Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიდარ ალიევის ცენტრი თბილისური ეზოს ნაცვლად - „აუცილებელი“  სახელმწიფოსთვის, მიუღებელი მობინადრეებისთვის

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი თბილისის ერთ-ერთი ფერადი ეზო „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის" მშენებლობას ეწირება.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი თბილისის ერთ-ერთი ფერადი ეზო „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობას” ეწირება - იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მცხოვრებ ათეულობით ადამიანს ბინების ჩამორთმევა ემუქრება - ეთნიკურ ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ზოგი აქ უკვე 40-50 წელიწადია ცხოვრობს.

ისინი, ვისაც რადიო თავისუფლება ამ ეზოში შეხვდა, არ ეთანხმებიან სახელმწიფოს პოზიციას, , რომ ალიევის სახელობის ცენტრი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა”.

აზერბაიჯანის საელჩოსა და დასანგრევად მომზადებულ ეზოს ერთმანეთისგან ვიწრო ქუჩა ყოფს. ეზოს წინ, შემოღობილში, ძველი აბანოს ისტორიული ნაგებობებია. ეს ადგილი, 2023 წელს, „ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის" ახალი შენობის ასაშენებლად გამოიყო, 2025 წელს კი - “ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“ სამშენებლო მოედნის გაზრდისა და "ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის" მშენებლობის გადაწყვეტილებას იღებს. ამ ცენტრმა უნდა დაიტიოს სივრცე თეატრისთვისაც. სწორედ იმის გამო, რომ პროექტი გაფართოვდა, სახელმწიფოს იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-იც დასჭირდა.

  • ეკონომიკის მინისტრის 3 აპრილის ბრძანების თანახმად, 5 მესაკუთრის ქონებას ექსპროპრიაცია ელოდება. მათ სახელმწიფოს ნებაყოფლობით ქონება არ მიჰყიდეს. თუმცა ამ ეზოში ჩვენ კიდევ სხვა არაერთ ადამიანსაც შევხვდით, რომლებიც სახლების გაყიდვაზე უარს ამბობენ - მაგრამ ექსპროპრიაციის სიაში ჯერ არ არიან.
  • ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეზოს 24 მესაკუთრიდან უძრავი ქონება სახელმწიფოს მხოლოდ 13-მა მიჰყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მათ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 3000 დოლარის ექვივალენტი [საბაზრო ფასი] გადაუხადეს.


იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში მცხოვრებლები სასამართლო დავისთვის ემზადებიან, ადვოკატები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვა.

ეზო იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში
ეზო იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში

“ჩემი სახლი ჩემთვის შეუფასებელია. მილიონი, ორი მილიონი და მეტიც კი ღირს ჩემთვის, მაგრამ არსად ვაპირებ წასვლას. რატომ უნდა გავყიდო?! წარმოშობით საინგილოდან ვარ, სვანების რძალი. 40 წელია ამ ეზოში ვცხოვრობ, შვილი, შვილიშვილები გამიზრდია. ისტორიული ეზოა ეს - აქ ზვიადიც [გამსახურდია] ყოფილა, [მერაბ] კოსტავაც ყოფილა, პატრიარქიც ყოფილა… “, - დარიკო პაპიაშვილი პირველ სართულზე ცხოვრობს - პატარა ბინაში, სადღესასწაულოდ მორთული ფასადით; სახლის წინ გამოფენილ ქოთნებში რამდენიმე ყვავილს საინგილოდან ჩამოტანილ მიწაში ახარებს.

ამ ბინის გარდა, დარიკო პაპიაშვილს სახელმწიფო კიდევ სამი ფართის დათმობას სთხოვს - ჯამში მის სახელზე რეგისტრირებული ქონება 116.37 კვადრატული მეტრია. გვეუბნება, რომ ქონების შეფასებისას - დერეფანი, კიბის სივრცე და სხვენის ნაწილი არ ჩაუთვალეს.

სახელმწიფომ გამოსასყიდი თანხა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებზე დაყრდნობით დაითვალა. გამოსყიდვის პროცესს უძღვება შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ (დაფუძნებულია სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) - მასვე მიანიჭეს ექსპროპრიაციის უფლებაც.

დარიკო პაპიაშვილი - მის ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევა ემუქრება.
დარიკო პაპიაშვილი - მის ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევა ემუქრება.

დარიკო პაპიაშვილი გვეუბნება, რომ, 2012 წლიდან, “ქართული ოცნების” გარდა, არჩევნებში ხმა არავისთვის მიუცია და ასე იყო 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ჩათვლით.“მე ასე რატომ უნდა მომექცნენ?!” - გულდაწყვეტილი გვეკითხება.

ამავე ეზოში, ექსპროპრიაცია ემუქრება დარიკო პაპიაშვილის დის - მედიკო პაპიაშვილის 26.49 კვადრატულ მეტრს - რაც ასევე ნახსენებია ეკონომიკის მინისტრის 3 აპრილის ბრძანებაში. ამავე სიაში არიან: გოჰარ გასპარიანი - [2 ფართი] ჯამში 96.17 კვ.მ; მარინე კობიაშვილი - [2 ფართი] ჯამში 18.07 კვ.მ. და ტარიელ ჰუსეინოვი - [2 ფართი] ჯამში 50.7 კვ.მ.

ყველანი უსამართლობის მსხვერპლად მიჩნევენ თავს.

  • ამ ეზოს მცხოვრებლებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანება, ფოსტით, 8 აპრილს ჩააბარეს; მანამდე, 7 აპრილს, დოკუმენტი“საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.
  • ექსპროპრიაციის უფლება სამინისტრომ სახელმწიფოს კუთვნილ შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ მიანიჭა.


კანონში ექსპროპრიაცია განმარტებულია როგორც “საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით”. საჭიროება ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით დგინდება, უშუალოდ ექსპროპრიაციის გადაწყვეტილებას კი სასამართლო იღებს. მას სახელმწიფო კომპანიამ უნდა მიმართოს.

ტარიელ გუსეინოვმა, პირველ სართულზე, 24.20 კვ.მ-იანი ბინა გაარემონტა; 26.50 კვ.მ-იანი სხვენსართული კი შავ კარკასამდე მიიყვანა, კარ-ფაჯარაც ჩასვა, მაგრამ გარემონტება ჯერ ვერ მოასწრო. ნაყიდი აქვს მასალები შიდა კიბისთვისთვისაც, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ - მეორე სართულის ფართისთვის ფული საერთოდ არ გამოუყო. მას 233 ათასი ლარი შესთავაზეს - მაგრამ ბევრად მეტი გამოუვიდოდა, თუკი მთელ ფართს [50.7] სხვების მსგავსად - კვ.მ.-ზე 3000 დოლარად უანგარიშებდნენ.

გუსეინოვი გვეუბნება, რომ სახელმწიფოსთან კინკლაობა არ სურს, მაგრამ “ქალაქის ისტორიული ნაწილიდან სადღაც ნორმალურ ადგილას ნორმალური ბინის შეძენა” მაინც უნდა შეძლოს, რაც შეთავაზებული ფულით წარმოუდგენელია მისთვის.

ადვოკატმა ირაკლი წივწივაძემ თავისი კლიენტის იმ მეზობლების ნასყიდობის ხელშეკრულებები შეისწავლა, რომლებმაც ქონება სახელმწიფოს უკვე მიჰყიდეს.

“იყო შემთხვევები, როდესაც დამხმარე, არასაცხოვრებელ ფართში გადაუხადეს 3000-დან 3500 დოლარამდე [კვ.მ-ში] და ამ ადამიანს [ტარიელ გუსეინოვს] არ უთვლიან ფართს, რომელიც - გაბარიტებით, ჭერის სიმაღლით, განიავებით, მზის შუქით შესაძლებლობას იძლევა, რომ საცხოვრებლად გამოდგეს. მისთვის შეთავაზებული თანხა გამოდის დაახლოებით 3200 დოლარი 24 კვ.მ-ზე გათვლით. ხოლო 50 კვ.მ-ზე თუ გავთვლით - 1600 დოლარი გამოსდის", - ადვოკატმა ამ ყველაფერზე 2 აპრილსაც ილაპარაკა, ეკონომიკის სამინისტროში, ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომაზე, რომელშიც მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე მონაწილეობდა. სწორედ ამ დღეს გადაწყდა - რომ ქონების ჩამორთმევის პროცესი უნდა დაწყებულიყო - მათ შორის ტარიელ გუსეინოვის წინააღმდეგაც.

ამ ეზოში საცხოვრებელი ფართი და სახელოსნო აქვს მხატვარ მარიკა [მარიამ] იზორიას, რომელთანაც სახვითი ხელოვნებისა თუ კერამიკის შესასწავლად - მოსწავლეების უკვე მესამე თაობა დადის.

