პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918 წელს, ძველი გიმნაზიის შენობაში გაიხსნა. ახლა იქ თსუ-ს პირველი კორპუსია. პირველი და მეორე კორპუსები, რომლებზეც განათლების რეფორმაზე საუბრებისას "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, არ იყიდებაო, დღეს 55 906 კვადრატულ მეტრს იკავებს ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში - უნივერსიტეტის ეს ტერიტორია აერთიანებს კაფეტერიას პირველი კორპუსის ეზოში, პარკინგს კორპუსებს შორის და გამწვანებულ ფერდებს, რომელთაგან ერთი ვარაზის ხევს, მეორე კი ვერეს ხეობაში გაჭრილ საავტომობილო გზას ესაზღვრება.
პირველი და მეორე კორპუსების მოპირდაპირე მხარეს, თსუ-ს მეექვსე, შედარებით მომცრო კორპუსია, რომელიც ჟურნალისტიკის სტუდენტებს ეთმობათ. თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ჟურნალისტიკა 2026 წლიდან მხოლოდ თსუ-სა და თეატრალურ უნივერსიტეტში დარჩება, როგორც სასწავლო დისციპლინა, ორივე უნივერსიტეტი ჯამში 140 ახალ სტუდენტს მიიღებს. თსუ-ს თეატრალური ინსტიტუტისგან განსხვავებით ჟურნალისტიკის არა მხოლოდ ქართულენოვანი, რუსულენოვანი პროგრამაც აქვს.
მეექვსე კორპუსის ფართობი სულ 390 კვადრატული მეტრია.
მეექვსე კორპუსიდან ასიოდე მეტრში თსუ-ს კიდევ ერთი, მეოთხე კორპუსია, 1929 წელს აგებული შენობა. გარედან კორპუსი მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელთან ლენტია გაბმული - მთავარ კართან ბათქაში ჩამოცვენილა. შენობის ფართობი 846 კვადრატული მეტრია.
ჭავჭავაძის გამზირზეა თსუ-ს მერვე კორპუსიც, ის ძირითადად კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტებს ეთმობათ. ეს შენობა 3 171 კვადრატული მეტრია და გზის მეორე მხარეს მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსები “ემეზობლება”.
სანამ მერვე კორპუსამდე მიხვალთ, ჭავჭავაძის გამზირზე, 11ბ ნომერში თსუ-ს მესამე კორპუსი შეგხვდებათ - 1 318 მ2 შენობა რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფოს ეკუთვნის და უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებას აძლევს.
კიდევ ერთი კორპუსი, რომელიც თსუ-ს ჭავჭავაძის გამზირზე აქვს, ესაა მეხუთე კორპუსი, 2 574 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც ყავლგასულად და მცირედ მოუვლელად გამოიყურება.
გარდა ჭავჭავაძისა, თსუ-ს საკმაოდ დიდი შენობები აქვს დიღომში, აკაკი ბელიაშვილის 78 ნომერში - აქ 11 353 კვადრატულ მეტრზე, სამ შენობაში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს - ესაა კვლევითი დაწესებულება, სადაც ბიოსამედიცინო კვლევები ტარდება. ამ შენობას სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები იყენებდნენ. "ქართული ოცნების" განათლების რეფორმა თსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტს აუქმებს. რა ბედი ეწევა მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობას, ჯერ არავის უთქვამს.
ყველაზე დიდი შენობები უნივერსიტეტის ქუჩაზეა, მაღლივი კორპუსი, სადაც გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტია, ბიოლოგების კორპუსი და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. აქ ზაფხულობით მისაღები გამოცდები ტარდება.
თსუ-ს ბიბლიოთეკაში 8 მილიონამდე წიგნი ინახება, მათგან 3 000 რარიტეტული გამოცემაა. თსუ-ს ბიბლიოთეკის შექმნა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, კიტა აბაშიძის ანდერძთან არის დაკავშირებული. მან პირადი ბიბლიოთეკა, რომელშიც ფრანგულენოვანი ლიტერატურა ჭარბობდა, უნივერსიტეტს ახალი შენობების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.
თსუ-ს ბიბლიოთეკა - 1970-იან წლებში აშენებული ნაგებობა - საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. ეს შენობა 2019 წელს ნაწილობრივ შეაკეთეს.
საბურთალოზე ამ სამი შენობის გარდა თსუ ფლობს ფიზიკის ინსტიტუტის შენობას დიდი ეზოთი თამარაშვილის გამზირზე, რომლის ნაწილია 1958 წელს აშენებული მიწისქვეშა ლაბორატორია. 1950 წელს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფუძნებული ფიზიკის ინსტიტუტი თსუ-ს 2006 წელს გადაეცა. ფიზიკის ინსტიტუტში ისტორიის მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევენ 1961 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის ნილს ბორის სტუმრობას.
ფიზიკის ინსტიტუტს თამარაშვილის გამზირზე 24 273 კვადრატული მეტრის ფართობი მიწის ნაკვეთი უკავია - მისგან რამდენიმე მეტრში, უნივერსიტეტის ქუჩის მეორე მხარეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დეველოპერული პროექტის, Citizen-ის სამშენებლო მოედანია.
იქვე, 46 000 კვადრატულ მეტრზე, ყოფილი “ზაკვოს” (Закавказский Военный Округ, ЗакВО - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი) ტერიტორიაზე, სადაც ჯერ საბჭოთა ჯარების და 1993 წლიდან უკვე რუსეთის ფედერაციის ჯარის სამხედრო შტაბ-ბინა იყო, 4 საცხოვრებელი კორპუსისა და ერთი ბიზნესთაუერსისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. აქ კვადრატული მეტრის ფასი თითქმის 5 000 დოლარია.
კიდევ ერთი სამშენებლო პოლიგონი, სადაც თსუ-ს საინტერესო უძრავი ქონება აქვს, დანელიას ქუჩაა. აქ 20 687 კვადრატული მეტრის ფართობზე მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტია განთავსებული.
საბჭოთა კავშირის დროს აგებულ სწორხაზოვანი შენობის ერთი მხარე განახლებულია - ფასადები შეღებილია, თუმცა დერეფნები და ოთახები გამოშიგნულის და მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც შენობაში არ გვიშვებს, გვეუბნება, რომ ფიზიკოსები აქ ყოველდღიურად დადიან, ზოგჯერ სტუდენტებიც მოჰყავთ, მაგრამ ისინი მხოლოდ შენობის ერთ ნაწილს იკავებენ. როცა ვეკითხებით, თუკი ეს აქტიური სამეცნიერო და სასწავლო კერაა, რად არის ეზო სამშენებლო ნაგვითა და რკინის ნარჩენებით სავსე, გვეუბნება, რომ ჯერ ერთი - ჯართიც ქონებაა და მეორეც - ამის გაკეთება მარტივი საქმე არ არის.
ქალაქის ეს ნაწილი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტიდან ფიზიკის ინსტიტუტამდე, ბოლო რამდენიმე წელია სწრაფი განაშენიანების ზონად არის ქცეული - მრავალსართულიანი კორპუსების გარდა უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენდა სპორტის სასახლე, თავად უნივერსიტეტის ქუჩა კი თბილისის მერიამ 3 წლის წინ განაახლა. გაკეთდა საავტომობილო ხიდიც, რომელიც საბურთალოს ბაგებთან აკავშირებს და გვირაბი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩაზე გადადის.
ბაგებში ხიდით გადასვლისთანავე ხვდებით თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელთან, რომლის გაუსაძლისი პირობებიც დიდი ხანია მსჯელობის საგანია. აქ მისულებს გვეუბნებიან, რომ სტუდენტების მოთხოვნების შემდეგ, პირობები გაუმჯობესდა - მოწესრიგდა სველი წერტილები და სამზარეულოები. აღნიშნავენ იმასაც, რომ სტუდენტების ცხოვრებაც აღარ არის ისეთი, როგორსაც მიჩვეულები იყვნენ - ახალგაზრდები აქ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ და უფრო და უფრო მეტს მუშაობენ.
1976 წელს აშენებულ სტუდენტურ საცხოვრებელს 13 060 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია. მისი მფლობელი სახელმწიფოა, რომელმაც ტერიტორიაზე ორი შენობით სარგებლობის უფლება უნივერსიტეტს ათწლეულების წინ მისცა. სხვა შენობებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს სტუდქალაქის ნაწილი იყო, დევნილები ცხოვრობენ.
თსუ-ს საბურთალოზეც აქვს სტუდენტური საცხოვრებელი - უნივერსიტეტის 99 წლის იუბილეზე სახელმწიფოსგან ნაჩუქარი 15 653 კვადრატული მეტრი ფართობი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე. 2017 წელს საზეიმოდ გაიხსნა 320-ადგილიანი, სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსი სპორტული მოედნით და გასართობი სივრცეებით. ახლა აქ დაახლოებით 250 სტუდენტი ცხოვრობს და როგორც შესასვლელთან ღობეზე მიფენილი ჩანთები და სკუტერები მიანიშნებს, ბევრი მათგანი კურიერად მუშაობს. საბურთალოს სტუდქალაქამდე მხოლოდ ერთი ავტობუსი მიდის, მის გარშემო ახალი მშენებლობების ბუმია.
გარედან ჩანს, რომ ახალი შენობების ფასადები დაზიანებულია, აგურით მოპირკეთებული ფრაგმენტები დაობებულია, სპორტულ მოედანზე ქარისგან მოტეხილი ხის ტოტები ყრია, საკანალიზაციო ჭების სახურავები ახდილია. სტუდენტები ამბობენ, რომ შენობა შიგნითაც უხარისხოდაა ნაშენები.
თითო ოთახში აქ ორი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ოთახს აქვს ტუალეტი და აბაზანა, მაგრამ სამზარეულო საერთოა - თითო სართულზე, თითო. ბაგებთან შედარებით აქ გადასახადი მეტია, 150 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ ამ ფასად თბილისში ღამის გასათევის პოვნა რთულია, სტუდენტები აქ წლობით რჩებიან.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 5 მარტს გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერიდან ირკვევა, რომ სტუდენტურ საცხოვრებელს გაყვანილობის პრობლემებიც აქვს - მესამე კორპუსში დაზიანებული საჯანალიზაციო მილებიდან ფეკალიები შენობის სარდაფში ჩადის და ქმნის როგორც ელექტროგაყვანილობის დაზიანების, ისე ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. თსუ ამბობს, რომ ეს პრობლემა მოულოდნელად წარმოიშვა, მის მოგვარებაში 16 837 ლარს იხდის და იმედი აქვს რომ პირველ მაისამდე ეს სამუშაოები დასრულებული იქნება.
გარდა საკუთარი შენობებისა, თსუ-ს სხვა უძრავი ქონებაც აქვს, რომლებსაც სარგებლობის უფლებით ფლობს. ასეთია, მაგალითად, ჯამში 755 კვადრატული მეტრი ფართობის ორი ნაგებობა ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაა (ISET). ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას "ქართული ოცნების" რეფორმით, 40%-ით (165-დან 100-მდე) უმცირდება სტუდენტების კვოტა, მიუხედავად იმისა, რომ ISET-ს ეკონომიკურ მეცნიერებებში ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან და კურსდამთავრებულების 99% ასაქმებს. ამავე ინსტიტუტში 50%-ით მცირდება ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების კვოტა.
კიდევ ერთი სარგებლობის უფლებით გადაცემულ შენობაში, ნუცუბიძისა და ინტენსიფიკაციის გზებს შორის, კოსმოფიზიკური ლაბორატორიაა - 331 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობა 2021 წელსაა აშენებული.
11 249 კვადრატული მეტრის შენობას იყენებს თსუ ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისთვის პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში - ეს ნაგებობაც სახელმწიფოსგან უფასოდ სარგებლობის უფლებით აქვს მიღებული.
თსუ თბილისის გარეთაც არაერთ ქონებას ფლობს, მაგალითად, კოჯორში 10 100 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული სახლები ტყის პირას, რომლებიც უნივერსიტეტის საკუთრებაა 1980 წლიდან და მათემატიკის ინსტიტუტის დასასვენებელ ზონად არის აღრიცხული. აქ 6 კოტეჯი დგას 12 საცხოვრებელით.
ხის სახლები დაშლის პირას არის, ეზო მოუვლელია და ერთადერთი ნიშანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქაურობას პატრონი ჰყავს, არის ახლად გაკეთებული გამაფრთხილებელი ნიშნები იმის შესახებ, რომ შენობებში შესვლა აკრძალულია.
თსუ-ს კორპუსებიდან ვაკეში მდებარე კორპუსების ჯამური ფართობი 300 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს, საბურთალოზე უნივერსიტეტის ქონება 250 000 კვადრატულზე მეტია. თუ აქაც დავუშვებთ, რომ მათი ნახევარი მაინც ახალი დეველოპერული პროექტების სამშენებლო მოედნებად იქცევა, სავარაუდოა ისიც, რომ განსაკუთრებით 3-5-სართულიანი შენობების ადგილას უფრო მაღალი კორპუსები აშენდება. ამ შემთხვევაში, ძალიან უხეში დათვლებით, ვაკეში, სადაც კვადრატული მეტრის ფასი საცხოვრებელ კორპუსებში 1 800$-დან 2 500$-მდე მერყეობს, ახალი ბინების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ყველაზე ცოტა, 600 მილიონი იქნება. საბურთალოზე კი, ასევე სასწავლო კორპუსების ნახევრის ადგილზე ახალი და ორჯერ მაღალი შენობების აშენების შემთხვევაში, აქ დაახლოებით 450 მილიონის ღირებულების ბინების გაყიდვა იქნება შესაძლებელი.
რა შეიძლება გაიყიდოს უნივერსიტეტის ქონებიდან?
ამ კითხვაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ არის, თუმცა 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ უკვე გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, ფართობით 8 335 კვადრატულ მეტრი. ამ სამსართულიანი შენობის ახალი მეპატრონე საქართველოს უნივერსიტეტი გახდა, რომლის რექტორიც გარდა უნივერსიტეტის მართვისა, სამშენებლო ბიზნესითაც არის დაკავებული.
ფორუმი