Accessibility links

ხორავას ქუჩის საქმე და ბრალდებული არასრულწლოვანი


საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას. 30 მაისი

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ-ს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდი 19 ივლისს თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობის გამოძიების დროს მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ., რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ დ.ღ-ს დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. ამასთან, არასრულწლოვნის ადვოკატის, გოჩა კვარაცხელიას, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ იმ ნაწილში, რომ დამალა დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან საუბრის ფაქტი, თუმცა ეს მისივე თხოვნით გააკეთა. ადვოკატისავე განცხადებით, ამ საუბარში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუშლიდა გამოძიებას ან სასამართლოს.

რადიო თავისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს ინფორმაციის გადასამოწმებლად. საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში კი ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „მთელმა საქართველომ იცოდა“ მისი და მისი მოკლული შვილის მეგობრების შეხვედრის ამბავი. შესაბამისად, ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა, თუმცა დ.ღ-მ სასამართლოზე ეს ფაქტი უარყო.

მედიასთან საუბარში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ დ.ღ. მისი შვილის მეგობარი იყო და ინციდენტის მოწმე, თუმცა მან გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიებზე ილაპარაკა:

„კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ., რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო“.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე, მიიჩნევს, რომ ჩვენებები დ.ღ-მ მოსყიდვის, დაშინების ან „საკუთარი მენტალური შეხედულებების“ გამო შეცვალა. ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირები დაისჯებიან, ისევე როგორც დაისჯება საქმის ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შემშლელი ყველა პირი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ არის გამორიცხული საქმესთან მიმართებით სხვა პირებიც დააკავონ, თუკი ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება.

აქ უნდა იყოს შს-მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ვიდეოკომენტარი

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია კი, თავის მხრივ, მუშაობას განაგრძობს. 23 ივლისს კომისიის წევრები საქმის პროკურორებს დაკითხავენ. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, მომდევნო კვირიდან კომისია უკვე ჩვენებათა გაანალიზებას შეძლებს და რეკომენდაციებსაც გასცემს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები 22 ივლისს გლდანის საგამოძიებო იზოლატორში მყოფ მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიასთან შეხვედრას გეგმავენ. მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, შეფარდებული აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG