Accessibility links

კახეთში ალოობა ფერმერების უკმაყოფილების ფონზე იწყება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრები ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ 1 კილოგრამ ხორბალში წელს 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სპეციალურ წერილს ამზადებენ, რომლითაც აპირებენ მიმართონ მთავრობის მეთაურსა და შესაბამის უწყებებს, რათა სახელმწიფომ დარგის განადგურების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რა უნდა ღირდეს ერთი კილოგრამი ხორბალი, რომ ფერმერი მოგებული დარჩეს და დარგიც განავითაროს?

please wait

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
Direct link

წელს კახეთში მარცვლეული კულტურების ხვი მოსავალია. ახლა ქერს იღებენ, რამდენიმე კვირაში კი ხორბლის დაბინავება დაიწყება. ფერმერებმა უკვე იციან ფასი, თუ რა ეღირება ერთი კილოგრამი ხორბალი. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ ერთ კილოგრამ ხორბალში წელს 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის არასასურველი ფასია. ფერმერები, რომლებმაც ჩვენთან ილაპარაკეს, საკუთარი ვინაობის დაუსახელებლად თქვეს, რომ თუ ხორბლის ფასი არ გაიზარდა, გაწეულ ხარჯებს ვერ დაფარავენ. ერთ-ერთი ფერმერი სიღნაღიდან ფასის ხელოვნურ დაწევაზე მიუთითებს და მაგალითად ასახელებს იმას, რომ ხორბალს რეალურად წისქვილკომბინატები ყიდულობენ, თუმცა შუამავლების მეშვეობით, შუამავლები კი მათ დაბალ ფასს უხდიან, ხოლო მაღალ ფასად თავად აბარებენ კომბინატებს:

თუ ამერიკაში, ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში, სახელმწიფო წინასწარ ადგენს ფასებს, ჩვენთან რატომ არაა ასე, უკეთესი ეკონომიკის ქვეყანა ვართ?!

„ხალხი ისეა გამწარებული, რომ ლამის გაფიცვისა და აჯანყების დონეზე მივიდეს. სახლები ჩადებული აქვთ ბანკში. ახლა ჩვენ რომ მივიდეთ ნებისმიერ წისქვილკომბინატში, არც ერთ ფერმერს არ დაგველაპარაკებიან. მათ აწყობთ შუამავალი, მაკლერი ჩამოვიდეს კახეთში და აქა-იქ, ცოტ-ცოტა შეისყიდოს ყველასგან დაბალ ფასებში. მაფიაა, მოკლედ. ერთმანეთში არიან შეთანხმებულები, რომ ჩვენ დაბალი ფასი გადაგვიხადონ“.

კიდევ ერთი ფერმერი, რომელიც ვინაობის გაუმხელად გველაპარაკა, დედოფლისწყაროდან არის. ამბობს, რომ თუ სახელმწიფო ამ დარგს ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, მარცვლეულის მოყვანაზე, უბრალოდ, უარი თქვას. მისი განცხადებით, თუკი ფასის დარეგულირება თავისუფალი ბაზრის პრინციპით შეუძლებელია, მაშინ, ყურძნის მსგავსად, დარგის სუბსიდირება უნდა მოხდეს. ფერმერი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ მომატებულია საწვავისა და მექანიზაციის მომსახურების ფასი, რამაც მარცვლეულის თვითღირებულება გაზარდა:

„თუ ამერიკაში, ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში, სახელმწიფო წინასწარ ადგენს ფასებს, ჩვენთან რატომ არაა ასე, უკეთესი ეკონომიკის ქვეყანა ვართ?! მოსავალი კარგია და ფერმერს ის უხარია, რაც უფრო მეტი ფასი ექნება ხორბალს. ამით მეტ მოგებას ნახავს და, შესაბამისად, წარმოებას განავითარებს, გააფართოებს. სასურველი ფასია 50 თეთრი. თუ ადგილობრივ მეწარმეობას გადახდის მეტი საშუალება არ აქვს, მაშინ, როგორც ყურძნის შემთხვევაშია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ფასის აწევა 50 თეთრამდე. ეს იქნება ყველაზე მისაღები. აქ დიდ თანხებზე არ არის ლაპარაკი“.

ხორბალი უნდა იყოს აყვანილი სტრატეგიული პროდუქტის სიმაღლემდე, უნდა მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება მარცვლეულის წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით...

ხორბლის ფასით უკმაყოფილო ფერმერები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ოფისში შეიკრიბნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირინა ფხოველიშვილის თქმით, მთავრობის მეთაურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მზადდება მიმართვა, სადაც ფერმერებს კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ ჩამოყალიბებული:

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში წარვუდგინოთ მთავრობის ხელმძღვანელს შემდეგი მოთხოვნები: ხორბალი უნდა იყოს აყვანილი სტრატეგიული პროდუქტის სიმაღლემდე, უნდა მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება მარცვლეულის წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით და მთელი რიგი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს მეხორბლე ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“.

რა პოზიცია ექნება მთავრობის მეთაურს ფერმერების მოთხოვნებზე, ეს, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ოფიციალური წერილით მიმართავენ. მანამდე კი სიღნაღის მერს, გიორგი გოგილაშვილს, ვკითხეთ, რა იცის ადგილობრივთა გასაჭირის შესახებ და რას გააკეთებს მათ დასახმარებლად, მაგრამ მერმა, მოუცლელობის მიზეზით, დღეს ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.

კახელი ფერმერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ დარგის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და ხორბლის ფასი 50 თეთრამდე მაინც არ გაიზარდა, საპროტესტო აქციები გამართონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG