Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხონის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა


საარჩევნო უბანი ხონში
საარჩევნო უბანი ხონში

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობაზე, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე. ხონის მუნიციპალიტეტის 29 საარჩევნო უბანში პარტიის კვოტით წარდგენილი წევრები კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობას არ იღებენ. N55 საარჩევნო ოლქის, N27 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ინანეიშვილის ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დილიდან არ გამოცხადდა სამუშაოდ და კომისია ერთით ნაკლები წევრით მუშაობს, რაც კანონით დაუშვებელია.

ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ამომრჩევლის თითქმის 25 პროცენტმა და როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან აცხადებენ, ამომრჩევლის აქტივობის გაზრდას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. N26 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ზურაბ მაღლაკელიძის ინფორმაციით, რეგისტრირებული 1 312 ამომრჩევლიდან ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი სამასმა დააფიქსირა, გადასატანი ყუთის სიაში მყოფ, ხმის უფლების მქონე 37 ამომრჩეველთან კი გადასატანი ყუთი კომისიის კენჭისყრით გამოვლენილმა წევრებმა წაიღეს. ზურაბ მაღლაკელიძის განცხადებით, ამ დროისთვის უბანზე გაფრთხილება მიიღო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რადგან მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და ამომრჩეველს არ შეახსენა ბიულეტენის კონვერტში განთავსების აუცილებლობა, შედეგად საარჩევნო ყუთში ერთი ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოხვდა, რომელიც ხმის დათვლის პროცესში ბათილად იქნება ცნობილი.

ხონის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორების სიმრავლეზე საუბრობს არასამთავრობო და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენელთა ნაწილი. პოლიტიკური გაერთიანების - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - N27 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის, ნონა კაპანაძის განცხადებით, „ ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარედ დილიდან არიან მობილიზებულნი და სიებში ამოწმებენ და ინიშნავენ ამომრჩევლის უბანზე მისვლას. ნონა კაპანაძის განცხადებითვე, საარჩევნო უბანზე თავად მიჰყავთ ის ამომრჩევლები, რომლებიც ავადმყოფობის გამო გადასატანი ყუთის სიაში შეყვანას ითხოვდნენ, თუმცა სავარაუდო პოლიტიკური მოსაზრების გამო, სიაში ვერ მოხვდნენ.

ხონის მუნიციპალიტეტში 26 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება კენჭისყრის მიმდინარეობას. ერთ-ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, ხონისა და ვანის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქის 60 უბნიდან 25-ში დამკვირვებლები კენჭისყრის პროცედურებს დილის 7 საათიდან, ხმების საბოლოო დათვლამდე აკვირდებიან, დანარჩენ უბნებში კი მობილური ჯგუფები მუშაობენ. ორგანიზაციის მობილური ჯგუფის დამკვირვებლის, მარიკა ვაჭარაძის შეფასებით, ხონის მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და დარღვევები, რომლებიც საბოლოო შედეგზე იქონიებს ზეგავლენას, ამ დროისთვის დაფიქსირებული არ არის. მარიკა ვაჭარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ გასული არჩევნების მსგავსად სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან და წინასწარ შედგენილი სიებით, სავარაუდოდ, აღრიცხავენ ამომრჩევლებს.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარეობს ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე და ამომრჩეველი ექვსი კანდიდატიდან ირჩევს სასურველ კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG