„ქრისტეა, ღმერთს რა უნდა მაცივარში?!“ - მრევლის ნაწილი ჯერ ისევ ბრაზობს; განსაკუთრებით ისინი, ვინც მესამე დღისთვის ბერი ნიკოლოზის აღდგომას ელოდებოდა. ზოგს ისევ სჯერა - „აუცილებლად აღსდგება! მაინც მოხდება ეს!“
ყველა ასე არ ფიქრობს. აქ ვხვდებით ადამიანებს, რომელთათვისაც ბერი ნიკოლოზი არა ღმერთი, არამედ წმინდანია; ზოგისთვის კი ის უბრალოდ გამორჩეული სულიერი მოძღვარია - „პატიოსანი, კეთილი, მოსიყვარულე ბერი“, რომელიც „სიმდიდრეს არ აგროვებდა და რაც ჰქონდა, გასცემდა, არიგებდა“, „სასწაულებს ახდენდა, ხალხს კურნავდა“...
და ბერი - რომელიც ბოლოს „ექიმის გარეშე დატოვეს და იზოლაციით მოკლეს“.
სარიტუალო დარბაზის ეზოში მალხაზ ჯინორიას ვხვდებით, ბერი ნიკოლოზის სულიერ შვილსა და მეგობარს - რომელმაც ექიმი მას 9 აპრილს, ღამის 23:30 საათისთვის მიუყვანა; იმ დღის მიწურულს, როცა მისი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო.
მაგრამ ერთმა აგრესიულმა ჯგუფმა ექიმი იმ დღეს ავადმყოფამდე არ მიუშვა.
„სულელურად დამემართა ნამდვილად რა, მოვტყუვდი“, - გვპასუხობს ჯინორია შეკითხვაზე, თუ რატომ არ დაუძახა პოლიციას იმ დღეს - როცა მას და ექიმს [მის ნათესავს, ცნობილ კარდიოქირურგს] წინ გადაეღობნენ. გვიხსნის, რომ იქ მყოფებმა მოატყუეს, თითქოს ბერი ნიკოლოზი ცოტა ხნით ადრე გამოსული იყო ბინიდან, მხნედ გამოიყურებოდა და საჭირო აღარ იყო მისი შეწუხება.
„ეგ რომ არ ეთქვათ, კარებს შევანგრევდი... იცოდნენ იმათმაც და დამიმალეს, რომ ბინიდან საერთოდ არ ისმოდა ხმა. ვიფიქრე მერე - თუ დაეძინა-მეთქი და წამოვედით... რამდენიმე დღეში მირეკავენ, ბინიდან ჩამი-ჩუმი არ ისმისო - რას ჰქვია-მეთქი?! იმედი მქონდა, იქ რომ სულ ამდენი ხალხია დაყუდებული - თუ ხმა არ ისმის ბინიდან, ხო უნდა გამაგებინო, არა?! იქ იმ ჯგუფთან შაბათს ჩხუბი ისევ მოსვლიათ და უთქვამთ იმათ, კვირაცხოვლობას [19 აპრილი] დაველოდოთ, თუ არ გამოვა, შეგიშვებთო... სულ გამოდიოდა მამაო დღესასწაულებზე, რაღაცეებს არიგებდა. დილითვე დავრეკე ბინის პატრონთან - არ გამოსულაო და მორჩა-შევდივართ-მეთქი... მივედით და კიდევ არ გვიშვებდა ის ჯგუფი - ღმერთს რად უნდა ექიმიო, ნემსები არ გააკაროთო“, - ჯინორიას თქმით, კარის შესატეხად იმ დღეს წინასწარ გამოიძახეს სამაშველო სამსახური და პოლიცია, მისული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც; სადარბაზოში შეკრებილების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბერი ნიკოლოზის ბინის კარი მაინც გატეხეს, შევიდნენ და იქ მისი ცხედარი აღმოაჩინეს - „სკამზე იჯდა, ფანჯარასთან“, „გვამური გაშეშება ჯერ არ ჰქონდა“.
"ეს იცოდა პოლიციამ და არ აღკვეთა"
როგორც მრევლის წევრები, ექიმებზე დაყრდნობით, გვეუბნებიან, ბერი ნიკოლოზი 19 აპრილს 2-3 დღის გარდაცვლილი იყო.
შესაბამისად, ის ცოცხალი უნდა ყოფილიყო იმ დღესაც, როცა მასთან ექიმი არ შეუშვეს და იმ დღესაც, როცა მისმა სულიერმა შვილმა, ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა პოლიციას მიმართა - სისხლისსამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობით გამოირჩეოდნენ და ბერის ბინამდე არავის უშვებდნენ.
„იზოლაციაში ყავთ მდუმარე ბერი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ვიზუალურადაც კი თვალსაჩინოა“; „ადგილი აქვს ადამიანის სიცოცხლის განზრახ ხელყოფის საფრთხეს“ - წერია ბოლოთაურის განცხადებაში, რომელიც 14 აპრილით არის დათარიღებული. ტექსტში ნახსენებია მალხაზ ჯინორიაც, რომლის მიყვანილი ექიმიც ამ ჯგუფმა პაციენტამდე არ მიუშვა.
ინგა ბოლოთაურს, როგორც გვეუბნება, პოლიციიდან მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი ნახეს.
„საჩივრებზე არასოდეს არ მოუხდენიათ რეაგირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელი სახლის კართან ახალგაზრდა მამაკაცს, დავით შუბითიძეს, ჩანერგილ ფანატიკოსთა სექტა „ნესტანიანელებთან“ დაახლოებულმა პირმა ყელი გამოჭრა და დაზარალებული სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დღეს ამ სექტის წევრია მკვლელის ნათესავიც.
მრავალი ტომია "შეკერილი" მე-9 სამმართველოში რეაგირების გარეშე. ფიზიკურად იძალადეს, ცემეს ბინის მესაკუთრე ქალბატონი და მასთან ერთად სხვა ქალბატონიც ორი წლის წინ, თუმცა ეს ფაქტიც "მიიჩქმალა", სისტემატიურად იყო ძალადობა ფანატიკოსების მხრიდან, ეს იცოდა პოლიციამ და არ აღკვეთა”, - ინგა ბოლოთაური რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ „ფანატიკოსთა სექტა“ საკუთარ თავს „ნესტანიანელებს“ უწოდებს, ჰყავთ თავისი „ამირსპასალარიც“ და მას 12-კაციანი „ბორდი“ მართავს - მაგრამ კატეგორიულად უსვამს ხაზს, რომ ამ ჯგუფს „არანაირი ალიანსი [მრევლის] დანარჩენ ნაწილთან არ ჰქონია” და 5-6 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მათ გაძევებას ბერის კარიდან.
ინგა ბოლოთაური კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ამბობს, რომ აუცილებლად მიაღწევს მათ დასჯას, მათი მუქარების მიუხედავად. გვეუბნება, რომ სწორედ ამ სექტის ინიციატივა იყო ბერის სართულზე ყველა ბინის დაცლა, როცა „ბერს ამ სახლში არ უთხოვია სართულის გათავისუფლება”.
რადიო თავისუფლებამ შს სამინისტროს მიმართა - გვინდოდა გაგვერკვია, იყო თუ არა რეაგირება დაგვიანებული და რა იყო ამის მიზეზი. პასუხები ჯერჯერობით ვერ მივიღეთ, არც განმარტებები გაკეთებულა.
შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მალხაზ ჯინორიამ დაგვიდასტურა, რომ პოლიციაში ის გამოკითხვაზე უკვე იყო მისული.
ჯინორიას განმარტებით, არც ეს ჯგუფი არ იყო ერთგვაროვანი: "ნაწილი არ ეწინააღმდეგებოდა მასთან ექიმის შეშვებას".
წერილებში, რომლებსაც მისი მიმდევრები სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდნენ, თავად ბერი ნიკოლოზი საკუთარ თავზე წერდა: „მონაზონი ნიკოლოზი!!!“, „ნარიმან ბაგრატიონი!!!“, „ნარიმანი!!!“. ზოგ ადგილას გვხვდება - მეფე, პატრიარქი.
იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც პანაშვიდზე შევხვდით, გვეუბნება, რომ საკუთარი თავი მას ქრისტედ და ღმერთად არასოდეს მოუხსენიებია; წმინდანობაზე კი მხოლოდ მომავალ დროში ლაპარაკობდა.
ღმერთად მხოლოდ ნაწილს მიაჩნდა
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა ვიდეოები, როცა ბერი ნიკოლოზის კართან შეკრებილები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ - მათ შორის წინა რიგებში დგომისთვისაც. ჩხუბი იყო ფულზე, ნობათზე თუ ნაგვით სავსე პარკებზე, რომლებიც ბერს ბინიდან გამოჰქონდა. ჩანდა, რომ ერთმანეთს უკონტროლებდნენ ბერთან მოსვლის მიზნებს, განზრახვებს, ერთმანეთს არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებდნენ.
სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევდნენ მდუმარე ბერის წერილებს, რა პროდუქტები სჭირდებოდა და რატომ.
„ჩემთვის პირადად მამა ნიკოლოზი სალოსი ბერი იყო. წმინდა მამა იყო - დიდი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წელი საწოლში არ დაუძინია. არიგებდა, რაც ჰქონდა, სიმდიდრეს არ აგროვებდა... ის იყო უთბილესი, უსაყვარლესი ადამიანი, მამობრივი გრძნობებით - ჩაგიხუტებდა, დაგიჩოქებდა, ფეხებზე გეამბორებოდა. რამდენჯერ გაუკეთებია ჩემთვის პირადად. უსაყვარლესი ადამიანი იყო... 2000 წელს მითხრა - როლანდი, დრო მოვა, დავდუმდებიო; 20 წელი არ ლაპარაკობდა მაგის შემდეგ“, - ასე იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ბერ ნიკოლოზს როლანდ ქინქლაძე - სულიერი შვილი, მეგობარი და ყოფილი სტიქაროსანი - სვეტიცხოველში მსახურებისას, 90-იანი წლების დასაწყისში.
ქინქლაძე გვეუბნება, რომ ხშირად არ ესმოდა ბერი ნიკოლოზის საქციელი, მისი წერილების შინაარსი - რადგან ეს ყველაფერი „სალოსური მიზნით იყო გაკეთებული“. მათ შორის, ისიც - როცა მდუმარე ბერმა რამდენჯერმე ხმა ამოიღო და მის სართულზე მდგარ ადამიანებს უყვირა - გაეთრიეთ აქედანო. არსებობს ვიდეოები - როცა ბერი უხეშადაც ეპყრობა, ეჯაჯგურება მის კართან მდგომებს. მრევლი ამ ყველაფერს კვლავ სალოსურ ქცევას მიაწერს - „როგორც არ ესმოდათ მისი სულიერი მამის, ამჟამად უკვე წმინდანის - მამა გაბრიელის, ასე ვერ უგებდნენ მამა ნიკოლოზსაც“-ო.
მიმდევრები ბერ ნიკოლოზს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მისამართზე აკითხავდნენ - იდგნენ მის სართულზე, ეზოში, მღეროდნენ, ეძახდნენ, ლოცულობდნენ. ელოდებოდნენ - აივნიდან ხელი დაექნია ანდა რაიმე გადაეგდო მათთვის. ხმაური ხშირად გამხდარა მეზობლებთან ჩხუბის მიზეზი. ბერი ორჯერ გამოასახლეს - ზესტაფონისა და ბარნოვის ქუჩებიდან. როგორც ამბობენ, მისთვის საცხოვრებელს ძირითადად მრევლი ქირაობდა.
სასწაულები
„შვილიშვილი გადამირჩინა, მისი წყალობით გადავრჩით“, „ბავშვს ფეხზე ხელი შეახო და მოურჩინა“, „მაგის წყალობით რამდენ უშვილოს შვილი გაუჩნდა“, - სარიტუალო სასახლესთან შეკრებილები რადიო თავისუფლებას ბერის სასწაულებზე ელაპარაკებიან.
ეზოში დგას ახალგაზრდა კაცი - რატი წიქარიშვილი - რომელმაც ბერი ნიკოლოზი პირველად და უკანასკნელად 2026 წლის 1 აპრილს ნახა - თავისი ბინის კარიდან გამოსული; მაგრამ დარწმუნებულია, რომ ახლო წარსულში სწორედ მისი ძალით განიკურნა.
„გავხდი ავად, ჭლექი მქონდა. ვიმკურნალე, მაგრამ მკურნალობის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამეწყო ძლიერი ხველა, სისხლი ამომდიოდა და ძლიერი ტკივილი მქონდა ფილტვების არეში. მანამდე სულიერი კავშირი ვიგრძენი მამა ნიკოლოზთან, დავიძარი ეკლესიისკენ, მაგრამ ბოლომდე ვერ აღვასრულე რაღაცეები... ძალიან ვნანობდი ამას და მას ვეღარ ვთხოვე გამოჯანმრთელება... შემრცხვა და ეგრე დავიძინე... იმ ღამეს დამესიზმრა მუხლებზე ვიდექი მის კართან, გამოვიდა, სანთელი მომცა და რომ შებრუნდა, ანაფორა ფილტვების მიდამოებში დახეული ჰქონდა და მოსდიოდა სისხლი და ჩირქი. გავიღვიძე და ერთხელაც აღარ დამიხველებია - არადა ექიმთან უნდა წავსულიყავი შესამოწმებლად მეორე დღეს“, - რატი ტაქსის მძღოლად მუშაობდა, როცა ერთ დღეს მისი მრევლი წამოიყვანა ფონიჭალიდან და სულიერი კავშირიც მას შემდეგ იგრძნო.
ბერი ნიკოლოზი არ იბარებდა აღსარებებს და არ ატარებდა საეკლესიო რიტუალებს. მათ უმრავლესობას, რომლებსაც სარიტუალო სასახლესთან გამოველაპარაკეთ, მოძღვრები სხვადასხვა ეკლესიაში ჰყავს. „მაზიარებლები ვართ ჩვენ!“, „არავითარი მწვალებლობა აქ არ არის!“ - გვითხრეს მათ.
რატის მსგავსად, სხვებიც ფიქრობენ, რომ ბერმა ნიკოლოზმა თავისი მოქმედებებით ადამიანებში „ფანატიზმი ამხილა“ და „განხიბლა ისინი“ - როცა "ღმერთად თვლიდნენ და ქრისტესავით მესამე დღეს არ აღდგა".
ბევრი იმეორებს სიტყვებს, რომლებსაც ბერ ნიკოლოზს მიაწერენ - „არ გამაკერპოთ, თორემ გიღალატებთ!“
ამ დღეებში, სოციალურ ქსელში გაიხსენეს შემოქმედელი ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ იოსების ძველი ინტერვიუ, რომელშიც ის ბერი ნიკოლოზის შესახებ ლაპარაკობს; აღნიშნავს, რომ ის თავიდანვე „ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს“ და სწორედ ამას უკავშირდებოდა „უკიდურესი ფორმის ასკეტიზმი“ - შიმშილი, წყლის არმიღება.
„მე, როგორც იმ დროისთვის არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო)“, - მიტროპოლიტი იხსენებს, თუ როგორ გაუხეხა სტაფილო თავისი ხელით კათოლიკოს-პატრიარქმა ბერ ნიკოლოზს, როდესაც ის შიმშილობდა, მაგრამ, დიდი თხოვნის მიუხედავად, მან არ შეჭამა. "მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა" - წერს მიტროპოლიტი.
საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მას „თითქმის ოცი წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელთმსახურება“.
სარიტუალო სასახლესთან გვითხრეს, რომ საპატრიარქომ უარი განაცხადა ბერი ნიკოლოზის დაკრძალვაზე მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში; ხოლო სანაცვლოდ შემოთავაზებული წინადადება - მახათას სასულიერო პირთა პანთეონში დაკრძალვა - მიუღებელი აღმოჩნდა ბერი ნიკოლოზის ოჯახისთვის.
განმარტებებისთვის რადიო თავისუფლებამ საპატრიარქოს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
საბოლოოდ, ოჯახმა, მეგობრების დახმარებით, მას საბურთალოზე, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე შეურჩია ადგილი. გადაწყდა დასაფლავების წინ ბერი ნიკოლოზის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში გადასვენებაც.
ფორუმი