მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფის შექმნა ტექნიკური საკითხია და საკმაოდ მცირე ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დიდ სქემაში, მისი სიმბოლური ღირებულება დიდია.
„ეს არის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილების დადასტურება, რომ მონტენეგრო იქნება მომავალი წევრი სახელმწიფო“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით.
„როგორც კი გადაწყვეტთ გაწევრიანების ხელშეკრულების შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას, საბოლოო შედეგში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ."
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა საქმეა არა ის, შეუერთდება თუ არა მონტენეგრო ევროკავშირს, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად მიაღწევს ამას.
ადრიატიკის ზღვისპირა ამ ქვეყანამ განაცხადა, რომ მისი მიზანია 2028 წლისთვის ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს. ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბლოკის ბოლო წევრი - ხორვატია - კავშირს 2013 წლის ივლისში შეუერთდა.
ხორვატიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2009 წლის დეკემბერში, როდესაც ხორვატიამ გაწევრიანებისთვის საჭირო 33 თავიდან 28 დახურა.
ეს თავები მოიცავდა პოლიტიკის ფართო სპექტრს, რომლის ელემენტები კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა.
მონტენეგრომ ამჟამად მხოლოდ 14 თავი დახურა, მაგრამ იმედოვნებს, რომ დანარჩენებს წლის ბოლომდე დაასრულებს. ბრიუსელში ცოტა თუ ფიქრობს, რომ მონტენეგრო ამას შეძლებს, რადგან ზოგიერთი სფერო ურთულესია და ეხება მართლმსაჯულებას, შინაგან საქმეთა, სურსათის უვნებლობისა და კონკურენციის პოლიტიკას, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის მოგვარებული.
და ექვსი თვე, ალბათ, საკმარისი არ არის ამ ყველაფრის გადასაჭრელად.
სამუშაო ჯგუფი რეალურად ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ ყველა თავი დაიხურება.
მონტენეგროსთვის შექმნილი შეთანხმება ჯერ არ შესრულებულა, მაგრამ „მალე“ შესრულდება, აცხადებს ევროკავშირის დიპლომატი, რომელიც კარგად ერკვევა ამ საკითხში და ოფიციალურად საჯაროდ ვერ ლაპარაკობს.
დეტალებს რომ დავაკვირდეთ, ასეთი სურათია:
ხორვატიის დაახლოებით 250-გვერდიანი ხელშეკრულების შემუშავებაში ჩართული მაღალი რანგის დიპლომატი ამბობს, რომ ტექსტის დაახლოებით 80-85 პროცენტი იგივე იქნება, უბრალოდ, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაზე სხვადასხვა წესი ვრცელდება ხოლმე.
მაგალითად, რამდენი წევრი ეყოლება ახალ ქვეყანას ევროპარლამენტში? მონტენეგროს შემთხვევაში, ალბათ ექვსი, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოსახლეობა ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტია და ბლოკის ყველაზე პატარა სახელმწიფოს, მალტას, ემსგავსება ამ მხრივ.
მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, საჭიროა შეთანხმება გარდამავალ პერიოდზე, როდესაც შემოვა ევროკავშირის წესები და იქნება დროებითი გამონაკლისები სოფლის მეურნეობის სფეროში, ფიტოსანიტარიული წესების საქმეში, გადაადგილების თავისუფლებისა და ქვეყანაში ქონების შეძენის უფლების საკითხებში. ამაზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. საქმე ეხება მილიონობით ევროს.
მოსალოდნელია, რომ მონტენეგროს მცირე ზომის გათვალისწინებით, ამ საკითხების უმეტესობაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა, წესით, არ უნდა იყოს.
ხელშეკრულებაში ახალი ასპექტი იქნება ე.წ. დაცვის გაძლიერებული მექანიზმები.
ევროკავშირს შეიძლება მოუწიოს სახსრების დახარჯვა, თუ ახალ წევრ სახელმწიფოებში „დემოკრატიული უკუსვლა“ მოხდება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ის, რაც ბლოკმა განიცადა ისეთი ქვეყნის შემთხვევაში, როგორიცაა უნგრეთი.
მაგრამ რა არის ის მთავარი, რამაც მონტენეგროსთვის ეს პროცესი შეიძლება შეანელოს ან ხელი შეუშალოს პოდგორიცას 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაში? ერთ-ერთი პოტენციური საკითხი, რომელიც ევროკავშირის დიპლომატებმა დაასახელეს, თუმცა შეიძლება ასე არც მოხდეს, არის მონტენეგრული ენა.
არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ქვეყნის ოფიციალური ენაა და შესაბამისად, შეიძლება გახდეს ევროკავშირის ოფიციალური ენა, მაგრამ ზოგიერთს გაუჩნდა კითხვები იმის შესახებ, ნამდვილად აუცილებელია მონტენეგროელი თარჯიმნების სრული ჯგუფის დაქირავება, როცა ხორვატიული ენა ასე ემსგავსება მონტენეგრულს?
ბევრ წევრ დასავლურ სახელმწიფოს, რომლებიც ხარჯების შემცირებით არიან დაინტერესებული და თვალი აქვთ დადგმული ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებსაც მსგავსი ენები აქვთ და გაწევრიანებას ელიან, შეიძლება სურდეს ენის პრეცედენტის გამოყენება.
ხორვატიის შემთხვევაში, მთელ პროცესს დაერთო ორი პროტოკოლი, რომლებიც ირლანდიას კონკრეტულ პოლიტიკურ გარანტიებს აძლევდა და ჩეხეთის რესპუბლიკას კი შესაძლებლობას სძენდა, ფუნდამენტური უფლებების ქარტიაზე უარი ეთქვა.
არ გამორიცხოთ, რომ მონტენეგროს ხელშეკრულება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და ინსტიტუტებში უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიცავდეს, რაც გზას გაუხსნიდა უფრო დიდი სახელმწიფოს, როგორიცაა უკრაინა, უახლოეს მომავალში გაწევრიანებას.
თუმცა რეალური დაბრკოლება შესაძლოა სწორედ მას შემდეგ გაჩნდეს, რაც სამუშაო ჯგუფი მუშაობას დაასრულებს, ტექსტი საბოლოოდ დამტკიცდება და ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რადგან ამის შემდეგ რატიფიკაციის პროცესი დაიწყება.
ახალი წევრის მიღებისას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების მხარდაჭერაა საჭირო. ხშირად ეს ნიშნავს ორ კენჭისყრას, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ზედა და ქვედა პალატები აქვთ. ბელგიაში შეიძლება ჩატარდეს 10 კენჭისყრა - ქვეყნის ყველა რეგიონულ და ენობრივ პარლამენტში.
საფრანგეთში ეს შეიძლება იყოს რეფერენდუმი, თუ ეროვნულ ასამბლეასა და სენატში სამი მეხუთედის უმრავლესობა ვერ შეგროვდა. ამას მოჰყვება ხოლმე ბლოკში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელს უშლის კენჭისყრის ჩატარებას. შეხედეთ ბულგარეთს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რვა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
ხორვატიისთვის მთელი ეს პროცესი 18 თვეს გაგრძელდა. არაფერი უშლის ხელს რომელიმე ქვეყანას, რომ რატიფიკაციის პერიოდში ჯერ ორმხრივი საკითხების მოგვარება ისურვოს. ამრიგად, 2028 წელი შესაძლოა მონტენეგროსთვის ძალიან ამბიციური იყოს. თუმცა სამუშაო ჯგუფის ნელ-ნელა შექმნის გათვალისწინებით, საქმე მაინც ისაა, როდის შეუერთდება ქვეყანა ევროკავშირს და არა ის, შეუერთდება თუ არა საერთოდ.