Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ საქართველოზე: საფრთხე ემუქრება მედიაპლურალიზმს


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. საქართველოში პრობლემებს შორის დასახელებულია საფრთხე, რომელიც, ამ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის შეფასებით, მედიაპლურალიზმს ემუქრება.

„მსოფლიო ანგარიში 2019“ ეთმობა მოვლენებს 2017 წლის ბოლო პერიოდიდან 2018 წლის ნოემბრამდე.

„მსოფლიოს ავტოკრატებს მზარდი წინააღმდეგობა ხვდებათ“ - ასე ასათაურებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კენეთ როტი მთავარ მოხსენებას, რომელიც წინ უძღვის საკუთრივ ანგარიშს. როტი წერს ადამიანის უფლებებისათვის „ბნელ პერიოდზე“, რომელშიც ვცხოვრობთ, და განაგრძობს: „თუმცა მაშინ როცა ავტოკრატები და უფლებების დამრღვევები შესაძლოა მთავარი ცნობების სათაურებს იპყრობდნენ, ძალას იკრებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამცველები. პოპულისტები, რომლებიც სიძულვილსა და შეუწყნარებლობას ავრცელებენ, აძლიერებენ წინააღმდეგობას, რომელიც ბრძოლის ზოგ ეტაპზე იმარჯვებს. გამარჯვება არასოდეს არის გარანტირებული, მაგრამ გასულ წელს ის საკმარისად ხშირად იქნა მოპოვებული იმის სათქმელად, რომ ავტოკრატიული მმართველობის ზღვარგადასულობა ძლიერ კონტრშეტევას ასაზრდოებს“.

კენეთ როტი ასახელებს ავტოკრატიული მმართველობის პასუხად ასეთი „კონტრშეტევების“ რამდენიმე მაგალითს, მათ შორის სომხეთს, „კორუფციაში ჩაფლული“ მთავრობით, - ქვეყანას, რომელშიც მასობრივმა დემონსტრაციებმა პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი აიძულა გადამდგარიყო.

კენეთ როტი
კენეთ როტი

როტს მოჰყავს დემოკრატიის კუთხით უფრო განვითარებული ქვეყნების მაგალითებიც: წერს, რომ ჩეხეთში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებების გასაპროტესტებლად, ხოლო შეერთებულ შტატებში ამომრჩეველმა წარმომადგენელთა პალატის შუალედური არჩევნების დროს გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ამ პოლიტიკას კენეთ როტი „განხეთქილების გამომწვევსა“ და ადამიანის უფლებებისადმი „ცუდად განწყობილს“ უწოდებს.

მაგრამ ავტოკრატები ხშირად ახერხებენ გაძლიერებას, მათთვის გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად. ქვეთავში „ავტოკრატიული მმართველების ბნელი მხარე“ დასახელებულია მაგალითად ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი, 2018 წლის ოქტომბერში არჩეული ჟაირ ბოლსონარო - ადამიანი, რომელიც ღიად აქეზებს სამხედროებსა და პოლიციელებს, „მომაკვდინებელი ძალა“ გამოიყენონ და ამას აკეთებს ქვეყანაში, სადაც ისედაც „ასტრონომიულია“ სამართალდამცველთა მსხვერპლის რიცხვი. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ აღმასრულებელი დირექტორი წერს ასევე, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთში განვლილი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა მრავალწლიანი რეპრესიები განსხვავებულად მოაზროვნეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში ყოველი ქვეყნისადმი მიძღვნილი ქვეთავი იწყება ძირითადი მიღწევებისა და პრობლემების მოკლე მიმოხილვით.

ასეა საქართველოს შემთხვევაშიც.

პირველ აბზაცში აღნიშნულია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინა პლანზე წამოიწია საქართველოს ძველმა და ახალმა პრობლემებმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ნათქვამია აგრეთვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საიმისოდ, რომ შეიქმნას უფლებადამცველების მხრიდან დარღვევების გამოსაძიებელი მექანიზმი, მაგრამ მისთვის არ მიუნიჭებიათ სრული დამოკიდებლობა. შეშფოთებას იწვევს ვითარება ზოგ სხვა სფეროშიც. მათ შორის არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული „გაუმართლებლად მკაცრი“ კანონები, უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და შრომითი უფლებები, ლგბტ თემის დისკრიმინაცია და საფრთხე, რომელიც მედიაპლურალიზმს ემუქრება.

ამის შემდეგ თითქმის ექვსი გვერდი ეთმობა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების დეტალურ განხილვას.

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მოყვანილია მთავარი ფაქტები და ადგილობრივი და უცხოელი მეთვალყურეების შეფასება, რომ კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა და ამომრჩევლებს რეალურად შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. არჩევნების მეორე ტურზე არაფერია ნათქვამი გარდა იმ ფაქტისა, რომ კენჭისყრა ნოემბრის ბოლოსთვის დაინიშნა. რახან „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ბოლო ანგარიშში მოხვედრილია პერიოდი 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის ნოემბრამდე, მასში არ ასახულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბრის, ტური.

პოლიციის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, უშიშროების სამსახურის მხრიდან ძალის გადამეტება

“ჰიუმან რაიტს უოჩი” მოუგვარებელ პრობლემად ასახელებს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების დაუსჯელობას. მას მოჰყავს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონაცემები, რომ 2018 წლის სექტემბრამდე ომბუდსმენს მიღებული ჰქონდა 149 საჩივარი ციხის თანამშრომლების ან პოლიციელების მხრიდან ცუდი მოპყრობის გამო. ომბუდსმენის ოფისმა რვა შემთხვევაში მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მისულა საქმე სისხლისსამართლებრივ დევნამდე. ანგარიშის ამ ქვეთავში დიდი ადგილი ეთმობა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებს. ბოლოს დადებითად არის შეფასებული ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახალ დეპარტამენტს ევალება ოჯახში ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ბავშვთა მიერ და ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთვალყურეობა.

ნარკოპოლიტიკა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში იკლო ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა სამართლებრივმა დევნამ, მაგრამ ხელისუფლება კვლავაც იყენებს მკაცრ კანონებს ადამიანების მიმართ, ვინც თვითონ მოიხმარს ან მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას. პოლიციამ ათასობით ადამიანი აიძულა შემოწმება გაევლო, ზოგ შემთხვევაში ისინი თვითნებურად, საათობით ჰყავდათ დაკავებული. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მან გააუქმა ყველა დარჩენილი დამსჯელი ზომა მარიხუანის მოხმარებისათვის. ამის შემდეგ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას შინ, მაგრამ სასჯელს საჯარო სივრცეში მისი მოხმარებისათვის.

შრომითი უფლებები

საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის მონაცემებით, რომლებიც „ჰიუმან რაიტს უოჩს“ მოჰყავს, 2018 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 29 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა სამუშაოსთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად. მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. კანონით, შრომის ინსპექციას სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლია სამუშაო ადგილის შემოწმება უბედური შემთხვევის შემდეგ, მაგრამ კანონი ზღუდავს შრომის ინსპექციის მანდატს შრომის უსაფრთხოების საკითხებში. უბედური შემთხვევის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში ინსპექტირებას სასამართლოს ნებართვა სჭირდბა.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

„ჰიუმან რაიტს უოჩს“ მოჰყავს საქართველოს სახალხო დამცველისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ ლგბტ პირები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში, ხოლო ოფიციალური პირების ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. მაგალითად მოჰყავთ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გამოხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე - ჩემი წინააღმდეგი იმიტომ არიან, რომ უარს ვამბობ ქალად დავარეგისტრირო ადამიანი, რომელსაც მამაკაცის ორგანოები აქვსო, განაცხადა მინისტრმა 2018 წლის ივნისში.

მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება

2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რის შედეგადაც საზოგადოებრივ მოუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამიდან შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალება. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აღნიშნავს, რომ ამ სიახლეს აკრიტიკებენენ კერძო ტელეარხები და არასამთავრობო ორგანიზაციები. განმარტებულია მიზეზებიც: ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შესვლა ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე საფრთხეს უქმნის მომცრო, რეგიონალური მაუწყებლების არსებობას და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს. ამავე არგუმენტებზე დაყრდნობით, პრეზიდენტმა იანვარში ვეტო გამოიყენა კანონპროექტის დასაბლოკად, მაგრამ პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო სამართლებრივ დავაზეც, ნახსენებია ოქტომბერში „იბერია TV”-ის მუშაობის შეწყვეტა და დავა მის გარშემო. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების როლს, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აღნიშნავს, რომ ოქტომბერში რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა მკაცრად გააკრიტიკა სამოქალაქო სექტორის წევრები მას შემდეგ, რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება მაღალი დონის კორუფციის დასაგმობად.

საერთაშორისო ძალები

ამ ქვეთავში საუბარია ანგარიშებსა და განცხადებებზე, რომლებიც საქართველოს შესახებ განვლილი წლის განმავლობაში გაავრცელეს სხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათ შორის არის პირველი ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ევროპარლამენტი აქებს ქვეყნის წინსვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწოდებს მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც ეხება შრომის სტანდარტებს, გარემოს დაცვასა და მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაციას.

კიდევ ერთი მაგალითია გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა და ამხელს საქართველოში ხანდაზმული ადამიანების დისკრიმინაციას, მათ მიმართ ძალადობის, დაბალი პენსიებისა და სიღარიბის ჩათვლით. ამ ქვეთავშია ნახსენები საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის პრობლემაც: „გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა და საქართველოს სხვა ორმხრივმა და მრავალმხრივმა პარტნიორებმა გააკეთეს განცხადებები საქართველო-რუსეთის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ზოგი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.“

ანგარიშს ასრულებს ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განვლილი წლის განმავლობაშიც განაგრძობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მის მსვლელობაში და მის შემდეგ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG