ამ დრომდე ეს ერთადერთხელ მოხდა - 1989 წელს, როცა ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, ალიათოლა რუჰოლა ხომეინის სიკვდილმა ლიდერობისკენ გზა აიათოლა ალი ხამენეის გაუხსნა.
ხომეინი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ხამენეი მოკლეს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიის დაწყების პირველივე დღეს, 28 თებერვალს. ახლა 88 წევრისგან შემდგარი სწავლულთა საბჭო საიდუმლო შეხვედრაზე უნდა შეიკრიბოს, ხამენეის შემცვლელის შესარჩევად.
ვაშინგტონში განთავსებული ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ირანის პროგრამის დირექტორმა, ალექს ვატანკამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვინც უნდა შეირჩეს, კრიტერიუმი ერთი იქნება - პოლიტიკური მოგებიანობა. სწავლულთა საბჭო დღეს მხოლოდ "დამმოწმებელი უწყებაა", ხოლო პროცესი სიტუაციურად წარიმართება - ამბობს ვატანკა.
ბოლო წლების განმავლობაში ხამენეის პოტენციურ შემცვლელად რამდენიმე ფიგურას ასახელებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მკაფიოდ სამი კანდიდატი იკვეთება.
დინასტიური არჩევანი: მოჯთაბა ხამენეი
ერთ-ერთი კანდიდატია 56 წლის მოჯთაბა ხამენეი - გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის მეორე ვაჟი.
იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია, უმცროსმა ხამენეიმ ორი ათწლეული დაჰყო მამამისის ოფისის, ბეიუთის ცენტრში, რომელიც კოორდინირებას უწევს კავშირებს კლერიკალურ ისტებლიშმენტსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) შორის.
გავრცელებული ვარაუდით, მის კანდიდატურას ემხრობა IRGC და მისი არჩევა პროცესის უწყვეტად გაგრძელების ნიშანი იქნება. მისი მომხრეების თქმით, უშიშროების აპარატთან უმცროსი ხამენეის ახლო კავშირები მას გადააქცევს ერთადერთ კანდიდატად, რომელსაც წესრიგის შენარჩუნება შეუძლია აქტიური კონფლიქტის ფონზე.
თუმცა ამავე დროს, მისი დაწინაურება მოიცავს ქვეყნის შიგნით სიბრაზის გამოწვევის საფრთხეს, განსაკუთრებით ისლამური რესპუბლიკის ურყევი მომხრეების რიგებში. კრიტიკოსების აზრით, "მემკვიდრეობითი მმართველობისკენ" ნაბიჯის გადადგმა ძირს უთხრის საკუთრივ იმ ანტიმონარქისტულ პრინციპებს, რომლებიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის საფუძველი იყო.
"მამის შემცვლელად ვაჟის დასახელება გარკვეულწილად მონარქიას მოგვაგონებს", - უთხრა ჟენევის უმაღლესი სკოლის მკვლევარმა, ფარზან საბეთმა რადიო თავისუფლებას 2024 წელს.
სწავლულთა საბჭოს წევრი 2024 წელს აცხადებდა, რომ საბჭოსთან საუბრებში უფროსი ხამენეი ეწინააღმდეგებოდა მის შემცვლელად მისი ვაჟის დასახელების იდეას.
უმცროს ხამენეის სირთულეს უქმნის მისი შედარებით დაბალი სასულიერო რანგიც - ჰოჯათ-ოლ-ისლამი. ირანის სასულიერო სემინარიებთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო მას 2022 წლიდან მოიხსენიებს აიათოლად - საპატიო ტიტულით, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებს ენიჭება.
ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოძიებები - მათ შორის სააგენტო Bloomberg-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიში - ლაპარაკობენ უძრავი ქონების მზარდ და საიდუმლო პორტფოლიოზე, რომელიც უკავშირდება უმცროს ხამენეის, იგი 2019 წლიდან აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი.
ამ ანგარიშების თანახმად, შუამავლების და საფარველის ფუნქციით მოქმედი კომპანიების მეშვეობით უმცროსი ხამენეი წარმატებით ფლობს და აფართოებს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას.
უსაფრთხო არჩევანი: ალირეზა არაფი
67 წლის აიათოლა ალირეზა არაფი არის "სისტემის კაცის" ემბლემატური ფიგურა.
ამჟამად იგი მსახურობს სამი წევრისგან შემდგარ, მმართველთა დროებით საბჭოში. არაფის დიდი ინსტიტუციური კიბე აქვს გამოვლილი - ალ-მუსტაფას გლობალური უნივერსიტეტის დირექტორობიდან ირანის სასულიერო სემინარიების მთელი სისტემის ხელმძღვანელობამდე.
2019 წელს ის ხამენეიმ დანიშნა გავლენიან ორგანოში, მეურვეთა საბჭოში - რომელშიც ექვსი სასულიერო პირი მუშაობს ხოლმე.
ინსტიტუციურად, არაფი უსაფრთხო არჩევანი იქნება. იგი ფლობს აუცილებელ სასულიერო წოდებებს და მსახურობდა როგორც ერთგული ადმინისტრატორი ისე, რომ საჯაროდ არ დაუკავშირებიათ ირანში მომხდარ ყველაზე ძალადობრივ რეპრესიებთან.
ვატანკას აზრით, არაფის აღმასვლა არ ყოფილა შემთხვევითობა. ანალიტიკოსის შეფასებით, ხამენეის სურვილი ის მნიშვნელოვან პოსტებზე დაენიშნა "აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვნად ენდობოდა მის ბიუროკრატიულ უნარებს".
ვატანკა არაფის აღწერს "უნარიან ქვეით სამხედროდ", რომელიც, სავარაუდოდ, თავის პიროვნულ ქარიზმაზე მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს ისლამური რესპუბლიკის გადარჩენას.
სხვა ფიგურებთან შედარებით. - ისეთებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი, - რომლებსაც, ვატანკას თქმით, "ხელები მეტისმეტად სისხლიანი აქვთ", არაფი არის რიგიანი წარსულის მქონე ადმინისტრატორი, რომელსაც IRGC-მაც შეიძლება მხარი დაუჭიროს, მმართველობის პროცესის გაგრძელებისთვის.
რელიგიური წრეები არაფის კარგად იცნობენ, თუმცა ირანის ფართო საზოგადოებაში ის ნაცნობი ფიგურა არ არის. მას აკლია პიროვნული ძალაუფლება და შესაძლოა გაურთულდეს IRGC-ის აბსოლუტური ერთგულების განკარგვა.
ზომიერი არჩევანი: ჰასან ხომეინი
ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის 53 წლის შვილიშვილი წარმოადგენს კლერიკალური ისტებლიშმენტის ყველაზე მძლავრ სიმბოლოს იმისა, თუ "რა შეიძლებოდა ყოფილიყო". ჰასან ხომეინი არის ზომიერი შეხედულებებით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელსაც უფრო მკაცრი ორიენტაციის ფიგურები დიდი ხნის მანძილზე სწევდნენ გვერდზე.
მაგრამ ახლა მისი სახელი გამოიკვეთა პოტენციურ შემრიგებელ კანდიდატურად - განსაკუთრებით მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ურჩევნია თეირანში "უფრო ზომიერი" ლიდერი მოვიდეს.
კლერიკალური სისტემისთვის, რომლის ლეგიტიმურობასაც ძირი ეთხრებოდა და რომელიც საერთაშორისო იზოლაციის წინაშეა, ხომეინი შემობრუნების პერსპექტივას განასახიერებს. ის დაკავშირებულია რეფორმატორ წრეებთან და გამოდის სოციალური თავისუფლებებისა და დიპლომატიური დეესკალაციის მოწოდებებით.
მაგრამ იგი ათვალწუნებული ჰყავთ მკაცრი ორიენტაციის ფიგურებს. როცა ჰასან ხომეინი 2022 წელს სიტყვით გამოდიოდა, მას იმდენჯერ შეაწყვეტინეს, რომ უზენაესმა ლიდერმა ხამეინიმ აუდიტორიას შენიშვნაც კი მისცა.
2016 წელს ხომეინის მეურვეთა საბჭომ დისკვალიფიკაცია მისცა სწავლულთა საბჭოში კენჭისყრაზე - რაც ნიშნავს, რომ მის კანდიდატურას რომ IRGC-ი დათანხმდეს, ისლამური რესპუბლიკა თითქმის კოლაფსის მდგომარეობაში უნდა იყოს და ის უნდა მიიჩნიონ ბოლო ეტაპის "გადარჩენის რგოლად", რევოლუციის თავიდან ასარიდებლად.
"გადარჩეს, რაც შემორჩენილია"
ვატანკას შეფასებით, ხელისუფლების გადაცემის ნებისმიერი სიტუაციური კონტექსტი ამ მისიის პირველივე დღიდან უმნიშვნელო იქნება. ვინც უნდა იყოს, ლიდერი ჩაიბარებს სახელმწიფოს, რომელზეც სამხედრო თავდასხმა ხორციელდება, რომლის მოსახლეობაც დაქანცულია და რომლის ეკონომიკაც მძიმე სირთულეებს განიცდის - რაც ყველაზე ურყევ იდეოლოგსაც კი პრაგმატიზმისკენ უბიძგებს.
"ახლა არის ამ ომის დასრულების, გადაჯგუფებისა და იმის გადარჩენის დრო, რაც ამ ქვეყნისგან შემორჩა", - ამბობს ვატანკა.
ფორუმი