Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვინერვიულოთ იმდენად, რომ ეს ჩვენ გვიცავდეს და არა იმდენად, რომ ეს ჩვენთვის საფრთხედ შემობრუნდეს"


ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი
ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი

ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გავრცელების კვალობაზე იზრდება ინფორმაციის ნაკადი. რიგ შემთხვევაში იმის გარჩევაც კი რთული ხდება - რა უფრო დიდი გამოწვევაა, მოზღვავებული ინფორმაციის „გადამუშავება“ თუ თავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული სტრესი. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს რამდენიმე ხერხზე, რომლის დახმარებითაც ის თავად ახერხებს სტრესთან გამკლავებას. ჯანა ჯავახიშვილი ნებაყოფლობით თვითიზოლაციის რეჟიმშია. როგორც მოგვითხრობს, იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვაში, სამშობლოში სტამბოლის გავლით დაბრუნდა და თავად მიიღო თვითიზოლაციის გადაწყვეტილება. მაშინ ლიეტუვაში სულ ერთი შემთხვევა იყო, საქართველოში კი სამი, თუმცა, ჩათვალა, რომ ორკვირიანი თვითიზოლაცია იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება:

„ცოტა მზის შუქისა და სიარულის დეფიციტზე რომ არაფერი ვთქვა, ამის გარდა დისკომფორტი არ მაქვს. თან ვიცი, რომ სასრულია, 5 დღეში დამთავრდება. თუმცა, თუ გართულდა უფრო სიტუაცია და მოგვიწია სახლებში ჯდომა ისე, როგორც იტალიაშია, მაშინ წარმომიდგენია, რომ ეს განუსაზღვრელობა ბევრად უფრო სტრესი იქნება.

ახლა გარკვეული დეფიციტიც შეიქმნა. ვიცით, რომ ნიღბები არ იშოვნება, ერთჯერადი ხელთათმანები არ იშოვნება, სპირტი არ იშოვნება, სადეზინფექციო სითხე, რომელზეც ძალიან დაჟინებული რეკომენდაციაა, რომ გქონდეთ და გააკეთეთ დეზინფექციაო, ხელების განსაკუთრებით, ვერსად ვერ იშოვნით ამ საშუალებას, რომელიც ახლა აღმოჩნდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, სტრესფაქტორებია. სტრესფაქტორია ის, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ“.

ჯანა ჯავახიშვილი ინფორმაციას სტრესთან გამკლავებაში უმნიშვნელოვანესად თვლის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებულები ვიყოთ. ეს სტრესს ძალიან აქვეითებს და თან უნდა ვიცოდეთ რისკებიც და დადებითი ინფორმაციაც - ის, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევები სჭარბობს ლეტალურ შემთხვევებს და თან ორიენტირები მოგვცეს ინფორმაციამ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ თავი უკეთესად“.

მეორე მხრივ, ფსიქოლოგი აქაც ზომიერების მომხრეა და გვირჩევს, რომ ინფორმაციის განახლების გრაფიკი (თუკი ამის საშუალება აქვს ადამიანს), ყველამ ინდივიდუალურად დავიწესოთ:

„მე, მაგალითად, რაღაცნაირად ბუნებრივად გამომივიდა, რომ დღეში ორჯერ ვცდილობ განახლებული ინფორმაციის მიღებას. სხვათა შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც ასეთია - შეზღუდეთ, ნუ იქნებით ინფორმაციის პასიური მიმღებები, პირიქით - თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, როდის გინდათ, რომ განაახლოთ თქვენი ცოდნა სიტუაციაზე, რომელიც დინამიკაში იცვლება.

დღის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იზოლაციაში და კარანტინში, დრო დასტრუქტურებული გქონდეს, ანუ ჩვეულებრივად, რუტინულად რასაც აკეთებ ხოლმე დღის მანძილზე და რაც შესაძლებელია, რომ სახლის ფარგლებში გააკეთო, ის აკეთო. არ უნდა ამოვარდეს არაფერი.

...რუტინიდან არ უნდა ამოვარდეთ, რუტინა ძალიან ამშვიდებს. საერთოდ ითვლება, რომ რაღაცები, რასაც რეგულარულად აკეთებ, ეს დამშვიდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია“.

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ქცევის სწრაფად ცვლილება. ეს არის ის, რისი კონტროლიც ახლა ადამიანს შეუძლია - საკუთარი ქცევა:

„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ ქცევის სწრაფი ცვლილება უნდა მოხდეს - მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა. არ ვიბანდი ხელს ამდენჯერ. რასაკვირველია, ვიბანდი და ჰიგიენას ვიცავდი, მაგრამ იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიბან სახლში ყოფნის ფონზეც კი, ამდენჯერ არ ვიბანდი. როცა გარეთ გავალ, ვიცი, რომ ხელი არ უნდა ჩამოვართვა არავის. იმპულსი მექნება, რომ გადავეხვიო ახლობელ ადამიანს, როცა შევხვდები. კოცნა ამოვიღოთ „რეპერტუარიდან“. დისტანცია!“.

„დილის საუბრების“ სტუმრის შეფასებით, ახლა არის ვითარება, როცა ყველამ უნდა იმოქმედოს მოგება-მოგების პრინციპით:

„კონფლიქტოლოგიაში არის ცნება - მოგება-მოგების პრინციპი. მეც და შენც - ორივე დაცული თუ არ ვიქნებით და მარტო მე თუ ვიქნები, ეს არის მოგება-წაგების პრინციპი. მაშინ მე დაცული მაინც არ ვარ. ეპიდემია ასეთი რამეა. ამიტომ უნდა ჩავრთოთ მეტი რაციო, როცა ზეჭარბად რაღაცებს ვყიდულობთ“.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არსებობის ვითარებაში ბევრისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მარტო გაუმკლავდეს თავის ფსიქიკურ მდგომარეობას. ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ასეთ დროს არცთუ მცირე შემთხვევაში შესაძლებელია, გვერდზე მყოფი ადამიანის დახმარება საკმარისი აღმოჩნდეს პრობლემასთან გამკლავებისთვის:

„ერთმანეთთან კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთისთვის უკუკავშირის მიცემას. თუ მე დავინახე, რომ ჩემი მეგობარი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი ზედმეტად ნერვიულობს, მე მას ვეტყვი, მოდი, ცოტა დავიმშვიდოთ ნერვები. ეგ კი არა, რამდენიმე დღის წინ მქონდა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ინსაითი - „ვინერვიულოთ მშვიდად“, ანუ ვინერვიულოთ იმდენად, რომ ეს ჩვენ გვიცავდეს და არა იმდენად, რომ ეს ჩვენთვის საფრთხედ შემობრუნდეს.

...ძალიან ხშირად, როცა ლაპარაკობენ ხოლმე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ჰგონიათ, რომ მარტო სპეციალისტთან უნდა მიხვიდე და ეს გშველის. აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში იმ ადამიანების პატარა პროცენტი მიდის სპეციალისტამდე, ვისაც სჭირდება მართლა ფსიქოლოგიური დახმარება. ზოგიერთ ქვეყანაში ეს არის 20%, ზოგან - 30%, ზოგან - 40%. ამას ვეძახით ღიობს ფსიქიკური ჯანმრთელობის, ანუ რა არის, 70% არ არის მიხედილი? აღმოჩნდება ხოლმე, რომ იმ 70%-ის დიდი ნაწილი თავის ახლობლებთან გაზიარებით იღებს დახმარებას“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG