„თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“, - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი თქმითვე, აშშ გააძლიერებს:
- „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან;
- მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან;
- ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენს შეთანხმებებს;
- აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას“.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის“.
„ეს იყო საზიზღარი ომი, - ერთ-ერთი იმ რვა ომიდან, რომელიც მე დავასრულე, - და ახლა ჩვენ გვაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა“, - დაწერა მან.
ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. ვენსი 6 თებერვალს მილანში მიემგზავრება, 13 თებერვალს კი მიუნხენში იქნება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში ბოლოს 2008 წლის 3 სექტემბერს იმყოფებოდა - 8 რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ბაქოს შემდეგ თბილისს, შემდეგ კი კიევს ეწვია.
გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას.
- 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
- ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
- 13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
- 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.
ფორუმი