ალი მოჯანის თქმით, შეხვედრის ინიციატივა თავად გამოიჩინა:
„ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე“, - დაწერა მან 1 აპრილს.
საგარეო უწყებას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სამინისტროს პრესცენტრს დამაზუსტებელი კითხვებით. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
„კონსტრუქციული საუბარი“ და „რეალობა“
ალი მოჯანის თქმით, სამინისტროში შედგა „კონსტრუქციული საუბარი“, რომელიც ეხებოდა „სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრულ ურთიერთობებს“.
„ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს“, - წერს იგი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში. ის ხშირად წერს ქართულად.
ელჩი ამტკიცებს, რომ „ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით“, ირანის „ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია“.
„მიდგომების გადახედვა“
ის იმეორებს, რომ „მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას“.
ელჩი მოჯანი ამბობს, რომ ბოლო წლების გამოცდილების თანახმად, „დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას“.
„რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა“, - დაწერა მან.
„მუქარის შემცველი“ განცხადება
წინა დღეს, 31 მარტს, ალი მოჯანიმ ფეისბუკზე დაწერა პოსტი, რომელიც საქართველოში ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა საქართველოსადმი მუქარად აღიქვა.
კერძოდ, მან დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და „კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
ელჩი ასევე წერდა: „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს - როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
იგი კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებდა და წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
პარტია „ფედერალისტების“ შეფასებით, ეს განცხადება „შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს“, - განაცხადა პარტიამ.
„ფედერალისტების“ თანახმად, „ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოჰყვება“.
„მისი ნებაა“ - „ქართული ოცნება“
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაიბარონ თუ არა ელჩი ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა:
„ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო... უფრო ამომწურავად, კომპეტენტურად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს“.
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კი თქვა:
„ჩვენ არ ავყვებით ჭორებს - ვინ რას იტყვის. ის, რომ ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც მოერგება საქართველოს ინტერესებს“.
„სამწუხარო მოცემულობა, რაც ირანშია, არავისთვის არის მისაღები. თავად შტატებშიც არის პოზიცია, რომ ეს პროცესები მალე უნდა დასრულდეს და ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერში ჩავერევით, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს“, - თქვა ასევე მან.
„ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა კი 2 აპრილს განაცხადა:
„ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს მას რომც არ განეცხადებინა, ვიცით“.
ახალი ელჩი და დაძაბულობა რეგიონში
განათლებით ისტორიკოსი, სეიედ ალი მოჯანი, არის ირანის სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული „ირანოლოგიის ფონდის“ მრჩეველი. არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტი.
მისი ელჩად დანიშვნა და თბილისში ჩამოსვლა 2025 წლის ბოლოს/2026 წლის დასაწყისში დაემთხვა ირანში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომელთა დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ათასობით ადამიანი დახოცეს.
მოგვიანებით იყო აშშ-ისა და ისრაელის იერიში ირანზე, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, და ირანის პასუხი, - 28 თებერვალს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
- ირანის ძალებმა შეუტიეს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებს.
- თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
თბილისის გამოხმაურებები
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, „კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“ იყო საუბრის თემა 30 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
მათ ტელეფონით ისაუბრეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“.
რუბიო-კობახიძის საუბრიდან 2 დღეში, 1 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათით დაეშვა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი.
„საჰაერო ხომალდების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ჩვეულებრივი ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას აშშ-ის საელჩოში.
ფორუმი