Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "ჰონგ-კონგის გრიპის" მუტაციური ვარიანტი დომინირებს - პიკი წინ არის


წელს გრიპის აცრას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რისკ-ჯგუფებისთვის - ამბობენ ექიმები. ილუსტრირებული ფოტო
წელს გრიპის აცრას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რისკ-ჯგუფებისთვის - ამბობენ ექიმები. ილუსტრირებული ფოტო

მოკლედ

  • საქართველოში გრიპის შემთხვევების 70% გრიპის ვირუსზე მოდის, სადაც H3N2-ის მუტაციური ქვეტიპი "K" დომინირებს.
  • სპეციალისტები ვაქცინაციას გართულებების თავიდან აცილების მთავარ გზად მიიჩნევენ, მიუხედავად ვირუსის მუტაციისა.
  • გრიპის სიმპტომები - ხველა, მაღალი ტემპერატურა და სისუსტე სწრაფად და ერთდროულად ვლინდება.
  • რისკ-ჯგუფებს სპეციალისტები ვაქცინაციასთან ერთად ექიმთან დროულ ვიზიტს ურჩევენ.

გრიპის სეზონზე "ჰონგ-კონგის გრიპის" ახალი მუტაციური ვარიანტი - H3N2 "ქვეტიპი K", სწრაფად ვრცელდება და რისკ-ჯგუფებშიც მძიმედ მიმდინარეობს. სპეციალისტები ვაქცინაციას ისევ გართულებებთან ბრძოლის ძირითად გზად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ვაქცინები სრულად ვერ მოიცავს "ქვეტიპ K"-ს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ვირუსებით ინფიცირების შემთხვევების უდიდესი ნაწილი [70%] გრიპის ვირუსზე მოდის; ხოლო გრიპის ვირუსებს შორის 49%-იანი მაჩვენებლით, ამ ეტაპზე „ჰონგ-კონგის გრიპი“ - H3N2 - დომინირებს.

უფრო კონკრეტულად, 2025/26 წლის სეზონზე, აშშ-სა თუ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, H3N2-ის მუტაციური “ქვეტიპი K” ცირკულირებს, რომელიც სწრაფი გავრცელებით და რისკ-ჯგუფებში „საკმაოდ მძიმე“ მიმდინარეობით გამოირჩევა.

ე.წ. ღორის გრიპის [A/H1N1] მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის არ ჩანს კორონავირუსი. ასევე, ცირკულირებს B ჯგუფის ვირუსები; სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები - რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი.

მართალია, H3N2-ის “ქვეტიპი K” გაჩნდა მას შემდეგ, რაც წლევანდელი ვაქცინების ფორმულა უკვე განსაზღვრული იყო და თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ სრულად ვერ მოიცავდა “ქვეტიპ K”–ს, მაგრამ სპეციალისტები მცდარს უწოდებენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ თითქოს წელს გაკეთებული გრიპის ვაქცინა ადამიანებს ვერ იცავს. ვაქცინაცია კვლავაც რჩება გრიპის გართულებებთან ბრძოლის უპირველეს გზად.

რა თვისებები აქვს „ჰონგ-კონგის გრიპის“ მუტაციურ ვარიანტს

„H3N2 ვირუსის ახალი ვარიანტი [K] გახდა უფრო მარტივად გავრცელებადი, უფრო იოლად გადამდები... ამით არის გამოწვეული გრიპის შემთხვევების ადრეული დასაწყისი და ადრეული მატება, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივანე ჩხაიძე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

ჩხაიძე განმარტავს, რომ ჰონგ-კონგის გრიპის ახალმა, მუტაციურმა ვარიანტმა გრიპის ვირუსის გავრცელების პროცესი, მსოფლიოს პრაქტიკით, დაახლოებით 4-6 კვირით ააჩქარა. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში გავრცელება სექტემბერში დაიწყო და ბოლო კვირებში ჩანს, რომ იკლებს.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2025/26 წლების სეზონზე რამდენიმე კვირით უფრო ადრე დადგება ინფიცირების პიკიც. საქართველოს შემთხვევაში - სპეციალისტები პიკს იანვარში ვარაუდობენ [შარშან პიკი იყო თებერვალში]. გრიპის პირველი შემთხვევა საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში გამოვლინდა - „გაცილებით ადრე, ვიდრე შარშან“ და ასევე, შარშანდელთან შედარებით რამდენიმე კვირით ადრე გამოვლინდა გავრცელების მაღალი მაჩვენებლები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან [NCDC] მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩხაიძე გვეუბნება, რომ დეკემბრის მეოთხე კვირას:

  • გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების [ამბულატორიულად აღრიცხული] ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 350-ს უტოლდებოდა [დეკემბრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 250 იყო];
  • ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 100 ათას ადამიანზე 18.1-ს შეადგენს [გართულებული შემთხვევები].


“შეიძლება ამ მაჩვენებლებმა კიდევ მოიმატოს… მაგრამ არცერთი ეს ციფრი არ სცდება მრავალწლიანი სტატისტიკის მონაცემებს”, - ივანე ჩხაიძე გვეუბნება, რომ საქართველოში ეპიდემიის მოლოდინი არ მართლდება და ამ ეტაპისთვის უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეპიდაფეთქება გამორიცხულია.

სიმპტომები:

თითქმის იგივე, რაც გრიპის სხვა ვირუსების დროს:

  1. მაღალი ტემპერატურა - 2-3 დღის განმავლობაში. ტემპერატურა ძნელად ემორჩილება დამწევ საშუალებებს;
  • ყელის, თავის, სახსრებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • ხველა, რომლის გართულებაც შესაძლოა იყოს პნევმონია [ფილტვების ანთება];
  • ბავშვებში ძილის დარღვევა, სისუსტე, მადის მკვეთრი დაქვეითება, დიარეა.

საერთაშორისო პრაქტიკით, სიმპტომების გამოვლენა იწყება ძალიან სწრაფად და ერთდროულად.

ექიმების თქმით, გრიპის ვირუსს ნაკლებად ახასიათებს ცემინება და გამონადენი ცხვირიდან.

კონკრეტულად “K ქვეტიპის” განმასხვავებელი თვისების შესახებ ივანე ჩხაიძე გვეუბნება, რომ “ის არა მიმდინარეობისას, არამედ უკვე გადატანის შემდეგ, ტოვებს ხანგრძლივ ხველას, დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში”.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძირითად შემთხვევებში, გრიპის ვირუსით ინფიცირების სიმპტომები თავისით გადის - 5-7 დღის განმავლობაში და ასეა, მათ შორის, “ჰონგ-კონგის” გრიპის მუტაციური ვარიანტის დროსაც. თუმცა ექიმები მეტი ყურადღების აუცილებლობას იმის გამო ხედავენ, რომ გართულებული შემთხვევები, არცთუ იშვიათად, ლეტალურადაც მთავრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, გრიპით ყოველწლიურად 290 000-დან 650 000-მდე ადამიანი იღუპება.

საგანგებო რჩევები რისკის-ჯგუფებისთვის

ვირუსების სეზონზე რისკის ჯგუფებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ექიმები პირველ რიგში სწორედ მათ ურჩევენ ხოლმე ვაქცინაციასაც - გართულებების თავიდან არიდების მიზნით.

“მათ შემთხვევაში გრიპის ვირუსით ინფიცირება გართულებების მაღალ რისკთან არის ასოცირებული” და “მიმდინარეობა საკმაოდ მძიმეა” - ამბობს რისკ-ჯგუფების შესახებ ივანე ჩხაიძე.

  • ძირითადი გართულება ფილტვების ანთებაა;
  • იაშვილის სახელობის კლინიკაში გრიპით ინფიცირებული პაციენტების [ბავშვების] 40%-ს ფილტვების ანთება აღენიშნება;
  • გართულებები შეიძლება იყოს ასევე გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებებით.


ექიმები საჭიროდ თვლიან, რომ ნებისმიერი გართულების შემთხვევაში მოხდეს პაციენტის სწრაფი ჰოსპიტალიზება.

“რისკ-ჯგუფების შემთხვევაში ლოდინი გაუმართლებელია. აი, სამი დღე დავაკვირდე - ტემპერატურა როგორი იქნება და მერე მივმართო ექიმს - ასეთი მიდგომა იქნება ნამდვილად არასწორი. რისკის ჯგუფებმა, სასურველია, რომ ექიმს პირველივე დღეს მიმართონ…

ანტივირუსული პრეპარატი უნდა დანიშნოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა, რადგან ამ პრეპარატებს თავისი გვერდითი მოვლენები გააჩნია, როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევი საშუალება”, - გვეუბნება ჩხაიძე.

ექიმის განმარტებით, დრო ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტიანია პირველი 48 საათის განმავლობაში.

რისკ-ჯგუფებში შედიან: ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მათ ექიმები სეზონური ვაქცინაციის გაკეთებას თავიდანვე მოუწოდებდნენ.

პრევენცია - ვაქცინაცია

ვანო ჩხაიძის თქმით, საერთო სტატისტიკაში, გართულებების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაციენტების 95% არ არის ვაქცინირებული; რაც მისთვის ვაქცინის მოქმედების ეფექტურობის კიდევ ერთი მტკიცე დასტურია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსთან ბრძოლის უპირველეს ეფექტიან გზად კვლავ ვაქცინაციას მიიჩნევს.

  • 4-კომპონენტიანი ფრანგული პრეპარატით - [Vaxigrip Tetra] უფასო ვაქცინაცია საქართველოში 10 ოქტომბერს დაიწყო.
  • NCDC-ის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის აცრა 150 000 ადამიანმა გაიკეთა
  • რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კლინიკაში გადაამოწმა და დაგვიდასტურეს, რომ უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე კვლავ შესაძლებელია.


აშშ-ში H3N2-ის მუტაციური ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, გარკვეულწილად, არავაქცინირებული ბავშვების კონტინგენტს უკავშირებენ. სპეციალისტები იქაც აფრთხილებენ ყველას, რომ გაიკეთონ აცრა, რადგან, ვირუსის მუტაციის მიუხედავად, 2025/26 წლების სეზონისთვის დამზადებული ვაქცინები კვლავ ეფექტიანია - გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკების მნიშვნელოვნად შესამცირებლად.

ინფექციონისტი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური დირექტორი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც “გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ჰქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს”. ექიმის აღნიშნავს, რომ “ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი”.

წლევანდელი ვაქცინები მხოლოდ H3N2-ზე არ არის გათვლილი. მათი სამიზნეა გრიპის სხვა ფორმები და მათ შორის - ე.წ. ღორის გრიპი [H1N1], რომლის მიმდინარეობაც ასევე ყურადღებას მოითხოვს.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, სივრცეების განიავება, პირბადის გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სახლში დარჩენა - სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG