„თქვენ რაიმენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმების დროს?“ - იკითხა ელჩმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში. ხოლო თბილისის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) სამხედრო თვითმფრინავის დროებით დაჯდომასთან დაკავშირებით თქვა:
„თუკი რეგიონიდან იქნება რაღაც ოპერატიული ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენც გვექნება ამაზე რეაქცია“.
ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარასკევ საღამოს გაავრცელა.
„შეგიძლიათ მითხრათ, რომელი სიტყვაა მუქარის შემცველი?“ - ჰკითხა ელჩმა „ფორმულის“ ჟურნალისტს თავის პოსტთან დაკავშირებით.
„ფასის გადახდა“, „შიდა დესტაბილიზაციაზე აქცენტი“, - უპასუხა ჟურნალისტმა. პოსტში ელჩი წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
„საქართველოს გულისხმობს?“
„როდესაც მტერი თავს ესხმის თქვენს ქვეყანას, და ამ დროს სხვა ქვეყანა თანამშრომლობს ამ მტერთან, უთმობს თავის ტერიტორიულ სივრცეს, ტერიტორიულ წყლებს, ხმელეთს, რომ ამ მტერმა თქვენზე განახორციელოს თავდასხმა, როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ქვეყნის მიმართ?“ - ჰკითხა ელჩმა „ფორმულას“.
„როდესაც მტერი გამოიყენებს სამხედრო ბაზებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს, სადაზვერვო ცენტრებს, - ოღონდ რომლებიც მდებარეობს მესამე ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? მიესალმებით?“ - იკითხა მან.
ჟურნალისტი და ელჩი საელჩოს თარჯიმნის დახმარებით საუბრობდნენ. ამ კითხვაზე ჟურნალისტმა ელჩს საპასუხო კითხვა დაუბრუნა: „საქართველოს გულისხმობს მესამე ქვეყნებში, როდესაც ამბობს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორია გამოიყენება?“
„თქვენ რაიმენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმების დროს?“ - კვლავ იკითხა ელჩმა.
„აი, ამაზე გვინდა სწორედ თქვენი შეფასების მოსმენა“, - მიმართა ჟურნალისტმა.
„ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“
„ქვეყანასთან, რომელიც არ დაეხმარება ამერიკასა და ისრაელს ირანის თავდასხმებში, ირანზე აგრესიას არ შეუწყობს ხელს, არ დაუთმობს ბაზებს, თავის ტერიტორიას, თავის შესაძლებლობებს, ჩვენ ყოველთვის გვექნება, წარსულის მსგავსად, ნორმალური ურთიერთობები“, - განაცხადა ელჩმა მოჯანიმ.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, - „საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც, ელჩის აზრით, ეხმარება ისრაელს და ამერიკას“, - ელჩმა უპასუხა:
„მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ამაზე უნდა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე პასუხი მე არა მაქვს“.
„იყო მინიშნება რუბიო-კობახიძის საუბარზე?“
შემდეგ ალი მოჯანიმ ჟურნალისტს ჰკითხა, თუკი წაკითხული აქვს ის პოსტი, - რომელსაც კრიტიკა მოჰყვა, - იყო იქ რამე „მინიშნება ბატონი პრემიერისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარზე?“
„ახლა უცებ გარეთ რომ წვიმა წამოვიდეს, ხომ ვერ მეტყვით, ქოლგით რატომ არ მოხვედიო?“ - უპასუხა ელჩმა.
- 30 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა; ეს მათი პირველი კომუნიკაცია იყო. მათ ტელეფონით ისაუბრეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“.
- ელჩა მოჯანიმ სადავო პოსტი 31 მარტს გამოაქვეყნა ფეისბუკზე.
- რუბიო-კობახიძის საუბრიდან 2 დღეში კი, 1 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათით დაეშვა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი, - აშშ-ის საელჩოს ცნობით, მსგავსი გადაადგილება „რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“.
ამერიკულ თვითმფრინავზე
სწორედ ამის შემდეგ, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ კითხვაზე - რას ფიქრობს ამაზე, ამასაც გულისხმობს, როცა „ტერიტორიის გამოყენებაზე“ საუბრობს - ირანის ელჩმა განაცხადა:
„ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამერიკის მოქმედებს რეგიონის მასშტაბით და ჩვენი რაკეტების რადიუსის მიხედვით. თუკი რეგიონიდან იქნება რაღაც ოპერატიული ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენც გვექნება ამაზე რეაქცია“.
შეხვედრა საგარეო უწყებაში
ელჩმა პირველ აპრილს საკუთარი ინიციატივით გამართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე“, - დაწერა მან.
ის იმეორებს, რომ „მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას“.
წინა დღეს, 31 მარტს, ალი მოჯანიმ ფეისბუკზე დაწერა პოსტი, რომელიც საქართველოში ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა საქართველოსადმი მუქარად აღიქვა.
„მუქარანარევი განცხადება“
კერძოდ, მან დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და „კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
ელჩი ასევე წერდა: „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს - როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
იგი კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებდა და წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
პარტია „ფედერალისტების“ შეფასებით, ეს განცხადება „შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს“, - განაცხადა პარტიამ.
„ემოციური განცხადება“ - „ხალხის ძალა“
პარასკევს, 3 აპრილს, დილას, მუქარა უწოდა მოჯანის პოსტს პარლამენტში „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმაც.
„ირანის ელჩის განცხადება, რა თქმა უნდა, არ არის იმ ფარგლებში, რაც უნდა იყოს ჩვეულებრივი დიპლომატის უფლება-მოვალეობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სცდება“, - განაცხადა მან, თუმცა თქვა:
„მისი მუქარა, ცოტა არ იყოს, უადგილოდ ჟღერს, თუმცა, მეორე მხრივ, გავითვალისწინოთ, რომ მისი ქვეყანა საშინელ ომშია ჩართული და შეიძლება ნერვებმა უმტყუნა და თავისი მხრიდან შეეცადა საკუთარი ქვეყნის დაცვას, თავისი გადმოსახედიდან“.
„შეგახსენებთ, რომ ხშირად ყოველდღიური რეაგირება არ გვაქვს ხოლმე უკრაინის მხრიდან სხვადასხვა არამეგობრულ გამოხტომებზე, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ომშია ჩართული“, - თქვა მან.
მან დადებითად შეაფასა ელჩის საგარეო უწყებაში ვიზიტი: „როგორც ჩანს, იგი დამშვიდდა და გადაწყვიტა, რომ მიეღო ინფორმაცია პირველი პირებისგან და გაეგო, რეალურად რა ხდებოდა. რადგან ამ ინციდენტით ამოიწურა მისი „მუქარები", როგორც ჩანს, მან მიიღო დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა დეპუტატმა.
პაპუაშვილი: „საქართველო არ არის მოედანი“
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა კი თქვა:
„საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ“.
„გასაგებია, რომ არის ამის სურვილი თუ ამოცანაც, გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება: საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ“, - განაცხადა მან.
- ირანის და აშშ-ისრაელის დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქომ თეირანისგან ბოდიში მკაცრად მოითხოვა.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
ფორუმი