ის გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარმოსათქმელად საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მიიწვია.
მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილი გახდა, სამების ტაძრის მშენებლობის - საქართველოს პარტრიარქის უმნიშვნელოვანესი პროექტის განმახორციელებელი და სულის ჩამდგმელი.
"ამიტომ მტკიცე საფუძველი მაქვს იმისა, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიწვიო და ვთხოვო რამდენიმე სიტყვა წარმოთქვას, როგორც საქართველოს მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ და როგორც უწმინდესი პატრიარქის ეპოქალური უმნიშვნელოვანესი პროექტის - სამების საკათედრო ტაძრის მთავარი ქტიტორი", - თქვა გიორგი ზვიადაძემ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას – დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა",- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი სიტყვებით, პატრიარქთან განშორება არ ჰგავს "ჩვეულებრივ განშორებას" "რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას".
ბიძინა ივანიშვილის თქმით ადამიანი „მეორედ იბადება“, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს, და განსაკუთრებული ადამიანები ამ პირად გარდასახვას ერისა და ქვეყნის ბედს უკავშირებენ.
საქართველოს ისტორიის რთულ პერიოდებში "უფლის განგებით" ერი წარმოშობს ისეთი გამორჩეულ ადამიანებს, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ილია II, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის გადარჩენასა და სულიერ გაძლიერებაში.
"უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ! უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ. ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს – ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.
უწმინდესო და უნეტარესო – დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის. ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…“, – გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან - "წიწამურში რომ მოკლეს ილია" ციტატით დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიტყვით გამოსვლა.
- სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა შეასრულა მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად.
- წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.
ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის ეკლესიის დელეგაცია მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის ეგზარქატის წინამძღოლის, მინსკის მიტროპოლიტ ვენიამინის ხელმძღვანელობით.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის დელეგაცია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
- ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1977 წლიდან.
ფორუმი