მარიკა იზორია - მხატვარი
მარიკა იზორია - მხატვარი

“ეს არის ჩემთვის სულიერი სამყარო - სადაც მე ბევრი რამ შევქმენი და ბევრი ადამიანი აღვზარდე. ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სახელოსნო კულტურის კერაა … აზერბაიჯანული ჩანაფიქრისა და ოცნების წყალობით, გამოდის, რომ - მე ყველაფერზე უარი უნდა ვთქვა?! რადგან გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს უნდა [ეს ტერიტორია] - ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც - უნდა საერთოდ დავასრულო და ჩავკლა…”, - მარიკა იზორია, ამ ეზოს ამხანაგობის თავმჯდომარე - “ქართული ოცნების” ხელისუფლების მუდამ ერთგული ამომრჩეველი იყო; ახლა კი ამბობს, რომ, „ძალიან ბევრი გულისტკენა“ იგრძნო და მხარდაჭერა ძველებური ვეღარ იქნება.

მხატვარს პირველი ფართი, როგორც თავად ამბობს, ამ ეზოში 1987 წელს, სამხატვრო აკადემიის რეკომენდაციით გამოუყვეს; შემდეგ კი - თანდათან დამატებითი ფართები შეიძინა. გვეუბნება, რომ ახლა უკვე 124 კვ.მ-მდე ფლობს; მაგრამ უდიდესი ნაწილი არ დაურეგისტრირეს. საჯარო რეესტრის თანახმად - რეგისტრაციაზე ბოლოს მან უარი 2025 წლის ნოემბერში მიიღო. ამ დროს, იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს უკვე დაწყებული ჰქონდა; თუმცა ეზოს რემონტისა და თვითმმართველობის არჩევნების წინ მიღებული დაპირებების გამო, მობინადრეებს რჩებოდათ იმედი, რომ გასახლებას გადაურჩებოდნენ.

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის მარტამდე ეზოდან 13 ოჯახი წავიდა. დარჩენილები იხსენებენ ხანდაზმულ მეზობელს, რომელიც პირველ სართულზე პატარა ბინაში ცხოვრობდა, მერე ის ბინა სახელმწიფომ შეისყიდა და ქალი რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, 2026 წლის იანვარში. “აღარ აცადეს, სიბერე თავის სახლში გაეტარებინა” - ყვებიან მეზობლები, თუმცა ამ ამბის გადამოწმების შესაძლებლობა რადიო თავისუფლებას არ ჰქონდა.


რემონტი დანგრევის წინ

ეზო, რომელსაც ახლა დანგრევას უპირებენ, 2025 წელს გარემონტდა. აქაურები გვეუბნებიან, რომ - “ყველაფერი ძირფესვიანად გააკეთეს” - კანალიზაციის მილებიც გამოცვალეს, ჭიშკარი გააკეთეს, როგორც ჩანს - ფასადიც შეღებეს.

ამხანაგობის თავმჯდომარე, მარიკა იზორია იხსენებს, რომ - რემონტი 2025 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყო და სექტემბერისთვის დასრულდა. ეს პერიოდი 2025 წლის ოქტომბერის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა.

“რემონტის დროს სახურავს რომ აკეთებდნენ, მაშინ შემოვიდნენ [შესყიდვისათვის] ”, “2025 წლის სექტემბერში პირველი ბინა შეისყიდეს”, “ამ წლის მარტიდან უკვე შემოსევაა ჩვენზე” - იხსენებენ აქაურები.

ეზო იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში
ეზო იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში

“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება”

„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის" მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება”, - წერია ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში. აქვე ჩამოთვლილია სახელმწიფოს არგუმენტები - თუ რატომ თვლის ამ ცენტრის მშენებლობას აუცილებლად:

  • „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა “რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება;
  • განსაკუთრებულ როლს ითამაშებს “როგორც თეატრის ასევე, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის მეტ განვითარებაში”.
  • “ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს”.
  • “ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები“ . “ეს ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და „რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას”.
  • “ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ”;
  • ეს “დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.


იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში მდებარე ეზოსა და აზერბაიჯანის საელჩოს ვიწრო ქუჩა ყოფს
იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-ში მდებარე ეზოსა და აზერბაიჯანის საელჩოს ვიწრო ქუჩა ყოფს


წინასწარი ინფორმაციით, “ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი” იქნება მასშტაბური ნაგებობა - 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ცენტრის მშენებლობას აზერბაიჯანული მხარე აფინანსებს და სამინისტროს თანახმად - “მრავალ მილიონიან ინვესტიციაში” ქართულ მხარეს მხოლოდ იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მდებარე უძრავი ქონების გამოსყიდვა ევალება [ჯამში 999 კვ.მ].

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად - 2024 წლის დეკემბრის მიწურულს. შპს აქტივების მართვისა და გაწვითარების კომპანიის საბანკო ანგარიშზე 11 მილიონი ლარი გადაირიცხა - „სხვა და სხვა სახის უძრავი ქოწების გამოსყიდვის მიზნით”.

სახელმწიფო აცხადებს, რომ იბრაჰიმ ისფაჰანლის #3-თან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეესაბამება კონსტიტუციას, კანონებს და რომ “საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება”, როცა საქმე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას შეეხება.

ადვოკატსა და პოლიტიკოს კახა კუკავას, რომელიც ეზოს მობინადრეებისთვის ერთობლივ სარჩელზე მუშაობს, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი” აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად სულაც არ მიაჩნია. გვეუბნება, რომ “ეს არის მისი [იგულისხმება ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი - ჰეიდარ ალიევის ვაჟი] კაპრიზი”, ხოლო “ასეთი კაპრიზებისთვის ოლიგარქები დიდ ფულს იხდიან”.

“ეს თან საშიში პრეცედენტია. თუ ჰეიდარ ალიევის ცენტრი შეიძლება რომ საზოგადოებრივ საჭიროებად ჩაითვალოს, მერე სხვებიც იტყვიან [მოითხოვენ] - ნებისმიერი კომერციული ობიექტი შეიძლება ჩაითვალოს ასეთ საჭიროებად - მით უფრო, თუ სამედიცინო ან სოციალური პროფილის ობიექტი იქნება… ჰეიდარ ალიევის ცენტრი დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება თბილისს - უფრო სწორად, საერთოდ არ სჭირდება”, - კახა კუკავა გვეუბნება, რომ სარჩელის შინაარსი ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა - "მინისტრის ბრძანება სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ამ სასამართლოშიც კი რთული იქნება მისი კანონიერების დასაბუთება” და “სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება საკუთარი პოზიციის დაცვა”.

ადვოკატ ირაკლი წივწივაძის თქმით კი, სახელმწიფოს, სულ ცოტა, იმის დასაბუთება მოუწევს - რატომ არ შეიძლებოდა კულტურის ცენტრის შენობისთვის მიწის სხვა ტერიტორიის გამოყოფა ისე, რომ "სახლში არ შევუვარდეთ ვიღაცეებს" და პროცესმა ჩაიაროს მშვიდად - "ადამიანების გამწარებისა და გაბოროტების გარეშე", სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების გადახდის გარეშე.

ეზოს, რომელსაც დანგრევას უპირებენ, ადმინისტრაციულად ძველ თბილისს, ორთაჭალის ზონას, კრწანისის გამგეობას ეკუთვნის. მდებარეობს ისტორიული ხარფუხის ქვედა უბანში, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ფარგლებშია მოქცეული.


რას ამბობს ისტორია ამ ტერიტორიის შესახებ

ამ ეტაპზე არსებული გეგმით, “ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი” 2023 და 2025 წლებში გამოყოფილ მიწის ოთხ ნაკვეთზე უნდა აშენდეს, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მდებარე ეზოს ჩათვლით. ეს პროექტი მოიცავს ისტორიული აბანოს ნაგებობებს, რაც უკვე წლებია - შემოღობილია. პროექტის ფარგლებში მას “ძველ აბანოდ” მოიხსენიებენ.

“შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც „ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ „ფოიესთან.“ ასევე დაუკავშირდება „ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება. ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები”, - ასეთია ოფიციალური ინფორმაცია დაგეგმილი ცენტრის შესახებ.

მაია იზორია - ხელოვნებათმცოდნე
მაია იზორია - ხელოვნებათმცოდნე

“ეს აბანო ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი იყო მუდამ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკიდან მოყოლებული, ძველი თბილისის თითქმის ყველა რუკაზე ეს აბანო “ცივი აბანოს” სახელით იყო მითითებული. ერთ-ერთ ბოლო რუკაზე მითითებული იყო როგორც “თამამშევის ცივი აბანო” [თამამშევები აბანოების ცნობილი მფლობელები იყვნენ]. გადმოცემით ცნობილია, რომ როსტომ მეფეს [XVII საუკუნე] უყვარდა ძალიან ამ აბანოში მისვლა” - ამბობს ხელოვნებათმცოდნე მაია იზორია [მარიკა იზორიას და], რომელმაც უბნის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა “გამგეობის თხოვნით” მოამზადა.

ისტორიული აბანო ზუსტად ისფაჰანლის ქუჩის #3-ის წინ, გორგასლის #25-ში მდებარეობს, აზერბაიჯანის საელჩოსთან. ეს ტერიტორია მანამდე შპს „კონფიდენს გრუპის“ საკუთრება იყო. მაია იზორიას კვლევის თანახმად, სახლი, რომლის მობინადრეებსაც ახლა ქონების ჩამორთმევა ემუქრება, “ფიქსირდება ძველი თბილისის ყველა რუკაზე [მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან]”.

“დავაკვირდი პროცესს, თუ როგორ ხდება ამ სახლის ჩამოყალიბება გეგმარების თვალსაზრისით: ჯერ იყო ჰორიზონტალური ფრთა, შემდეგ [1884 წ.] გახდა [რუსული] Г-ს ფორმის ფრთა, შემდეგ კი П-ს ფორმის [1887 წ.] ფრთა. ”, - მაია იზორიას ნაშრომის მიხედვით - 1884 წლის რუკაზე შენობა უკვე - “სწორკუთხაა”.


ვინ არის ჰეიდარ ალიევი?

ჰეიდარ ალიევის სახელი აზერბაიჯანში უკვდავია. ქვეყანას ის, პრეზიდენტის რანგში, 10 წლის განმავლობაში (19923–2003) მართავდა; ხოლო მანამდე - აზერბაიჯანის [1969-1982] კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნი იყო.

ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის დამაარსებლად მიიჩნევა. „1993-2003 წლებში ჩაეყარა საფუძველი დღევანდელ სახელმწიფოებრიობას და შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება“ - ამბობდა ილჰამ ალიევი 2024 წელს.

ჰეიდარ ალიევი [მარჯვნივ] და ილჰამ ალიევი [მარცხნივ] - 2003 წელს მამამ შვილს პრეზიდენტობა გადაულოცა
ჰეიდარ ალიევი [მარჯვნივ] და ილჰამ ალიევი [მარცხნივ] - 2003 წელს მამამ შვილს პრეზიდენტობა გადაულოცა

აზერბაიჯანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ილჰამ ალიევმა, 2003 წლიდან, ძალაუფლება სწორედ მამისგან - ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა.

ჰეიდარ ალიევს დიდებითა და მოწიწებით მოიხსენიებენ, როგორც თავად აზერბაიჯანში, სადაც ოფიციალური დაწესებულებების კედლებს მისი პორტრეტები ამშვენებს, არამედ ბაქოს მოკავშირე ყველა ქვეყანაში. მაღალი რანგის სტუმრები თავს ვალდებულად თვლიან, გვირგვინით შეამკონ მისი საფლავი.

ჰეიდარ ალიევის ძეგლი საქართველოში 2007 წლის მაისში, - “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაიდგა - აბანოთუბანში, მისივე სახელობის სკვერში. ასევე 2007 წლის თებერვლიდან, ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს მტკვრის მარჯვენა სანაპირო -,,ვეფხვი და მოყმის’’ ძეგლიდან ,,ლაგუნა ვერემდე”. ასევე ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი,“

ჰეიდარ ალიევი 2003 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ჯერ ისევ დაკეტილი აქვს [COVID-ის პანდემიის შემდეგ], დარიკო პაპიაშვილი საინგილოში ჩასვლას ვეღარ ახერხებს - თვითმფრინავი კი, როგორც ამბობს - პენსიონერისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

საქართველოსთან სახმელეთო გზის გახსნის საკითხზე ლიდერებს საჯაროდ არ უსაუბრიათ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტისას [6 აპრილი] თბილისში. ყურადღება არც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის მოგვარებაზე გაუმახვილებიათ - რაც “ქართულმა ოცნებამ” წამოსწია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - ლოზუნგით “გარეჯი საქართველოა!”, რასაც ადამიანების გასამართლებაც მოჰყვა.

დროში სწორედ ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს დაემთხვა იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის #3-ში მცხოვრებლებთა პრობლემის გამწვავებაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG