საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ორმა დრონმა შეუტია, რასაც მცირე მასშტაბის ხანძარი და უმნიშვნელო ზიანი მოჰყვა.
თავდასხმის გამო საელჩომ საუდის არაბეთში მყოფ ამერიკელებს მიმართა, თავი შეიკავონ საელჩოში მისვლისგან და ელ-რიადში, ჯიდასა და დაჰრანში თავშესაფრებში დარჩნენ.
ელ-რიადში საელჩოზე შეტევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ NewsNation-ს განუცხადა, რომ პასუხი იქნება და ამას მალე შეიტყობენ.
- 2 მარტს საუდის არაბეთში ირანული დრონებით შეტევა იყო ქალაქ რას-ტანურაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.
- 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
- ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.
ფორუმი