარლამენტარს ბრალი ედება ქრთამის აღებაში კატარის ინტერესების სასარგებლოდ.

"კატართან დაკავშირებული ენჯეოები ამ პარლამენტმა აკრძალა, რადგან გვინდა შევზღუდოთ გარე ზეგავლენა ნებისმიერ ფასად. სავსებით სამართლიანია. ამავდროულად, [სხვა ქვეყნების] ენჯეოებს მილიონებს ვუხდით პოლიტიკური პროცესების დასაჩქარებლად... საქართველოს პარლამენტს სურს, მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესაზღუდად. და ახლა ისევ შოკირებულები ვართ, რადგან დემოკრატია თურმე საფრთხეშია..." - თქვა მარსელ დე გრააფმა.

დეპუტატმა, ფაქტობრივად გაიმეორა ის ყველაფერი, რასაც ევროკავშირის შესახებ საქართველოში ამბობენ ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლური ძალები. ევროპარლამენტში დებატების დაწყებამდე ზუსტად 9 საათით ადრე, მათ თბილისში, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დაწვეს.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ". ის ჰგავდა კანონს, რომელიც 2012 წელს მიიღეს რუსეთში და რომელმაც მას შემდეგ დაადუმა ქვეყანაში ყველანაირი კრიტიკული აზრი. კანონპროექტის მიღებისთანავე, რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებით გაივსო.
10 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იყო და მხოლოდ ოთხ წუთს გაგრძელდა. ამ სხდომაზე პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG