Accessibility links

ჯვრის სიტყვა


ვინც რომში პალატინუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სწვევია, ალბათ უნახავს ანტიკური ხანის ანტიქრისტიანული კარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ვირის თავიანი ჯვარცმული არსება და ადამიანი, რომელიც ამ ჯვარზე გაკრულს თაყვანს სცემს. ამ კარიკატურას თან ახლავს წარწერა: „ალექსამენოსი თაყვანს სცემს ღმერთს“. ეს კარიკატურა იმის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ როგორ აღიქვამდა ანტიკური ბერძნულ-რომაული კულტურა ჯვარცმასა თუ ქრისტიანებს.

დიახ, სოკრატეს ან სენეკასგან განსხვავებით, იესოს არ დაუმთავრებია თავისი დღეები ღირსეული სიკვდილით - იგი ჯვარცმულ იქნა! ჯვარცმა კი რომაულ სადამსჯელო რეპერტუარში გამოიყენებოდა ყველაზე მდაბიო და ყველაზე საშინელი დამნაშავეების წინააღმდეგ.

„ყველაზე სასტიკი და ყველაზე საზიზღარი დასჯის მეთოდი, განკუთვნილი მხოლოდ მონებისათვის“ - დაწერს ჯვარცმაზე ციცერონი. „თუ სიტყვა ‘საამო’ ყურს ეფერება, სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად ჟღერს“ - აღნიშნავს ციცერონის მეგობარი ვარონი. რატომ ჟღერდა სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად რომაული ყურისთვის? როგორც პლავტუსის ტექსტები გვამცნობენ, ამ სიტყვას თურმე მონები და კახპა ქალები იყენებდნენ გინების დროს...

ანალოგიური იყო ჯვარცმისადმი ებრაელების დამოკიდებულება: ებრაული ტრადიციის მიხედვით ხომ ღვთის მიერ იყო დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული?! - რჯლ. XXI.23. „დაგვიმტკიცე, რომ ის (მესია) უნდა ჯვარცმულ ყოფილიყო და მომკვდარიყო ასეთი სამარცხვინო და უკადრისი სიკვდილით, რომელიც დაწყევლილია რჯულის კანონის მიერ“ - შეედავება რაბინი ტრიფონი ქრისტიან აპოლოგეტ იუსტინეს. „ისინი ამბობენ, რომ ჩვენი სიგიჟე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯვარცმულ ადამიანს ვაყენებთ მეორე ადგილზე სამყაროს შემქმნელი, უცვლელი და მარადიული ღმერთის შემდეგ“ - აღიარებს სასოწარკვეთილი იუსტინე...

სიკვდილით დასჯილი ღმერთის შვილი? როგორც მდაბიო ბოროტმოქმედი, სირცხვილის ხეზე გაკრული მესია? შეიძლება უფრო სკანდალური პარადოქსის წარმოდგენა ანტიკური ბერძნულ-რომაული ყურის ან ებრაული თვალისთვის?!

„მან მონობის ხატი შეიმოსა“ (ფილ. II.7.), „თავი დაიწყევლა“ (გალ. III.13.), ზუსტად ამიტომ დაწერს ამ სიტყვებს იესოზე პავლე მოციქული.

მიუხედავად იმისა, რომ პავლეს თანამედროვეებისთვის ჯვარი მხოლოდ და მხოლოდ ეგზეკუციის საშინელი ინსტრუმენტია, მოციქული მაინც არ შეეცდება განაცალკევოს იესოს სისხლი იესოს „ჯვრის სიტყვისგან“ (1 კორ. I.18). პირიქით, პავლე მოციქული, „ჯვრის სიტყვას“ საკუთარი ქადაგების სულად და გულად, ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრად აქცევს.

(წარმოიდგინეთ ერთი წამით მქადაგებელი, რომელიც „გილიოტინას სიტყვაზე“ საუბრობს...).

ამიტომაც მეორე საუკუნის ყველაზე დიდი ინტელექტუალები - ტაციტუსი თუ სვეტონიუსი - ქრისტიანულ მოძღვრებას მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე საძაგელ ცრურწმენას. ტაციტუსისა და სვეტონიუსის მეგობარ პლინიუს უმცროსისათვის კი ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც ღმერთს სცემდნენ თაყვანს პიროვნებას, რომელიც რომაულმა ადმინისტრაციამ ჯვარზე აცვა როგორც სახელმწიფო დამნაშავე...

სწორედ ამიტომ დაწერს სასოწარკვეთილი პავლე მოციქული - „ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის სკანდალურს, ბერძენთათვის სიშლეგეს“ (1 კორ. I. 23.).

როდესაც პავლე საუბრობდა ჯვარცმული ქრისტეს ქადაგებით გამოწვეულ პარადოქსზე (1 კორ. I. 18-23.), იგი არც ქარაგმულ ენას იყენებდა და არც რიტორიკულ ხერხს მიმართავდა. პავლე მოციქული ამგვარად ხაზს უსვამდა იმ მწარე რეალობას, რომლის თვალის გასწორებაც მას უწევდა მისიონერული ქადაგების დროს.

დღეს, როცა ყოველ მეორე ქრისტიანს გულზე ჯვარი უკიდია, ძნელია იმის წარმოდგენა თუ რა მასშტაბის სკანდალურ პარადოქსს წარმოადგენდა პავლეს თანამედროვისთვის ჯვარცმული მესია (წარმოიდგინეთ ერთი წამით მორწმუნე გულზე ჩამოკიდებული მინიატურული გილიოტინით).

ამ სიტუაციაში იესოს მოციქულებს თეოლოგიური ლოგიკა, ერთადერთ გამოსავალს უტოვებდა: მიეჩქმალათ ჯვარცმის ფაქტი, რათა დროის განმავლობაში იგი დავიწყებას ყოფილიყო მიცემული. მაგრამ არა! პავლეს კვალდაკვალ ახალი აღთქმის სხვა ავტორები - ლუკ. XXIV. 25-27, 46., საქმე VIII.32-35 XVII. 2-3., ებრ. XII.2., პეტრ. I. 11 - მზად იყვნენ მედგრად დამდგარიყვნენ ამ არნახული თეოლოგიური გამოწვევის წინაშე.

დღეს, აღდგომის მოლოდინში, ფიქრი იმაზე, თუ რა აბსურდულად ჟღერდა „ჯვრის სიტყვა“ ანტიკურ სამყაროში და თუ როგორ მხნედ უსწორებდნენ თვალს იმ საშინელ რეალობას პირველი ქრისტიანები, შეიძლება მაგალითი გახდეს საპატრიარქოსათვის, რათა მანაც მოიკრიბოს სიმხნევე, თვალი გაუსწოროს დღევანდელ დღეს და ამ პანდემიის მძიმე ჟამს იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ ინფექციოლოგთა რჩევებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG