Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა: რას უნდა ველოდეთ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 თებერვალს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ (State of the Union) ყოველწლიური გამოსვლით მიმართავს კონგრესის ორივე პალატას. ეს სიტყვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის არაოფიციალურ დასაწყისად მოიაზრება.

აი, რა უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით:

რატომ არის ეს მიმართვა მნიშვნელოვანი?

ამ სიტყვას, სავარაუდოდ, უამრავი ადამიანი ნახავს პირდაპირ ეთერში. შარშან, „ნილსენის“ შეფასებით, 38,2 მილიონმა მოისმინა პრეზიდენტის გამოსვლა.

აუდიტორიის ზომა ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებრივი აზრი მიმართოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა სესხის ზედა ზღვარი, სოციალური სახელმწიფო პროგრამები და რუსეთის ომი უკრაინაში.

ეს გამოსვლა ასევე კარგი საშუალებაა, რომ პრეზიდენტმა განიმტკიცოს დემოკრატების მხარდაჭერა საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინ - ბევრი მისი მხარდამჭერი ღელავს პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით - მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის ქვეყნის მართვის სადავეებს 82 წლის ასაკში ჩაიბარებს.

რას იტყვის ბაიდენი?

ელიან, რომ მისი სიტყვა იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის სეზონის არაოფიციალური დასაწყისი და ის დაასახელებს პოლიტიკის პრიორიტეტებს, რომლებსაც შემდეგ კონგრესი მხარს დაუჭერს ან არ დაუჭერს.

ის, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ პროგრესზე, ხაზს გაუსვამს ღირებულებით განსხვავებებს რესპუბლიკელ ოპონენტებთან და, ამავე დროს, ილაპარაკებს საკითხებზე, რომელთა გარშემო გაერთიანება ორივე პარტიისათვის იქნება შესაძლებელი.

ეს სიტყვა რამდენიმე კვირის განმავლობაში იწერება და მის შექმნაში მონაწილეობას პრეზიდენტთან ერთად იღებენ სპიჩრაიტერები და მისი ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენელი.

ვინ ესწრება მიმართვას?

პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას ესწრებიან კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები.

სტუმრების დაპატიჟება შეუძლიათ კონგრესის წევრებსაც.

წელს დამსწრეებს შორის იქნება უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოკსანა მაკაროვა, რომელიც კონგრესში პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა მიიწვია. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი წლის თავზე.

როგორ უპასუხებენ რესპუბლიკელები?

რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტის ოპონენტად შეარჩია არკანზასის გუბერნატორი სარა ჰაკაბი სანდერსი, რომელიც მანამდე დონალდ ტრამპის პრესმდივანი იყო. სარა სანდერსი სიტყვას პრეზიდენტის მიმართვის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ წარმოთქვამს.

XS
SM
MD
LG