ახალგაზრდა კაცმა სამი დღე ცხედრებთან გაატარა.
აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების დოკუმენტაციის ცენტრი“ ჰყვება ამბავს ოჯახზე, რომელიც შვილს სამი დღის განმავლობაში ეძებდა.
უსაფრთხოების გამო მათი ვინაობა გამჟღავნებული არ არის. ახალგაზრდა კაცი ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხში მონაწილეობდა, მაგრამ პროტესტზე სახლიდან გასული შინ აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრებმა ჯერ საავადმყოფოები დაიარეს, შემდეგ კი ბეჰეშტ ზაჰრას მიაშურეს. ეს არის ირანის უდიდესი სასაფლაო, თეირანთან ახლოს. ოჯახის წევრს ვერც იქ მიაგნეს და საბოლოოდ თეირანის პროვინციის ქალაქ კაჰრიზაკში აღმოჩნდნენ.
ირანის პროტესტის ჩახშობის შემდეგ გავრცელდა ბევრი ვიდეოჩანაწერი რომელშიც ჩანს, ცხედრებით სავსე კაჰრიზაკის სასამართლო-სამედიცინო ცენტრი. შავ ტომრებში ჩადებული ათობით გვამი არა მხოლოდ მორგში აწყვია, არამედ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც, ღია ცის ქვეშ. ხალხი ცხედრებს შორის დადის. ცდილობენ ახლობლები ამოიცნონ. ვინც უკვე იპოვა, ტირის.
ვიდეოში ერთგან ჩანს მონიტორი, სადაც გარდაცვლილთა სახეებს აჩვენებენ. ესეც იმისთვის, რომ ხალხმა ახლობლები ამოიცნონ.
სამი დღის დაკარგული შვილის მოსაძებნად მშობლები კაჰრიზაკში რომ ჩავიდნენ, მათაც ცხედრების თვალიერება მოუხდათ. მოულოდნელად, ერთ-ერთ პარკში შვილი დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბიჭს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მძიმედ დაშავებული სამი დღე გაუნძრევლად იწვა იმის შიშით, რომ სამხედროები შეამჩნევდნენ და საკონტროლო ტყვიას დაახლიდნენ.
„ეს ამბავი კარგად ასახავს, თუ როგორ ახშობდნენ პროტესტს, როგორ ეპყრობოდნენ დაჭრილებს და რა სირთულეებს აწყდებოდნენ ოჯახის წევრები სამედიცინო დახმარების მისაღებად. ისინი იძულებულები იყვნენ საყვარელი ადამიანები საავადმყოფოებში, მორგებსა და უსაფრთხოების ორგანოებში ეძებნათ. თუმცა, ინტერნეტის მკაცრი შეზღუდვების გამო, ამ ამბის დამოუკიდებელი გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - წერს „ირანის ადამიანის უფლებების დოკუმენტაციის ცენტრი“.
სოციალურ მედიაში, მათ შორის სპარსულენოვანშიც, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ირანში მომხდარის შესახებ. იდება დაღუპულთა ფოტოები და სახელები, ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრიან დემონსტრანტებს. თუმცა, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ირანთან კომუნიკაცია უკიდურესად შეზღუდულია, ინფორმაციის გადამოწმება ან რთულდება, ან საერთოდ ვერ ხერხდება. ციფრული უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ NetBlocks-მა დათვალა, რომ 25 იანვრისთვის 400 საათზე მეტი იყო გასული ირანში ინტერნეტის გათიშვიდან.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტო (HRANA) იუწყება, რომ უკვე დადასტურებულია სიკვდილის 6 ათასამდე შემთხვევა, ხოლო იმ გარდაცვლილთა რიცხვმა, რომელთა შესახებაც გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს, 17 ათასს გადააჭარბა.
ჟურნალ Time-ის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 30 ათასზე მეტის კი იყოს. ეს ინფორმაცია გამოცემას ირანის ჯანდაცვის სფეროდან ორმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. დაღუპულების უმეტესობა აღრიცხეს 8-9 იანვარს, როდესაც მთავრობა ყველაზე სასტიკად ახშობდა პროტესტს.
პრობლემა გახდა დაღუპული დემონსტრანტების დაკრძალვაც. ოჯახებს ცხედარს მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ ატანენ. გადასახდელ თანხად ყველა სხვადასხვა რიცხვს ასახელებს, დაწყებული 500 დოლარით, დამთავრებული რამდენიმე ათასით.
ასევე აიძულებენ ოჯახებს, მოკლული არა დემონსტრანტად, არამედ სპეცრაზმელად გაასაღონ.
„ჩემს ოჯახზე ძალიან ცოტა რამ ვიცი, ორ-სამჯერ ძალზე მცირე დროით ველაპარაკე. ვიცი, რომ ოჯახის წევრები ჯანმრთელად არიან, მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი დაიღუპა, ახალგაზრდები, 25-40 წლისები. ისინი ისლამურმა რესპუბლიკამ დახოცა“, - ამბობს შაჰაბი, ის თბილისში ირანის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.
„ირანული პრესა წერს, რომ მხოლოდ მაშჰადში (მეორე დიდი ქალაქია თეირანის შემდეგ) 3 ათასი კაცი მოკლეს, მათ შორის ქალებიც და ერთი 3 წლის ბავშვიც“, - ჰყვება აქციის კიდევ ერთი მონაწილე სოჰრაბ ნორუზი.
„ვერ გვიგზავნიან გადაღებულ ვიდეოებს. ვერ რეკავენ, როცა რეკავენ ესეც ძვირი უჯდებათ. სატელიტები დალეწეს. უამრავი უდანაშაულო ადამიანია დახოცილი და ცხედრებში ათასობით დოლარს სთხოვენ“, - ამბობს შოკუფე.
საქართველოში მცხოვრები ირანელები ჰყვებიან, რომ იციან დახოცილების ვინაობა, მაგრამ ვერ ამბობენ, მოკლულების ოჯახებს ეშინიათ, რომ მათაც გაუსწორდებიან.
23 იანვარს სარა ჰოსაინმა, ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სესიაზე განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ ტყვიამფრქვევებსა და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს, რასაც „შოკისმომგვრელი“ მსხვერპლი მოჰყვა. ჰოსაინმა აღნიშნა, იყო დასახიჩრების, წამების, სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ხალხს თვითნებურად ხოცავდნენ და აპატიმრებდნენ.
ირანში საპროტესტო აქციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო და კულმინაციას იანვრის პირველ ნახევარში მიაღწია. თავიდან აქციების მონაწილეები ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული მოთხოვნებით გამოდიოდნენ. თანდათანობით პროცესი ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა.
ფორუმი