Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავაკოვმა კვლავ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, რომელიც ბოლო ხანს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესებისა და პოლიციური ძალმომრეობის გამო, კვლავ შეძლო პოსტის შენარჩუნება და მას ამაში 5 ივნისს გამართული საპარლამენტო მოსმენაც დაეხმარა.

მაგრამ არც ავაკოვის ოპონენტები აპირებენ ფარ-ხმლის დაყრას. ოპოზიციური ფრაქცია „გოლოსის“ ინიციატივით უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა დადგენილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

დოკუმენტს ხელს 56 დეპუტატი აწერს, რაც მინისტრის გადაყენებისათვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დადგენილების პროექტზე ყველაზე მეტი - 36 - ხელმოწერა სწორედ მმართველ პარტიას ეკუთვნის.

საპარლამენტო საათი „სროლისა“ და „აფეთქებების“ ფონზე

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და უკრაინის მთავრობის წევრები „ვერხოვნა რადის“ სამთავრობო საათზე იმყოფებოდნენ, კიევში, პარლამენტის შენობის წინ, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი.

დემონსტრანტებმა დაანთეს კვამლის ბომბები და პეტარდები. ერთმა კაცმა, როგორც იუწყებიან, პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც სცადა.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და აპროტესტებდნენ პოლიციურ ძალმომრეობას, რასაც ბოლო ხანს უკრაინის რამდენიმე ადგილას ჰქონდა ადგილი.

მაისის ბოლოს პოლიციელმა აწამა და გააუპატიურა ქალი ქალაქ კაჰარლიკის პოლიციის განყოფილებაში. მინისტრ ავაკოვის ბრძანებით, დამნაშავე პოლიციელი დააკავეს, ხოლო პოლიციის ქვეგანყოფილება მთლიანად დაშალეს.

მაგრამ ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, კიევის მახლობლად და კიევში დამნაშავეთა ჯგუფებმა სროლა აუტეხეს ერთმანეთს, რამაც, კრიმინალური სამაყაროს გააქტიურების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, მოსახლეობაში დაუცველობის განცდა გაამძაფრა.

უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატთა ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არსენ ავაკოვის გადაყენების მოთხოვნით. ოპოზიციური „გოლოსის“ ინიციატივით ჩამოყალიბებულ პეტიციაზე ძალიან მალე დააფიქსირა საკუთარი ხელმოწერა რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა, მათ შორის, მმართველი „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან.

„მე ახლა საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ პრაქტიკულად მთელი ფრაქცია, „ხალხის მსახურის“ ყველა დეპუტატი უკმაყოფილოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი ხედავს, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლებისა და ჩვენი შვილების მიმართ, რომლებსაც ეშინიათ ქუჩაში გამოსვლა. მე ვფიქრობ, რომ ეს უმსგავსობა უნდა დასრულდეს. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება - გადავაყენოთ ავაკოვი“, - განაცხადა 4 ივნისს დეპუტატმა ევგენი შევჩენკომ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ აჟიოტაჟის განმავლობაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მანამდე ავაკოვს უწოდა „მართლაც ძლიერი მინისტრი“.

ნიშანდობლივია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისის ბრძანებით არსენ ავაკოვი შეიყვანა ანტიკორუფციული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, როგორც მისი მუდმივი წევრი.

ხატია დეკანოიძე: ამ ყველაფრის უკან არ დგას სააკაშვილი

ნიშნავს თუ არა ეს, რომ არსენ ავაკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს და მისი გადაყენების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერები „ვერხოვნა რადაში“ თაროზე აღმოჩნდება შემოდებული?

  • როგორ ახერხებს ავაკოვი მინისტრის პოსტის შენარჩუნებას ექვსი წლის განმავლობაში, ორი სრულიად განსხვავებული პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის - ხელმძღვანელობის ქვეშ?
  • დგას თუ არა არსენ ავაკოვის წინააღმდეგ აგორებული ქუჩის დემონსტრაციებისა და საჯარო კრიტიკის უკან არსენ ავაკოვთან დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაისის დასაწყისში რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა?
  • და უმიზნებს თუ არა მაღალ თანამდებობას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხატია დეკანოიძე, 2015-2016 წლებში უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი, რომელიც ამ დღეებში კიევში იმყოფება და მწვავედ აკრიტიკებს არსენ ავაკოვს, მის მიერ დაწყებული პოლიციის რეფორმის ჩაშლისა და კორუმპირებული პოლიციელების სამსახურში დაბრუნების გამო?

ჩვენს შეკითხვებს კიევიდან უპასუხებს ხატია დეკანოიძე

ინტერვიუ ხატია დეკანოიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:51 0:00
გადმოწერა

ხატია დეკანოიძის, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი უფროსის, მწვავე კრიტიკაზე არსენ ავაკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მისმა მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ, უპასუხა და ხატია დეკანოიძეს იქით დასდო ბრალი უკრაინაში პოლიციის რეფორმის წარუმატებლობაში.

„ვთვლი, რომ ხატია დეკანოიძის მიერ ორგანიზებულმა ატესტაციამ გამოიწვია პოლიციის დაშლა და მას არ მოუტანია არავითარი შედეგი. მაგალითად, ორიდან ერთ-ერთმა მოძალადემ (პოლიციელები, რომლებსაც ქალების გაუპატიურებასა და წამებაში ედებათ ბრალი) წარმატებით გაიარა დეკანოიძის მიერ ორგანიზებული ატესტაცია. საკმარისია?“ - ასე უპასუხა ანტონ გერაშჩენკომ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის შეკითხვას.

ხატია დეკანოიძემ მის დადანაშაულებას უწოდა „მდაბალი საქციელი“ და „შეცდომა“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.

„ჩემთან ომს დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ნამდვილად ვერ მოიგებს, იმიტომ რომ ყველამ ნახა ჩვენი გაკეთებული საქმეები და ყველა ხედავს, რა მოხდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე. მე წარმოუდგენლად ბევრი გზავნილი მივიღე დღეს უკრაინელებისგან. ასეთი სითბო და მხარდაჭერა, დიდი ხანია, არ მიგრძვნია. პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, რომ დატოვოს რაიმე ისეთი, რითაც ხალხს ემახსოვრება, და ჩვენ უკრაინელებს სწორედ ჩვენი საქმეებით ვახსოვართ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

საზოგადოების „ხორცი ხორცთაგანი“

ასეა თუ ისე, არსენ ავაკოვი კვლავ თავის პოსტზე რჩება და არ იზიარებს კრიტიკოსების აზრს, თითქოს კრიმინალი მატულობდეს, ხოლო პოლიცია თავს ვერ ართმევდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.

5 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე თავის საანგარიშო მოხსენებაში არსენ ავაკოვი ნახევარი საათის განმავლობაში ლაპარაკობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებებზე, ათასობით მძიმე დანაშაულის გახსნასა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებაზე როგორც კრიმინალთან ბრძოლის, ისე დონბასში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.

„პოლიციაში ათეულათასობით კაცი მუშაობს, რომლებიც იცავენ კანონს, ხსნიან დანაშაულებს და ასრულებენ საბრძოლო დავალებას გაერთიანებული ძალების ოპერაციის (ООС) ზონაში და 130 ათას თანამშრომელზე არ შეიძლება ვიმსჯელოთ ნაცპოლიციის რამდენიმე ნაძირალას მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნაციონალური პოლიცია უკრაინის საზოგადოების ხერხემალი და ხორცი ხორცთაგანია“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

გამოსვლის დროს ცალკეულმა დეპუტატებმა ავაკოვს რამდენჯერმე ტაშიც დაუკრეს, მათ შორის იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა ოპოზიციური ფრაქცია „გოლოსის“ დეპუტატს, ინა სოვსუნს, რომელიც მისგან მოითხოვდა საჯაროდ მოეხადა ბოდიში პოლიციელების მიერ 2019 წლის სამ ივნისს ტყვიით მოკლული 5 წლის კირილ ტიავოვის მშობლებისთვის.

„მე არ ვიტყვი იმას, რაც თქვენ გსურთ, არამედ იმას გავაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. თქვენგან არ მესწავლება, თუ როგორ უნდა სამშობლოს სიყვარული. მე პატრიოტი ვარ სულით ხორცამდე და ვიმუშავებ სახელმწიფოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

ამის შემდეგ „ვერხოვნა რადის“ სხდომა დაიხურა. მოგვიანებით დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს მიუბრუნდნენ, არსენ ავაკოვი კი თავის სამუშაო კაბინეტში დაბრუნდა.

მოგვიანებით მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშს ფრაქციის სხდომაზე განიხილავენ, მოუსმენენ თავად არსენ ავაკოვსაც და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ „ერთიან გადაწყვეტილებას“.

„ვფიქრობ, რომ აუცილებელი და საჭიროც კია ავაკოვთან შეხვედრა, რადგან არსებობს ოპერატიული ინფორმაცია და მას ყველაფრის თქმა არ შეუძლია კამერების წინ. ყოველთვის, როდესაც ასეთი რეზონანსული ამბები ხდება, შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით off the record-ის რეჟიმში, სადაც გვიჩვენებენ იმ ფაქტებს, რომელთა ჩვენებაც ტელევიზიით არ შეიძლება“, - განაცხადა დავით არახამიამ.

არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა მმართველი ფრაქციის ამ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც არაფერი უთქვამს არსენ ავაკოვის მისამართით საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოთქმული ბრალდებების შესახებ.

და მაშინ, როცა „ვერხოვნა რადის“ წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას ითხოვდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ივნისს სულ სხვა საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალერი ევდოკიმოვი და მის ნაცვლად დანიშნა ვალერი კონდრატიუკი, რომელიც 2016-2019 წლებში ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG