Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა ირანში ვენესუელის მსგავსი სცენარი განვითარდეს?


დემონსტრანტი გამარჯვების ნიშნით ცეცხლთან, არეულობის ფონზე ილამის პროვინციის ქალაქ აბდანანში, 6 იანვარს
დემონსტრანტი გამარჯვების ნიშნით ცეცხლთან, არეულობის ფონზე ილამის პროვინციის ქალაქ აბდანანში, 6 იანვარს

უკვე ორი კვირაა, ირანი შეძრა საყოველთაო საპროტესტო აქციებმა, რაც ამ ქვეყნის რელიგიური ისტებლიშმენტისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
დემონსტრაციები 28 დეკემბერს დედაქალაქის ბაზრებში დაიწყო - თეირანის კომერციულ და პოლიტიკური ცენტრში - და მას შემდეგ 92-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნის უმეტეს ნაწილში გავრცელდა.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახური, რადიო „ფარდა“ საპროტესტო აქციების მნიშვნელობასა და იმის შესახებ, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანში სამხედრო ჩარევა, ესაუბრა მაიკლ რუბინს, პენტაგონის ყოფილ ოფიციალურ პირს, რომელიც უფროს მკვლევრად მუშაობს American Enterprise Institute-ში.

რადიო თავისუფლება: უახლეს სტატიაში თქვენ წერთ, რომ ირანში „დემოკრატია, სავარაუდოდ, შორსაა". რატომ ფიქრობთ ასე?

რუბინი: იმიტომ, რომ ირანში ძალიან ბევრი ძალაა, რომლებიც დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან. ეს ძალები, რომლებსაც დემოკრატიის ჩაშლა სურთ, ამჟამად გაცილებით უკეთ არიან აღჭურვილნი რესურსებით და, სავარაუდოდ, გაცილებით უკეთ იქნებიან შეიარაღებული. ისტორიის ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

შეხედეთ ირანის ისტორიის იმ პერიოდებს, რომლებიც, შესაძლოა, ჩამოჰგავს მოზაფარ ალ-დინ შაჰის პერიოდის “კონსტიტუციურ რევოლუციას.” იქმნებოდა ვითარება, როდესაც დემოკრატიის ძალებს წლები სჭირდებოდათ გამარჯვებისთვის, რადგან მანამდე ორგანიზებული კონტრრევოლუციის წინააღმდეგობის დაძლევა უწევდათ.

რადიო თავისუფლება: ეს რევოლუციაა, რასაც ახლა ირანში ვაკვირდებით?

რუბინი: შესაძლოა იყოს. როდესაც თეირანის ბაზარი იხურება, ეს ჩვეულებრივი პროტესტისგან განსხვავებული მნიშვნელოვანი მოვლენაა. 1905 წლის “კონსტიტუციური რევოლუცია” თეირანის ბაზრის დახურვით დაიწყო. შემდეგ, 1952 და 1953 წლებში, მოსადეღის (ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში) პერიოდიც თეირანის ბაზრის დახურვით ხასიათდება. ამის მერე, 1978 წელს, როდესაც გაზეთმა „ეთელაათმა“ აიათოლა ხომეინის ცილი დასწამა, სახალხო წინააღმდეგობა პროტესტის ნიშნად რეალურად თეირანის ბაზრის დახურვით დაიწყო.
თეირანის ბაზარი ცნობილია, როგორც კონსერვატიული და რელიგიური ადგილი. ასე რომ, ის, რასაც ახლა ვხედავთ, სინამდვილეში არის პროტესტი, რომელსაც, სავარაუდოდ, აქეზებენ, თუ არ ხელმძღვანელობენ, ადამიანები, რომლებიც უზენაეს ლიდერს ოდესღაც ეგონა, რომ ჯიბეში ჰყავდა.


რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ XX საუკუნის დასაწყისის “კონსტიტუციური რევოლუცია”. ხედავთ მსგავსებას ორ მოვლენას შორის? დღეს, ძირითადად, ჩანს, რომ ხალხი გაიძახის „სიკვდილი დიქტატორს“ და ამავდროულად პროტესტს გამოთქვამს ინფლაციის, ფასების ზრდისა და ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ამის შედარება საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ პროტესტთან?


რუბინი: პირველ რიგში, არ შეიძლება "მაშრუთიათზე" - ირანის “კონსტიტუციურ რევოლუციაზე” საუბარი იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ის მიმდინარეობდა პირველი რუსული რევოლუციის ფონზე, რომელმაც 1905 წლის რევოლუციის მოდელი შექმნა და რასაც სახელმწიფო დუმის ჩამოყალიბება მოჰყვა.

ერთ-ერთი მსგავსება 1905, 1906 და ახლანდელ პერიოდებს შორის ის არის, რომ ბევრი ირანელი საკმაოდ განაწყენებული იყო მონოპოლიებითა და ფინანსური მართვის ფორმით, რომელშიც შაჰი იყო ჩართული. დღეს კი, ფინანსური პრეტენზიები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ისინი მაინც ფინანსებს ეხება. კარგი ამბავი ის არის, რომ 1905 წელს, როდესაც უკან ვიხედებით, რეალურად არ არსებობდა არცერთი ქარიზმატული ლიდერი. და მაინც, ამან მოიტანა ირანის ისტორიაში ადგილობრივი დემოკრატიის, შესაძლოა, უდიდესი პერიოდი. ამიტომ, ერაყისა და ავღანეთისგან განსხვავებით, ირანელები დემოკრატიას არ უყურებენ და არ ამბობენ, რომ ეს უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული ძალაა. ირანელები დემოკრატიას უყურებენ და ამბობენ, რომ ეს ადრეც გაუკეთებიათ. ეს დადებითია.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობენ ვაშინგტონში ამ ყველაფერთან დაკავშირებით? რადგან ვხედავთ, როგორ იმეორებს პრეზიდენტი ტრამპი მუქარას, რომ თუ მომიტინგეებს დახოცავენ, აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს მათ და ა.შ. და ა.შ.

რუბინი: არ ვარ დარწმუნებული, უფრო ფიქრობენ თუ უფრო სპონტანურად რეაგირებენ. სწორედ ეს არის საშიში.
რაც მაშფოთებს არის ის, რომ დონალდ ტრამპი სხვა პრეზიდენტებისგან იმით განსხვავდება, რომ არ გრძნობს ვალდებულებას საკუთარ ნათქვამზე.

და მაშფოთებს ის, რომ დონალდ ტრამპი ირანელებს წაახალისებს, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდონ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ დაინახონ, რომ ამერიკელები არაფრის გაკეთებას აპირებენ მათ დასახმარებლად. აქ პარალელია ჯორჯ ბუშ უფროსის შემთხვევასთან 1991 წლის თებერვალში ერაყში, როდესაც მოუწოდა ერაყელ ხალხს, აჯანყებულიყვნენ და დაემხოთ დიქტატორი სადამი. ერაყელი ხალხი აჯანყდა და შემდეგ ამერიკელები მათ დასახმარებლად აღარ მივიდნენ. სწორედ მაშინ გამოიყენა სადამ ჰუსეინმა საბრძოლო ვერტმფრენები ერაყელი ხალხის გასანადგურებლად.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ მოხდეს ირანშიც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თუ ამას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არ აკეთებს, რადგან არ სურთ საკუთარი ოჯახის წევრების, თანატოლების და ა.შ. დახვრეტა, ამას ჰაშდ ალ-შააბი (უცხოელი მებრძოლების რაზმები, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს) გააკეთებს ან ფატემიუნის ბრიგადა.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ შეიძლება ირანში განვითარდეს მსგავსი სცენარი ვენესუელისა, სადაც აშშ-ის ძალებმა ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს ქვეყანა დაატოვებინეს, მაგრამ მისი რეჟიმი არ დაუმხვიათ?

რუბინი: დიახ, ვფიქრობ, რომ ეს სავარაუდოა. და უნდა განვმარტო, რომ მე მსურს, რომ ირანელებს ჰქონდეთ დემოკრატია. მსურს, რომ დაეცეს რეჟიმი. ასე რომ, ვლაპარაკობ როგორც ანალიტიკოსი და არა როგორც ადვოკატი. თუმცა არ ვფიქრობ, რომ რეზა ფეჰლევიმ (ირანის ბოლო შაჰის ვაჟი, ყოფილი ტახტის მემკვიდრე, ოპოზიციური ფიგურა ემიგრაციაში) ეფექტიანად იმოქმედა. ის შვებულებაში იმყოფებოდა, როცა ეს დაიწყო და, მგონი, გუშინ ჩავიდა ვაშინგტონში. მაგრამ ის იქ არ უნდა იყოს.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, სად უნდა იყოს ამჟამად ფეჰლევი? გასაგები მიზეზების გამო, ის ირანში ვერ იქნება.

რუბინი: არა, ცხადია, ირანში ვერ იქნება. მაგრამ საინტერესოა, ხომ არ შეიძლება იყოს სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანაში, თუმცა შესაძლოა თავდაპირველად ისინი მის იქ ყოფნას არ მისალმებოდნენ. მაგრამ, მაგალითად, დუბაიში რომ იყოს, სწორედ იქ შეძლებდა დაკავშირებას ირანელ ახალგაზრდებთან, რომლებიც იქ ჩადიან, და აპოლიტიკურ ელიტასთან, რომელსაც შეიძლება ის არ ახსოვდეს. არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ფეჰლევის ფიგურას მიმზიდველობა აქვს.

ვფიქრობ, რეზა ფეჰლევის ირანში, შესაძლოა, 35 პროცენტის მხარდაჭერა ჰქონდეს და მას საუკეთესო შესაძლებლობა აქვს, გამაერთიანებელი ფიგურა გახდეს. მოდი, ეს გვერდზე გადავდოთ.

რაც მე მაშფოთებს, არის ვენესუელის მსგავსი ვითარება, სადაც ტრამპი შეეცდება ძალაუფლების გადაცემას, ძალაუფლების გადაცემას ისეთი ადამიანისთვის, როგორიც არის [ირანის ყოფილი ზომიერი პრეზიდენტი ჰასან] როჰანი, რომელიც, როგორც მე ვამბობ, იმას უყურებს, თუ ქარი საით დაუბერავს. როგორც [ტრამპი] თვლის, მას შეუძლია გარდამავალ პერიოდში ქვეყნის მართვა, მაგრამ, შესაძლოა, არ სურდეს ისლამური რესპუბლიკის აღსასრული. ეს იმ ძველ დებატებს უკავშირდება, რომლებიც აშშ-ში გვქონდა იმის შესახებ, რეფორმატორები ნამდვილად რეფორმატორები არიან თუ არა. პირადად მე რეფორმატორს კარგ პოლიციელად აღვიქვამ, (ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის) ცუდ პოლიციელთან შედარებით. არ მიმაჩნია, რომ რეფორმატორები გულწრფელი არიან და არ მგონია, რომ ირანელებს ეს სურდეთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, აცნობიერებს თუ არა ამას დონალდ ტრამპი ან ადარდებს თუ არა ეს.


XS
SM
MD
LG