Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზანი: ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს, შეთქმულების თეორიები რომ დაიჯეროს


ფეისბუკის მიერ 30 აპრილს წაშლილი გვერდების ქსელი (News-Front) რუსეთის პროპაგანდისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას საქართველოშიც ცდილობდა - ISFED-ის კვლევამ გამოავლინა სქემა, რომელიც ხალხის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

ფეისბუკის მიერ დაბლოკილი გვერდის - „ნიუს-ფრონტ საქართველოს“ (News-Front Georgia) ადმინისტრატორი - კონსტანტინე ჩიკვილაძე ნაცნობ-მეგობრებთან დაკავშირებას 30 აპრილს „დამხმარე პროფილის“ საშუალებით ცდილობდა. ის წუხდა, რომ ფეისბუკმა მას პირადი ანგარიშიც დაუბლოკა.

„დავადგინეთ, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ ფეისბუქით სარგებლობა. გადაწყვეტილება საბოლოოა. სამწუხაროდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ჩვენ ვერ მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას თქვენი ანგარიშის გაუქმებასთან დაკავშირებით“, - ანგარიშის დახურვა ფეისბუკმა ჩიკვილაძეს ამ ავტომატური გზავნილით შეატყობინა.

ამ ფაქტის სავარაუდო მიზეზს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ახალ კვლევაში ვხვდებით. საქმე ის არის, რომ კონსტანტინე ჩიკვილაძის მიერ მართული ფეისბუკგვერდი („ნიუს-ფრონტ საქართველო“) რუსეთის პროპაგანდას ემსახურებოდა და ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ, პოლარიზაციის გამაღრმავებელ ინფორმაციას ავრცელებდა.

კვლევამ გამოავლინა 12 ყალბი ანგარიში, რომლებიც აქტიურად ავრცელებდნენ „ნიუს-ფრონტის“ მასალებს 31 სხვადასხვა ღია ფეისბუკჯგუფში და ამ „არაავთენტური ანგარიშების აქტივობა ძირითადად გადაჯაჭვული იყო „ნიუს-ფრონტის“ ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის „ფეისბუქ“ აქტივობასთან“.

გაყალბებული ანგარიშები უცხო ადამიანების მოპარული ფოტოებითა და გამოგონილი სახელებით მოქმედებდნენ. გამოყენებულია, მაგალითად, მოლდოველი მოდელისა და ალბანელი მუსიკოსის ფოტოები.

რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა და ფეისბუკზე ეს ანგარიში აღარ იძებნება.

30 აპრილს ფეისბუკმა სააგენტო „News-Front”-ის ყველა ფეისბუკგვერდი გააუქმა, ყველა ენაზე და მათ შორის - ქართულიც.

  • სააგენტო „News-Front“-ი დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით - რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ;
  • სააგენტო ინტერნეტში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა რუსულ სერვერზე reg.ru;
  • სააგენტო საქართველოში გააქტიურდა 2019 წლის ოქტომბერში , როდესაც ენების მრავალრიცხოვან ჩამონათვალს ქართულიც დაემატა;
  • ასევე დაახლოებით 6 თვის წინ ამოქმედდა სააგენტოს ქართულენოვანი ფეისბუკგვერდიც;
  • „News-Front“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსულისა და ქართულის გარდა, ვხვდებით ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, უნგრულ, სერბულ თუ სხვა ენებზე.

30 აპრილს დაიბლოკა ფეისბუკგვერდი და ინფორმაციის გამავრცელებელთა ანგარიშები, მაგრამ - სააგენტო „News-Front“-ის მრავალენოვანი ვებსაიტი კვლავაც განაგრძობს მუშაობას.

ISFED-მა პრორუსული სააგენტოს ქართულენოვანი ფეისბუკგვერდის შინაარსისა და მოქმედების სქემის შესწავლა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გამოიკვეთა სამი ძირითადი ტენდენცია:

„ისინი ცდილობდნენ, რომ სახელისუფლებო ჯგუფებში გაეზიარებინათ ანტიოპოზიციური შინაარსის მასალები, ხოლო ოპოზიციურ ჯგუფებში გასაზიარებლად შერჩეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ან ინსტიტუტების მიმართ ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია... მიზანი ნათელია - ორივე მხარეს აქეზებდნენ იმისათვის, რომ დაპირისპირება გაეღვივებინათ - ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს...

გამოკვეთილი მესამე ტენდენციის მიხედვით - სხვადასხვა ჯგუფში ხდებოდა ანტიდასავლური და წმინდა რუსული პროპაგანდის გავრცელება. მასალები ემსახურებოდა შეთქმულების თეორიების დამკვიდრებას, ირაციონალური შიშების დანერგვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

ISFED-ის კვლევის თანახმად:

  • გაყალბებული ანგარიშები ცდილობდნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პროვოკატორად წარმოჩენას და ამ ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდნენ;
  • კორონავირუსის პანდემიის ფონზე „ნიუს-ფრონტი“ - „შენიღბულად უთხრიდა ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას“;
  • „ნიუს-ფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს, პაატა იმნაძეს“;
  • გაშლილი იყო „ღიად აგრესიული პრორუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი“ ემიგრანტებთან თუ რელიგიურ თემატიკასთან მიმართებით.

მთელ რიგ ფაქტებზე დაყრდნობით მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ ეს ქსელი 2020 წლის არჩევნებისთვის იჭერდა თადარიგს და კიდევ უფრო გააქტიურდებოდა - „2020 საპარლამენტო არჩევნების წინ მოსალოდნელია რუსეთის მიერ საინფორმაციო სივრცეში აქტიურ ქმედებებზე გადასვლა, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებითაც".

მისი თქმით, ასეთი რეალური საფრთხეების პრევენცია სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს ევალებათ - „საფრთხეების გამოვლენასა და დაზღვევაზე აქტიურად უნდა იყვნენ მომართული ქვეყნის სადაზვერვო თუ საგამოძიებო სამსახურები“.

დაუკვირვებელი თვალისთვის ძალიან ძნელი ამოსაცნობია, თუ რა საერთო მიზნებს ემსახურებოდა ესა თუ ის ინფორმაცია, რადგან მათ გავრცელებაში მონაწილე ყალბი ანგარიშები ამას ბევრისთვის საკმაოდ დამაჯერებლად ახერხებდნენ.

„ჯერ ავრცელებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების სახელით და მერე ისინი, კომენტარებში, ერთმანეთთანაც შედიოდნენ კომუნიკაციაში და ასე ხდებოდა კონკრეტული ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების გამოკვეთა-წახალისება სხვებისთვის... წყაროების გადამოწმება ამიტომ არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ფეისბუკიც იღებს პასუხისმგებლობას მსგავსი კონტენტის წინააღმდეგ“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეისბუკი საქართველოში ორგანიზებულად მოქმედ გვერდებსა და ანგარიშებს ბლოკავს.

ფეისბუკგვერდის დაბლოკვას მალევე გამოეხმაურა გულბაათ რცხილაძე - „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, რომელიც 6 თვის მანძილზე „ნიუს-ფრონტ საქართველოს“ მთავარი რედაქტორი იყო.

მის მიერ ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული განცხადება გვამცნობს, რომ პოსტი მას დღეიდან, 1 მაისიდან, დაუტოვებია - „წინ ახალი ექსპერიმენტები და გამოცდილებებია, ნაკლებად საჯარო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო“.

რცხილაძეს გული სწყდება, რომ ფეისბუკგვერდი დაიბლოკა და დიდი შრომა ჩაიყარა წყალში. თუმცა ასევე იმედოვნებს, რომ - ფეისბუქის ადმინისტრაცია ისევ აღადგენს გვერდს.

  • გულბაათ რცხილაძისთვის ჩვეული ანტიდასავლური რიტორიკა ამ პოსტშიც ჩანს: „ეს არის ამერიკული და დასავლური „სიტყვის თავისუფლება“ - ვერაფერს ვიზამთ. ჯერ მთელი მსოფლიო ლიბერალური საინფორმაციო პოლიტიკით შეიტყუეს ამ „ფეისბუკებში“, შემდეგ კი, როცა ნახეს, რომ კონკურენცია არ ემუქრებათ, თავიანთი „დემოკრატია“ დაამკვიდრეს“;
  • გულბაათ რცხილაძე 2019 წელის 9 მაისს, რუსეთის პროექტის „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორი იყო.

„მითების დეტექტორის“ მიერ 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „News Front”-ის ფეისბუკგვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა და მას „კავშირები ღიად პრორუსულ აქტორებთან აქვს, ესენია, მაგალითად: „ევრაზიული კავშირი“, „საქართველო და მსოფლიო“, „პატრიოტი TV“, ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებული პლატფორმა - „პოლიტიკანო“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG