კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს და კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, 20 იანვრის გამთენიისას რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შემდეგ კიევში კვლავ გათბობის გარეშე დარჩა 5 635 საცხოვრებელი კორპუსი. ამ შენობების თითქმის 80%-ში გათბობის აღდგენა მიმდინარეობდა 9 იანვრის მასშტაბური რუსული თავდასხმის შემდეგ.
რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წყალმომარაგება შეწყდა კიევის მარცხენა სანაპიროზე.
გუშინ საღამოს მონაცემებით, 6 000 სახლიდან გათბობის გარეშე რჩებოდა მხოლოდ 16. დღევანდელი თავდასხმის შედეგად კვლავ წყალმომარაგების გარეშე დარჩა [კიევის] მარცხენა სანაპირო. კომუნალური და ენერგეტიკული კომპანიები კიევის მცხოვრებლების სახლებში გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
ადგილობრივი მედიის მიხედვით, უკრაინაში ძლიერი ყინვებია. კიევში მდგომარეობა სავალალოა: ადამიანები საკუთარ ბინებში იყინებიან, ელექტროენერგია ხშირად დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით თუ არის ხელმისაწვდომი, წყლის მილები კი ტემპერატურის რყევებს ვერ უძლებს და სკდება, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები იტბორება და იყინება. როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთი ცდილობს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფის მოწყობას და უკრაინელების მასობრივი განდევნის პროვოცირებას საკუთარი ქვეყნის დედაქალაქიდან.
9 იანვრის ღამეს რუსეთის ჯარებმა კიევზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც ქალაქში გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 10 იანვარს დილით ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების თითქმის ნახევარი - დაახლოებით 6 000 - გათბობის გარეშე დარჩა.
ზელენსკი: ვითარება კრიტიკულია კიევში
20 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დარტყმის შემდეგ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. სელექტორულ თათბირზე განიხილეს შექმნილი ვითარება როგორც კიევში, ასევე კიევის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ზაპოროჟიეს, პოლტავისა და სუმის ოლქებში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქშია შექმნილი.
„რუსეთის საჰაერო იერიშში მნიშვნელოვანი რაოდენობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები იყო გამოყენებული, ასევე 300-ზე მეტი მოიერიშე დრონი. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამიზნეები გაანადგურეს. ამ იერიშამდე ერთი დღით ადრე, როგორც იქნა, მივიღეთ საჭირო რაკეტები. ამან მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწვია იერიშის მოგერიებაში. დამხმარების ყველა პაკეტი მნიშვნელოვანია. რაკეტები „პეტრიოტებისთვის“ და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად აუცილებელია. ჩვენი მთელი დიპლომატიური სისტემის მუშაობის პირდაპირი ამოცანაა უზრუნველყოს, უკრაინა საკმარისი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. და ჩვენმა პარტნიორებმა ამ მხრივ არ უნდა დაუშვან შეცდომა: საჰაერო თავდაცვის საშუალებები - ადამიანების სიცოცხლის ნამდვილი დაცვაა“.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება სპეციალური ენერგეტიკული კონფერენციის ფორმატში განსაზღვრავს 20 იანვრის თავდასხმის სრულ შედეგებსა და რესურსებს, რომლებიც საჭიროა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების აღსადგენად.
„ამჟამად სიტუაცია ყველაზე კრიტიკულია კიევში, სადაც საცხოვრებელი შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი გათბობის გარეშეა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ გაჩუმდეს ამაზე. რუსეთი არ შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში მაშინ, როცა ის ჩადის მკვლელობებს და არაადამიანურად იქცევა. ახლა ყველა უკრაინელი თანამდებობის პირი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსტიტუტების, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისა და უკრაინის ენერგეტიკული კომპანიების მუშაობაზე - ყველა უნდა იყოს უკრაინაში; ყველამ უნდა იმუშაოს, დაეხმაროს ხალხს და ეცადოს სიტუაციის სტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს თემებთან ერთად. დიდება უკრაინას!“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ 20 იანვრის იერიშის დროს გამოყენებული რაკეტების ნაწილი, სულ მცირე, წელს არის წარმოებული.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების და კრიტიკული კომპონენტების მიწოდების ბლოკირების ეფექტიანობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, რუსეთი ასევე ცილობს ზიანის მიყენებას უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისათვის. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი განიხილავს ატომური ელექტროსადგურების ქვესადგურებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობას.
კომპანია „კიივვოდოკანალის“ განმარტებით, 20 იანვრის დილის მდგომარეობით, წყალი არ მიეწოდებოდა კიევის თითქმის მთელ მარცხენა სანაპიროს (დესნიანსკის, დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებს); დაბალი წნევით მიეწოდებოდა შევჩენკოს, სოლომენსკის და ჰოლოსიევსკის რაიონებსა და ტროეშჩინას საცხოვრებელ მასივს; წყალმომარაგება გარკვეულ უბნებზე შეზღუდული იყო პეჩერსკის რაიონში.
19 იანვარს საღამოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებოდნენ:
„ამ დღეებში ჩვენ უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ - რუსეთი დარტყმისთვის, მასობრივი დარტყმისთვის ემზადება და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელის. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის ყველა სირენას. ყველა რეგიონი მზად უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფი რეაგირებისა და ხალხის დახმარებისთვის“.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, მთავრობასთან ერთად, მუშაობს ენერგეტიკოსებისთვის ანაზღაურების გაზრდის მიმართულებით.
„ამ საგანგებო სიტუაციის დროს უნდა გაიზარდოს დამატებითი ყოველთვიური ანაზღაურება. საუბარია სარემონტო ჯგუფებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც იერიშების შემდეგ უშუალოდ ავარიის ადგილებზე მუშაობენ. სახელმწიფო მადლიერი უნდა იყოს თითოეული მათგანის, ვინც უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ აღადგინოს ის, რასაც რუსები ანადგურებენ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
„პუტინის გენოციდური ომი“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ დავოსის ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
„პუტინის დღეს, დილით განხორციელებული ბარბაროსული იერიში განგაშის სიგნალი უნდა იყოს დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისთვის: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა არ ითმენს; არ იქნება მშვიდობა ევროპაში უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის გარეშე; მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი“, - დაწერა ანდრეი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი ენერგეტიკული დახმარება, საჰაერო თავდაცვა და გამანადგურებლები. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს სანქციების ზეწოლა მოსკოვზე.
„რუსეთის წუხანდელი მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშე დარჩა მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა -15°C-ზე დაბალია. ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს გენოციდურ ომს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანდრეი სიბიჰამ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20 იანვარს გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 27 რაკეტა და 339 დრონი გაუშვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განმარტებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი და კიევის ოლქი იყო. უწყების მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 14 ბალისტიკური და 13 ფრთოსანი რაკეტა, ასევე 315 დრონი. დაფიქსირდა 11 ლოკაციაზე 5 რაკეტისა და 24 დრონის აფეთქება.
ჰოლოდომის შემდეგ ხოლოდომორი
ყინვიან ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვითა და განადგურებით, რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს. ამის შესახებ 17 იანვარს უკრაინული ტელეარხის, FREEDOM-ის ეთერში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის (მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
„რუსეთის მიზანია მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას, მოკლას, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი, მათ შორის, კლიმატური ფაქტორების (ძლიერი ყინვების) გამოყენებით, რისთვისაც მიზანმიმართულად ანადგურებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და თბოგენერაციას და სიკვდილისთვის სწირავს ათასობით ადამიანს. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით, აგრესორი ქვეყანა ახდენს წარუმატებლობის კომპენსირებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსეთის არმიას არ აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის.
„მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის და არც იქნება. ამიტომ, უკრაინულ საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთი იყენებს მასობრივი გენოციდის ტექნოლოგიას. ის ესხმის თავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, შესანიშნავად აცნობიერებს, რომ -10 და -20 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა თავისთავად უმძიმესი კლიმატური მოვლენაა. უკრაინის ისტორიაში იყო ჰოლოდომორი, დღეს კი რუსეთი ახორციელებს „ხოლოდომორს“ [Холод - სიცივე] - უკიდურესი სიცივის გამოყენებით დიდი რაოდენობით სამოქალაქო მოსახლეობის გაყინვასა და არსებობის უკიდურესად მძიმე პირობების შექმნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
უკრაინის წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სტრატეგიული ენერგეტიკული სისტემის ობიექტებს - ელექტროენერგიის გადამცემ ქვესადგურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურების მუშაობას. ასეთი ქმედებების მიზანია კიევის იძულება, მიიღოს ომის დასრულების კაპიტულაციის პირობები.
ატომური ენერგიის სააგენტოს რეაქცია
ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 იანვრის დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ელექტროქვესადგური, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოებისთვის.
„როგორც IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, დღეს, დილით (20 იანვარს - რედ.) მასშტაბური სამხედრო აქტივობის შედეგად დაზიანდა რამდენიმე უკრაინული ელექტრო ქვესადგური, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოებისთვის. გარედან ელექტრომომარაგების ყველა საშუალება შეუწყდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ასევე დაზიანდა სხვა ატომურ ელექტროსადგურებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზებიც“, - ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში.
რაფაელ გროსის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო „აქტიურად აკვირდება მოვლენებს, რათა შეაფასოს მათი გავლენა ბირთვულ უსაფრთხოებაზე“.
გერმანიის მთავრობა: უკრაინის ენერგეტიკა კოლაფსის ზღვარზეა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ენერგოობიექტებზე რუსეთის თავდასხმებისა და ძლიერი ყინვების შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის დამატებით 60 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოყო, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 იანვარს, კიევზე მასირებული საჰაერო იერიშამდე ერთი დღით ადრე.
უწყების განმარტებით, ფრონტისპირა რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ თანხებს ისეთი საქონლის შესაძენად, როგორიცაა თავშესაფრებისთვის საგანგებო გენერატორები, გათბობის სისტემები, თბილი ტანსაცმელი და საბნები.
გერმანული Deutsche Welle-ს ცნობით, უკრაინის ელექტროენერგიის ქსელზე რუსეთის ხანგრძლივმა და მასობრივმა იერიშებმა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან ერთად, უკრაინის რამდენიმე რეგიონში კრიტიკული სიტუაცია შექმნა. 19 იანვრის ღამეს, რუსეთის ჯარებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის ოლქზე, სადაც მწყობრიდან გამოიყვანეს ხუთი ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. კომპანია „ჩერნიგოვობლენერგოს“ ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათიათასობით მომხმარებელი. ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს მწყობრიდან გამოყვანილი მოწყობილობების აღდგენა, თუმცა სამუშაოს აფერხებს და დროში აჭიანურებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი: უკრაინის ენერგო ობიექტები რუსეთის საჰაერო იერიშების მუდმივ სამიზნეებს წარმოადგენს.
„19 იანვრის დილის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ სუმის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონების მომხმარებლები“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არტიომ ნეკრასოვმა, რომლის თქმითაც, სიტუაცია განსაკუთრებით რთული რჩება კიევსა და კიევის რეგიონში, სადაც დაბალი ტემპერატურა ელექტროქსელზე დამატებით დატვირთვას ქმნის. უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად სამოცი ჯგუფი მუშაობს, მათ შორის, 12 სხვა ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოყვანილი. ელექტროგამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ქსელში შეზღუდვებს ახანგრძლივებენ. ადრე გამოცხადებული საათობრივი გათიშვის გრაფიკი დროებით შეჩერებულია.
ელექტროენერგიის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება ოდესის ოლქში, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული წინა თავდასხმების შემდეგ საგანგებო აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კრიტიკული იქნება მომდევნო 30 დღე...
„მომდევნო რამდენიმე კვირა უკრაინის ენერგოსისტემისთვის იქნება რთული, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდების მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს“, - განაცხადა ენერგეტიკის, საბინაო და საზოგადოებრივი მომსახურების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრიი გერუსმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში.
„გვექნება თუ არა უფრო რთული პერიოდი, ვიდრე ახლა გვაქვს? მომდევნო 30 დღე ურთულესი იქნება. ხანდახან მესმის, რომ მომდევნო კვირიდან ყველაფერი გამოსწორდება იმ პირობით, თუ აღარ იქნება ახალი იერიშები. თუმცა, სავარაუდოდ, იერიშები და დაბომბვები კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ სიტუაცია 15-20 თებერვლისთვისაც რთული იქნება. ვითარება შედარებით შემსუბუქდება, როცა ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. მერე დღე გაიზრდება, მზე უფრო მაღლა აიწევს და მზის ენერგიის გენერაცია უკეთესად დაიწყებს მუშაობას - მზის სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს განაწილებული და ხელმისაწვდომია მრავალი რეგიონისთვის, ამიტომ დიდ დახმარებასაც გაგვიწევს. ჩვენ ამას ვიგრძნობთ -15-დან 20 თებერვლისთვის დღის განმავლობაში მეტი ელექტროენერგია გვექნება, თუმცა მანამდე, მომდევნო 30 დღე იქნება რთული. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და, შეძლებისდაგვარად, მოვემზადოთ ამისთვის“, - აღნიშნა ანდრიი გერუსმა.
მისი თქმით, უკრაინამ მხოლოდ ერთხელ განიცადა blackout - ელექტროენერგიის სრული გათიშვა - 2022 წლის ნოემბერში: „მთელ ქვეყანაში სრული ელექტროენერგიის გათიშვა არასდროს ყოფილა. ამიტომ დღევანდელი სიტუაცია დიდწილად ემოციებით არის განპირობებული, რადგან ვითარება ნამდვილად რთული და სავალალოა. და, რა თქმა უნდა, ცოტას აინტერესებს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო უარესად - უმეტესობას აინტერესებს, რატომ არ არის უკეთესად“.
ფორუმი