Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტროტუარის საქმეები” დამთავრდა? - ვყვებით ამ პროცესების დინამიკასა და ლოგიკაზე

ფოტოილუსტრაცია რეალური ფოტოების კოლაჟს წარმოადგენს
ფოტოილუსტრაცია რეალური ფოტოების კოლაჟს წარმოადგენს

მოკლედ

  • ბოლო ოთხ თვეში, იანვრის ბოლოდან მაისის ჩათვლით, ორმოცზე მეტმა ადამიანმა ტროტუარზე დგომისთვის ჯამში 129 დღე გაატარა იზოლატორის საკნებში.
  • აქტივისტების დასჯის საბაბს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის ის ნაწილი იძლევა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიიღო და ყოველდღიური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების 380-ე დღეს აამოქმედა.
  • შსს და სასამართლო ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პარლამენტის წინ თავშეყრა ფეხით მოსიარულეებს აფერხებს. საქმეების განხილვისას მტკიცებულებებად წარდგენილ ვიდეოჩანაწერები ამას მკაფიოდ ვერ ადასტურებს.

20 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა განრიგში “ტროტუარის საქმეებზე” 5 სხდომა იყო ჩანიშნული - სანამ და თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ საქმეებს არ შეიტანს დემონსტრანტების წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ “ტროტუარის პროცესების” პირველი ტალღა ამ დღეს დასრულდა.

აქ გიყვებით რა ვიხილეთ, რა მოვისმინეთ და რისი მომსწრე გავხდით “პირველი ტალღის” ბოლო საქმეების განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

5 გადაწყვეტილება 36 წუთში

9:10-ზე სახლიდან გავდივარ, საცობში ვიჭედები და 10 საათზე დაგეგმილ პროცესზე აშკარად ვაგვიანებ.

დარბაზში შესვლამდე, სასამართლოს ეზოსთან მხვდება თათია მექვაბიშვილი, მისი საქმე დღეს განსახილველ იმ 5 საქმეს შორისაა, სადაც - სახელმწიფო სამართალდამრღვევად მიიჩნევს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტროტუარზე დგომის გამო. ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა აქციის დროს პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანად დგომა სამართალდარღვევა. აქამდე სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას თითქმის ყოველთვის დაეთანხმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. თათია სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. ის სასამართლოს შესასვლელთან დაელოდება განაჩენს. ეს არის ადგილი, საიდანაც ბოლო თვეებში ჟურნალისტები მაუწყებლობენ - სასამართლოს ეზოსა და შენობაში გადაღების აკრძალვის შემდეგ.

“ტროტუარების საქმეებზე” 20 მაისს გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ უნდა მიიღოს, - 38 წლის მოსამართლემ, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გადმოიყვანეს ოზურგეთიდან თბილისში და მას შემდეგ არაერთი დემონსტრანტის საქმე განიხილა, - მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის 18 აქტივისტს მიუსაჯა პატიმრობა.

10:05 - მიმართლებს. მოსამართლე მანდატურს ეუბნება, რომ დაგვიანების მიუხედავად, შეუძლია დარბაზში შემიშვას, რადგან ერთი საქმე უკვე განიხილა და სანამ მეორე სხდომას დაიწყებდა, ზუსტად იმ დროს შევაღე თბილისის საქალაქო სასამართლოს მეცხრე დარბაზის კარი, სადაც იმ მანდატურის, რომელმაც შემიშვა, იმ მოსამართლის, რომელმაც დამიშვა, მისი თანაშემწის და ორი ადვოკატის გარდა, სამი დამსწრე დამხვდა.

ჩემი შესვლისთანავე ახალგაზრდა კაცი, სწრაფად ტოვებს დარბაზს - ეს, მისი საქმის განხილვა, დასრულდა. სხდომაზე ადვოკატის გარეშე იყო მისული. ვიგებ, რომ ჯარიმასაც გადარჩა და პატიმრობასაც. მოსამართლე კაპანაძემ მართალია, სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

შემდეგ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ასევე 3 წუთი ჰყოფნის - თათია მელიქიშვილის წინააღმდეგაც მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. სხდომას არც თათია დაესწრო და არც მისი ადვოკატი.

პროცესს არც მარიამ ძიძარია ესწრება - გამოცემა ნეტგაზეთის ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც შსს 31 იანვრის “შაბათის მარშზე” მუშაობის დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. მოსამართლე, ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული სხვა საქმეების მსგავსად ამ საქმესაც წყვეტს.

10:23 წუთზე მოსამართლე ადვოკატის სკამზე მჯდომ ვიქტორ კვიტატიანს ეკითხება, ვის წარმოადგენს და როცა იგებს, რომ ვიქტორი ანა შ.-ს ინტერესებს იცავს, მეოთხე სხდომაც გახსნილად ცხადდება. ადვოკატი ითხოვს, გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ გაითვალისწინოს მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს შფოთვები აქვს და მედიკამენტურ მკურნალობას გადის.

“აქ წერია, რომ ხალხმრავლობის შიში აქვს და ხალხმრავლობის შიში ხომ იმას უკავშირდება… ასეთ დროს წესით ხალხმრავალ ადგილებს ერიდება ადამიანი”, - ამბობს მოსამართლე. კიდევ ორი წუთიც და ის ორდღიან პატიმრობას უფარდებს ქალს. ანა შ. დარბაზში არ არის. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზს მისი ადვოკატიც ტოვებს.

მეხუთე სხდომაზე თათია მექვაბიშვილის საქმე განიხილება. ადვოკატის სკამს ამჯერად მიხეილ ზაქარეიშვილი იკავებს, რომელიც მანამდე დამსწრეების ადგილას იჯდა. დარბაზშია თათიას ქალიშვილი.

მოსამართლე ამბობს, რომ თათია მექვაბიშვილს უკვე აქვს აქციებში მონაწილეობისას დაგროვილი 4 ჯარიმა. ადვოკატი ახსენებს, რომ საქმე, რომელსაც განიხილავს, იმდენად პარადოქსულია, რომ ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დასჯას მოქმედი სახალხო დამცველიც კი დაუშვებლად მიიჩნევს.

ლევან იოსელიანმა მართლაც გააკრიტიკა 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები და სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა 2026 წლის 26 აპრილს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, სადაც წერს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ტროტუარის დაკავება მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია და სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება.

თორნიკე კაპანაძე ამბობს, რომ არაფერია პარადოქსული იმაში, როცა სახალხო დამცველი დაკავებულთა უფლებებს იცავს. მერე ამატებს, რომ წინა ღამეს, გვიანობამდე სწავლობდა ვიდეომტკიცებულებებს, სადაც ჩანს, რომ თათია მექვაბიშვილი იმ საღამოს, როცა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება შსს, ხან პარლამენტის წინ, მოედნის ზედა ნაწილზე, კიბეზე დგას, რაც ფეხით მოსიარულეებს არ უნდა აბრკოლებდე, მაგრამ ზოგიერთ კადრში ქვემოთაცაა ჩამოსული, ტროტუარზე, სადაც აქციის მონაწილეების გარდა სხვა მოქალაქეებიც გადაადგილდებიან.

მიხეილ ზაქარეიშვილი მოსამართლეს ეკითხება, იცის თუ არა, რომ სამიოდე დღის წინ, 17 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე თბილისის არაერთი ცენტრალური ქუჩა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი და ერთი სამართალწარმოებაც კი არ დაწყებულა

“მაინცდამაინც კაბით და წვერით უნდა ვიაროთ აქციებზე, რომ არ დავისაჯოთ? მე კი მაქვს წვერი და ქალბატონ თათიასაც ეცვა კაბა, მაგრამ როგორც ჩანს, პირიქით უნდა ვქნათ, სამართალდამრღვევებად რომ არ მიგვიჩნიოთ”.

მოსამართლე თათია მექვაბიშვილს სამართალდამრღვევად ცნობს და მას ორდღიან პატიმრობას უფარდებს.


10:36 წუთზე მეხუთე პროცესიც დასრულებულად ცხადდება. მოსამართლე დარბაზიდან გადის.

ამ პროცესიდან, ისევე როგორც 2025 წლის 28 ივნისის შემდეგ გამართული ასობით სხვა პროცესიდან ფოტოვიდეოაუდიოჩანაწერი არ გვაქვს - ყველანაირი ჩაწერა სასამართლოს შენობასა და, მის ეზოში მედიისთვის უკვე 11 თვეა კანონითაა აკრძალული.

10:45 წუთზე თათია სასამართლოს ეზოს შესასვლელში აკეთებს მედიისთვის კომენტარს: ამბობს, რომ წავა პარლამენტთან, სადაც მისი დგომა პროტესტის ნიშნად სამართალდარღვევად ჩაითვალა და იქიდან დარეკავს 112-ში მოთხოვნით - პოლიციამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს. სანამ სასამართლოდან რუსთაველამდე მიმავალ გზას დაადგება, ურეკავს რამდენიმე მეგობარს, რომლებიც ამხნევებენ, ეკითხებიან რამე ხომ არ სჭირდება, ხუმრობენ - ერთი აფრთხილებს ორდღიანი პატიმრობისას სვირინგი არ გაიკეთოს. შვილი ტაქსის იძახებს.

ზუსტად 12:00 საათზე თათია უკვე პარლამენტთანაა და 112-ში რეკავს. ამ დროს პარლამენტის ფასადზე 26 მაისისთვის ბანერებს კიდებენ, საკანონმდებლო შენობის გვერდითა ქუჩებზე კი პოლიციის 7 ავტომობილი დგას - ჭიჭინაძის კუთხესთან 4, ჩიტაძეზე 3.

წიგნები, რომელიც თათიას იზოლატორში წასაღებად აქვს შერჩეული
წიგნები, რომელიც თათიას იზოლატორში წასაღებად აქვს შერჩეული

თათია დაკავებამდე კიდევ რამდენჯერმე დარეკავს 112-ში, მასთან მხარდასაჭერად მოვლენ დემონსტრანტები, რომლებთან ერთადაც უვლია მარშებზე, მდგარა რუსთაველზე, ყოფილა სასამართლოში. რამდენიმესაათიანი ლოდინისას პარლამენტის წინ უწყვეტად ისეირნებენ სკოლის მოსწავლეები მოხატული თეთრი პერანგებით, რომლებიც ამ დღეს ბოლო ზარს აღნიშნავენ და საგულშემატკივროდ ჩამომდგარი მარიზი კობახიძე, ერთ-ერთი მსჯავრდებული ახალგაზრდა აქტივისტის, თორნიკე გოშაძის დედა იტყვის, რომ წელს ამ თეთრ პერანგებზე აღარ იკითხება “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, წარწერა, რომელსაც წინა წლებში თვალში საცემად ბევრი მოსწავლე უწერდა მეგობრებს “ბოლო ზარზე.”

14:42 - განაჩენის აღსრულების მომლოდინეებთან მოდის შუა ხნის კაცი, რომელიც თავადაც აქციების აქტიური მონაწილეა და კითხულობს, დღის საათებში რატომ აქვთ თავყრილობა.

“გგონია, მარტო საღამოობით, 8-დან 10 საათამდე არის ამ ქვეყანაში დიქტატურა?” - პასუხობენ მხიარულად.

ყოველდღიური საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნა გამოაცხადა

16:15 - თათია მიდის ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და ითხოვს დახმარებას. ეუბნებიან, რომ არ აქვთ ინფორმაცია, სთხოვენ პირადობის მოწმობას და ჰპირდებიან ვითარებაში გარკვევას. დაახლოებით 10 წუთში ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის წინ ტერიტორიას ქვეითად გადაჭრის ახალგაზრდა კაცი და ქალი პოლიციელი - ისინი თათიას დაკავებისთვის გამოიძახეს. ავტომობილს, რომლითაც სამართალდამრღვევს წაიყვანენ, მართავს პატრულის ის თანამშრომელი, რომელსაც დახმარების თხოვნით მიმართა ქალმა.

თათია მექვაბიშვილი ელოდება პატრულისგან იზოლატორში გადაყვანას
თათია მექვაბიშვილი ელოდება პატრულისგან იზოლატორში გადაყვანას
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, 2025 წლის 10 დეკემბერს დაჩქარებული წესით შეცვალეს კანონი და პროტესტის ნიშნად ტროტუარზე დგომა შეზღუდეს, ქვეითთა “უფლებების, დასაცავად”, შსს-მ არაერთი საქმე შეიტანა საქალაქო სასამართლოში დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ტროტუარზე დგომისთვის გასამართლებულ 50-ზე მეტ საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის არიან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დევნილი ზოსიმე ბჟალავა, პოლიტიკოსი, პარტია "დროას" წევრი თათა ფერაძე, ფრანგული ენის მასწავლებელი დავით ადუაშვილი და სხვ. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეეცადა ამ პროცესში უხილავად დარჩენილიყო, მაგალითად, ანა.შ. მას არ სურს, მისი გვარი საჯარო გახდეს - ანა საჯარო მოხელეა.

“ტროტუარის საქმეებს” სულ 6 მოსამართლე განიხილავდა: თორნიკე კაპანაძე, კობა ჩაგუნავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე, დავით მაკარიძე და ზვიად ცეკვავა. ტროტუარზე დგომისთვის დასჯილების ნაწილს პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დაადეს ხელბორკილები, ნაწილს სასამართლოს ეზოსთან, ნაწილს - სტუდენტებს - უნივერსიტეტებთან.

თათიას ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელიც თავადაც იყო დაკავებული “ტროტუარზე დგომის” გამო, ამბობს, რომ შესაძლოა თათია და ანა შ. იყვნენ ბოლო დემონსტრანტები, რომლებიც “ტროტუარზე დგომისთვის “ გამოცდიან პატიმრობას. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ სადამსჯელო ზომით მიზანს ვერ მიაღწია - პროტესტი ვერ მოკლა. მას ვეკითხები სასჯელის შეფარდების ლოგიკაზეც.

“ამ საქმეებში ჩანს ლოგიკა, რომელსაც მკაცრად მისდევს სისტემა. თუ ადამიანს ჯარიმა აქვს გამოწერილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გზის გადაკეტვისთვის, მიუხედავად იმისა, ეს ჯარიმა არის თუ არ ძალაში შესული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი არის სახდელდადებული და მათ უგამონაკლისოდ უშვებენ ციხეში.”

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს მიდგომა არა რომელიმე ნორმის, არამედ ზოგადად სამართლის პრინციპების დარღვევაა, რადგან ადამიანს გასაჩივრების უფლება ერთმევა.

“ვისზეც შეეძლოთ სიტყვიერი შენიშვნის მიცემა, ყველა შემთხვევაში გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. თუ დამაჯარიმეს, გადავიხადე და არ გავასაჩივრე, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვძვრე პატიმრობიდან, მაგრამ თუ გავასაჩივრე და ვიბრძოლე, წინააღმდეგობა გავწიე, ამას არ გპატიობს რეჟიმი”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომელიც ათამდე “ტროტუარზე მდგომის” უფლებებს იცავდა, როგორც ადვოკატი.

"ტროტუარის საქმეებს" წინ უსწრებდა დაკავებები რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო - ამ სამართალდარღვევისთვისაც ათობით ადამიანს აქვს პატიმრობა გამოვლილი.
"ტროტუარის საქმეებს" წინ უსწრებდა დაკავებები რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო - ამ სამართალდარღვევისთვისაც ათობით ადამიანს აქვს პატიმრობა გამოვლილი.

ხუთთვიანი პროცესების სტატისტიკა

ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის სასჯელად, ჯერჯერობით 5-დღიანი პატიმრობა იყო, ქალებს ძირითადად 2-დღიანს უსჯიდნენ. ეს სამართალდარღვევა 15 დღემდე პატიმრობას, განმეორების შემთხვევაში კი - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იყო შემთხვევები, როცა სასამართლომ გზის გადაკეტვის გამო უკვე სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქეების საქმეების ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან დაუბრუნა შენიშვნით, რომ ეს ფაქტები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი ჯერჯერობით არცერთ ასე შეწყვეტილ საქმეზე არავისთვის წარუდგენიათ.

“22 დეკემბრის შემდეგ სასამართლოში ტროტუარზე დგომისთვის საქმეები აღარ შესულა. ჩემი აღქმით, დაშინება სცადეს, და თუ პროტესტს ამით მოკლავდნენ, მაშინ ამ შედეგისთვის გამართლებული იქნებოდა ის დისკომფორტი, რაც ამ აბსურდის გამო დაცინვას მოჰყვებოდა, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდათ და ჟარგონზე რომ ვთქვათ, სასამართლოში შესული საქმეები “შეეტენათ.”

ზოგს ჰგონია, რომ სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად არის და სინამდვილეში სასამართლო ისევე ვაჭრობს ხელისუფლებასთან, როგორც ეკლესია. ეს საქმეების გაწელვაც მაგის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ შეიძლება ვაჭრობდნენ - რა "გამოივაჭრეს", ეგ რთული სათქმელია, მაგრამ ვიცით, რომ პირველი განაჩენი 23 იანვარს დადგა” - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.

23 იანვარს ტროტუარზე დგომისთვის პირველი დაკავებული სანდრო მეგრელიშვილი იყო. მას ხელბორკილები პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადეს - მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილებით ის 4 დღით დააპატიმრეს.

“[სასამართლო] არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს, რომ ეს არის აბსურდი. ეკითხები, რაში გამოიხატება, რომ მე ვინმეს ხელს ვუშლიდი გადაადგილებაში. ამაზე პასუხი არ არსებობს, მტკიცებულებად აქვთ მხოლოდ ჩანაწერი, სადაც ჩანს, რამდენიმე ადამიანი ტროტუარიდან გადადის ქუჩაზე და გეუბნებიან, შენ რომ იქ არ მდგარიყავი, ეს ხალხი გაივლიდა ტროტუარზე. კი მაგრამ, ნახევარი ტროტუარი არის თავისუფალი, ეუბნები და აჩვენებ, რომ სადაც იდექი, იქ სხვა ადამიანები ჩვეულებრივ დადიან, მაგრამ ეს მოსამართლეებიც როლში არიან შესულები და ლამის შენც დაიჯერო, რომ ნამდვილ სასამართლოზე ხარ, მართლა აინტერესებთ რას ეუბნები”, - ეუბნება სანდრო მეგრელიშვილი რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ამ დრომდე ათობით საქმე განიხილა ტროტუარზე მდგარი დემონსტრანტების და შესაძლოა რჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ შსს ლამის ყოველდღიურად ცდილობს ამ მეთოდით პროტესტის შეზღუდვას, რეალურად საქმეები გასული წლის დეკემბრის ბოლოს არის შეტანილი სასამართლოში და ყველა, ვინც ამ პროცესში მოხვდა, 17 ან 18 დეკემბრის აქციაში მონაწილეობისას ამოიცნეს. ამ დღეების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტროტუარზე მდგარი დემონსტრანტების ამოცნობა შეწყვიტა თუ მათ წინააღმდეგ საქმეების წარმოება აღარ მიიჩნია საჭიროდ, ეს კითხვა ღიად რჩება.

რაც სასამართლოში წარდგენილი კადრებიდან ჩანს, არის ის, რომ მოქალაქეების ამოცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მსვლელობის პარალელურად ცდილობდნენ, ღამის საათებშივე - სახელმწიფო ყოველ საღამოს დრონითაც იღებს საპროტესტო შეკრებების კადრებს და მათ ხან თავად ურთავს საქმეებს იმის მტკიცებულებად, რომ რუსთაველზე ცოტა ხალხია და გზის და გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, ხან მოსამართლე სთხოვს იმაში დასარწმუნებლად, რომ ტროტუარზე მდგომები ქვეითებს აფერხებენ.

ხელბორკილები ავტომობილში და გაშიშვლების მოთხოვნა - დაკავებული ქალების პრობლემები ამ საქმეებშიც იჩენს თავს

“წინასწარ შევეგუეთ თითქოს, რომ ყველას უწევს დაკავება, ვინც პროტესტს გამოხატავს, თორემ ბორკილების დადება და ჩხრეკაც საკმარისია, რომ მთელი ცხოვრება გამყვეს ეს ბრაზი და შეურაცხყოფა, რაც მაშინ ვიგრძენი”. - ეუბნება რადიო თავისუფლებას სესილია ბუთხუზი, პირველი ქალი, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის დააპატიმრეს. სესილია 25 მარტს დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ბაღდათის იზოლატორში წაიყვანეს სამდღიანი პატიმრობის მოსახდელად - მანქანაში 6 საათი ეკეთა ბორკილები.

“იქ ყოფნისას მივხვდი, რა ჯოჯოხეთს გადიან სინდისის პატიმრები, რომლებსაც ჩემსავით 3 დღე კი არ მიუსაჯეს, წლები უნდა დაკარგონ იმ საკნებში. იმდენად მაგიჟებდა ეს ბრაზი და უსამართლობა, რომ სულ ვკითხულობდი ოღონდ არ მეფიქრა”, - ამბობს სესილია.

სესილია გამოცდილი დემონსტრანტია - მას არც დაპატიმრების შემდეგ შეუწყვეტია აქციებში მონაწილეობა
სესილია გამოცდილი დემონსტრანტია - მას არც დაპატიმრების შემდეგ შეუწყვეტია აქციებში მონაწილეობა

ტროტუარზე დგომისთვის ამ დრომდე, მინიმუმ 17-მა ქალმა გამოცადა პატიმრობა. ზოგიერთისთვის, მაგალითად, თათა ფერაძისთვის, თამუნა გიორგაძისა და მეგი დიასამიძისთვის, ეს პირველი პატიმრობა არ ყოფილა. ქალების დაკავების კადრებში ყურადღებას იქცევს ის, რომ მათ ბადრაგირებაში აუცილებლად ჩართულია ქალი პოლიციელი, ბორკილებს დაკავებულებს სწორედ ქალები ადებენ. დაკავებული ქალებისთვის ქალი პოლიციელის მონაწილეობა პროცედურულ ნაწილში მისი უფლებების და ღირსების დაცვისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა არსებობენ დემონსტრანტები, ვისაც სწორედ ქალები აიძულებდნენ სრულად გაშიშვლებას გასაჩხრეკად, ან ამუნათებდნენ პროტესტის უფლების გამოყენებისთვის.

“ლანა სულამანიძე საქალაქო სასამართლოს წინასწარი მოთავსების საკანში, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაჟინებით მთხოვდა, რომ სრულად გავშიშვლებულიყავი. საბედნიეროდ, ვიცოდი რომ ეს მოთხოვნა უკანონო იყო და წამის მეასედში გავიაზრე - ფიზიკურ ძალადობაშიც რომ გადასულიყო ეს ზეწოლა, არ დავემორჩილებოდი, მეტიც, როგორც კი გარეთ გამოვიდოდი საჯაროდ მოვყვებოდი ამ ამბავს.

მან რამდენჯერმე გამიმეორა, რომ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მხოლოდ კაცები იქნებოდნენ და მათ თვალწინ მომიწევდა გაშიშვლება; მარწმუნებდა, რომ უნდა გამეხადა და სხვა შემთხვევაში სასამართლოს შენობას ვერ დავტოვებდით”, - უყვება რადიო თავისუფლებას მარიამ მელიქიშვილი. ის 28 მარტს ცნო სამართალდამრღვევად მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ და გურჯაანის იზოლატორში გაატარა პატიმრობის ორი დღე. საკანში შესახლებამდე გაშიშვლებით ჩხრეკას არ დასთანხმდა, თუმცა ბოლო წუთამდე ვნერვიულობდი იმაზე, რომ გურჯაანში მამაკაცი ბადრაგების ზეწოლის მოგერიებაც მომიწევდაო - ამბობს ის და ამატებს: “საბედნიეროდ, ასე არ მოხდა”.

ის მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში დაისაჯა არა იმდენად ტროტუარზე დგომის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საკრალურ ადგილას პროტესტისთვის, რისი უფლების წართმევასაც ცდილობს სახელმწიფო მოქალაქეებისთვის.

რადიო თავისუფლებამ მარიამის მონაყოლის, მისი გამოცდილების, გადამოწმება თავად პატრულ ლანა სულამანიძესთან სცადა, მაგრამ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე, უშედეგოდ.

მარიამ მეილიქიშვილი 2025 წლის 26 მაისს
მარიამ მეილიქიშვილი 2025 წლის 26 მაისს

სახელმწიფოს 6 თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ ტროტუარზე უკანონოდ მდგომი მოქალაქის სამართალდამრღვევად ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. თუკი სასამართლოში მეტი მოთხოვნა აღარ შევიდა, 2025 წლის ბოლოს მიღებული კანონის შედეგი იქნება ასამდე დემონსტრანტის გასამართლება, ხელისუფლების ხელში უკვე არსებული ბერკეტი, რომელიც ნებისმიერ დროს კვლავ შეიძლება გამოიყენოს უკმაყოფილო მოქალაქეების წინააღმდეგ, და საქმეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ.

ლევან ჟვანია სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართან ერთად
ლევან ჟვანია სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართან ერთად

სამართალმცოდნე ლევან ჟვანიამ, რომელიც თავადაც იყო დაკავებული “ტროტუარზე დგომის” გამო, უკვე გაგზავნა პირველი საჩივარი სტრასბურგში. პარლამენტთან ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის ის 27 მარტს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟვანიამ 4 დღე გაატარა პატიმრობაში.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG