5 იანვარს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ყოფილი დიქტატორი ნიკოლას მადურო აშშ-ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგებოდა, ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა სახელმწიფოს დროებითი მეთაურის ფიცი დადო კარაკასში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ს განუცხადა, რომ დელსი როდრიგესი „ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის“, თუ უარს იტყვის აშშ-სთან თანამშრომლობაზე.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, მოუწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა, ალბათ მადუროზე მეტისაც კი“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განმარტა, რომ როდრიგესმა აშშ-ს ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე, განსაკუთრებით ნავთობის საბადოებზე, „სრული წვდომა“ უნდა მისცეს. მისი აზრით, როდრიგესს „სხვა ვარიანტები არ აქვს“. ცოტა ხნით ადრე ტრამპმა თქვა, რომ აშშ „საჭიროების შემთხვევაში მზადაა, მეორე და გაცილებით მასშტაბური შეტევა განახორციელოს“.
თავის მხრივ, დელსი როდრიგესმაც მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და ვაშინგტონს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ვენესუელა კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისადმი თავის ერთგულებას. <…> პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხები და ჩვენი რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს, - განაცხადა დელსი როდრიგესმა, - ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ვენესუელა „სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს“, ვაშინგტონი „ინარჩუნებს გავლენის არაერთ ბერკეტს, რათა უზრუნველყოს თავისი ინტერესების დაცვა“.
დონალდ ტრამპმა მადუროს დაპატიმრების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ხელში იღებს ვენესუელის „მართვას, ვიდრე არ იქნება მიღწეული უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პერიოდი“.
3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს (Operation Absolute Resolve) და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი. მადურო და ფლორესი, რომლებსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის იზოლატორში გადაიყვანეს. 5 იანვარს მადურო წარდგა აშშ-ის მართლმსაჯულების წინაშე.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ბრალად ედებათ შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ ნარკოტერორიზმის, კოკაინის შემოტანის მიზნით, ტყვიამფრქვევებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა, აგრეთვე შეთქმულება ტყვიამფრქვევების და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის მიზნით.
“ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალად ედება შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ ნარკოტერორიზმის, კოკაინის შემოტანის მიზნით, ტყვიამფრქვევებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა, აგრეთვე შეთქმულება ტყვიამფრქვევების და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის მიზნით. მალე ისინი ამერიკის მიწაზე მკაცრი ამერიკული მართლმსაჯულების პირობებში ამერიკის სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, - დაწერა პემ ბონდიმ.
სპეცოპერაციის მსვლელობა
3 იანვარს აშშ-ის არმიისა და საზღვაო ძალების ოპერაცია (Operation Absolute Resolve) ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შესაპყრობად წარმატებით დასრულდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ხანგრძლივი და გულმოდგინე დაგეგმვის, არამედ ოპერაციის შედარებით მოკრძალებული მიზნის წყალობითაც: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუცვლია არც „ჩავისტური” რეჟიმი და არც ქვეყნის დროებითი ოკუპაცია მოუხდენია. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ოპერაციის მსვლელობისას მადურო კარგად დაცულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.
ანალიტიკოსებმა ოპერაციის მიმდინარეობის სავარაუდო სურათი აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, გენერალ დენ კეინის ოფიციალური მონათხრობით, ამერიკული მედიისთვის ხელმისაწვდომი ფრაგმენტული ინფორმაციითა და კარაკასის მცხოვრებლების მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეოს საშუალებით აღადგინეს:
3 იანვარს, ღამის 1-დან 2 საათამდე, კარაკასის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. ქალაქში პირველი აფეთქებები გაისმა. საჰაერო იერიში იქნა მიტანილი ელ-ვულკანოს მთაზე მდებარე რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე, ლა-გუაირას პორტზე და ახლომდებარე საზღვაო აკადემიაზე, საავიაციო ბაზასა და ორ აეროპორტზე. ასევე განადგურებული იქნა კარაკასის გარშემო არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები (ძირითადად რუსული Бук-М2Э - საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის დივიზიონის გამშვები დანადგარები). აშშ-ის სამხედროებმა, სავარაუდოდ, ასევე გამოიყენეს რადიოელექტრონული ჩახშობის მძლავრი საშუალებები, რამაც ასევე შეუშალა ხელი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას.
შემდეგი საჰაერო იერიშები მიმართული იყო კარაკასის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ფუერტე-ტიუნას სამხედრო ბაზაზე. თავდაპირველად ავიაბომბები ჩამოყარეს ობიექტზე, სადაც განთავსებულია როგორც დედაქალაქ კარაკასის დაცვის მექანიზებული ბატალიონი, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ელიტის თავშესაფრები, შემდეგ კი ბაზაზე იერიში მიიტანეს ამერიკულმა ვერტმფრენებმა.
პარალელურად კარაკასის თავზე გამოჩნდნენ აშშ-ის 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკის შვეულმფრენები - CH-47 Chinook და CH-53 Sea Stallion-ები, რომლებიც კარიბის ზღვაში, კარაკასიდან 230 კილომეტრში განთავსებულ აშშ-ის საზღვაო ძალების უნივერსალური სადესანტო ხომალდიდან, USS Iwo Jima-დან აფრინდნენ.
დილის 2:00 საათზე, ვერტმფრენებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის (“დელტა“) წევრები სამხედრო ბაზაზე გადასხეს. ხანმოკლე ბრძოლის (ნახევარ საათზე ნაკლები) შემდეგ (რომლის დროსაც ერთი ვერტმფრენი დაზიანდა), სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დატყვევებული მადურო და მისი მეუღლე ერთ-ერთი ვერტმფრენით Iwo Jima-ზე გადაიყვანა.
NYT-ის ცნობით, ოპერაციაში, რომელიც 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, სულ 150 ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა.
აშშ და დასავლეთი ნახევარსფერო
3 იანვრის შემდეგ ბევრი ექსპერტისთვის ნათელი გახდა, თუ რატომ იყო 2025 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ვენესუელის, არამედ მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს ყურადღება მიპყრობილი შეერთებული შტატებისკენ. მათი თქმით, ეს არის ყველაზე მკვეთრი და მნიშვნელოვანი ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მანამდე, განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, ისე ჩანდა, თითქოს ვაშინგტონს დავიწყებული ჰქონდა დასავლეთი ნახევარსფერო. თუმცა ტრამპის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.
დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე უყენებდა მკაცრ ულტიმატუმებს დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების ლიდერებს. ინაუგურაციის შემდეგ კი ტრამპმა, რიგ შემთხვევებში, სამხედრო კონტინგენტებიც კი გადაისროლა ამ სახელმწიფოების საზღვრებთან, დაიწყო ამავე ქვეყნებში ათიათასობით არალეგალი იმიგრანტის დაბრუნება, ხოლო კრიტიკას ტრამპმა მკაცრი სავაჭრო ტარიფებითა და სანქციებით უპასუხა.
დონალდ ტრამპმა შარშანდელი, 2025 წელი დაიწყო პანამის არხის ხელში ჩაგდების, გრენლანდიის ანექსიის და, საჭიროების შემთხვევაში, მექსიკაში (ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად) ამერიკის ჯარების განლაგების დაპირებით. შარშანვე ტრამპის განკარგულებით, მექსიკის ყურეს ეწოდა ამერიკის ყურე.
აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წელი სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკების გადამზიდ მცირე ზომის გემებზე საჰაერო დარტყმებით დაასრულა: კარიბის ზღვის აუზში მან განალაგა მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი და სხვა გემები, ასობით თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დრონი და ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცი. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიად აცხადებდა, რომ შეისწავლიდა ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დამხობის სამხედრო ვარიანტებს. როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ ამ ვარიანტებიდან იქნა შერჩეული ერთ-ერთი. 2026 წელი ტრამპმა ვენესუელაში აშშ-ის სამხედროების სწრაფი, მასშტაბური და კარგად გათვლილი ოპერაციით დაიწყო: აშშ-ის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებმა დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომლის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აშშ-ის სასამართლოებში რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა.
3 იანვრის სტატისტიკა
The New York Times-მა ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. მოგვიანებით ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ვლადიმირ პადრინომ ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაცვის რაზმის დიდი ნაწილი დაიღუპა აშშ-ის მიერ 3 იანვარს მოწყობილი ოპერაციის დროს.
დონალდ ტრამპის თქმით, ოპერაციის მსვლელობისას ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც კი არ დაღუპულა (მხოლოდ რამდენიმე დაიჭრა). აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ოპერაციისას მოკლული იქნა „ბევრი კუბელიც“.
კუბის მთავრობის განცხადებით, ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 კუბელი სამხედრო, რომლებიც „რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით ასრულებდნენ მისიას“ ვენესუელის შესაბამისი ორგანოების თხოვნით.
„დონალდ ტრამპი მთელ დასავლეთ ნახევარსფეროს თავის საძინებელ კვარტლად მიიჩნევს, - ამბობს მაურისიო კლავერ-კარონე, აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ლათინურ ამერიკაში, რომელიც დღესაც აგრძელებს თეთრ სახლთან თანამშრომლობას. - ვერ იქნები მსოფლიოს წამყვანი ძალა, თუ არ ხარ წამყვანი ძალა საკუთარ რეგიონში“.
დონალდ ტრამპი გამუდმებით საუბრობს თავის მთავარ მიზანზე, რომელიც ლათინური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებისა და არალეგალი იმიგრანტების შემოდინების შეჩერებას გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, რომ თეთრი სახლის მთავარი მიზანი პლანეტის „თავის“ ნახევარზე ამერიკის დომინირების აღდგენაა.
ვინ იქნება შემდეგი?!
3 იანვრის სპეცოპერაციის შესახებ Fox News-ის რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემისას დონალდ ტრამპმა თქვა: „მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი კარგი ქალია, მაგრამ მექსიკას ნარკოკარტელები მართავენ და არა ის. მექსიკასთან დაკავშირებითაც რაღაც უნდა გაკეთდეს“.
ტრამპმა, რომელიც 4 იანვარს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ „კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ და რომ მას მართავს „ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც მოსწონს კოკაინის წარმოება“ და აშშ-ში გაყიდვა, მაგრამ ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს.
ჟურნალისტის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს კომენტარი, რომ მომავალში სპეცოპერაცია შესაძლოა კოლუმბიაშიც ჩატარდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს მისთვის „კარგად ჟღერს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტროც დაადანაშაულა კოკაინის წარმოებაში. თავის მხრივ, კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და წლები აქვს მიძღვნილი გავლენიან პოლიტიკოსებსა და შეიარაღებულ ნარკომოვაჭრეებს შორის არსებული კავშირების გამოძიებისა და გამოაშკარავებისთვის.
ტრამპი კუბასაც შეეხო. მისი თქმით, კუბის კომუნისტური რეჟიმი „როგორც ჩანს, მზადაა დაცემისთვის“.
„არ ვიცი როგორ გადარჩებიან ისინი, თუ საერთოდ გადარჩებიან, მაგრამ კუბას ამჟამად არანაირი შემოსავალი არ აქვს. მთელ შემოსავალს ვენესუელიდან, ვენესუელის ნავთობიდან იღებდნენ“, - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე.
მონროს დოქტრინა - დაბრუნება საგარეო პოლიტიკურ ფესვებთან
200 წელზე მეტი ხნის წინ, 1823 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში საფუძველი ჩაუყარა ამერიკის საგარეო პოლიტიკის („ამერიკა ამერიკელებისთვის“) ძირითად პრინციპებს და დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის დომინირებას, რომელსაც მის პატივსაცემად „მონროს დოქტრინა“ ეწოდა. ეს დოქტრინა მოგვიანებით ამერიკული გლობალური სტრატეგიის ფუძემდებლურ დოკუმენტად იქცა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში. თავდაპირველად, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, „მონროს დოქტრინა“ ძირითადად განზრახულებათა დეკლარაციად და ევროპის დიდი სახელმწიფოების (ყოფილი მეტროპოლიების) გაფრთხილებად რჩებოდა, რომ არ გაებედათ ახალი სამყაროს დამოუკიდებელი სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა. თუმცა დროთა განმავლობაში, აშშ-მ, „მონროს დოქტრინაზე“ დაყრდნობით, დაიწყო ღიად ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარება ლათინურ ამერიკაში.
ექსპერტთა თქმით, ეს აშკარად გამოჩნდა ე.წ. თეოდორ რუზველტის დოქტრინაში (ასევე ცნობილი, როგორც „დიდი ხელკეტის პოლიტიკა“), რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა „მონროს დოქტრინის“ ინტერპრეტაცია. მაშინ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ თუ ლათინურ ამერიკაში რაიმე სახის კონფლიქტები და დაძაბულობა წარმოიშობოდა, შეერთებული შტატები ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფდა მათ მოგვარებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც.
ტერმინი „დიდი ხელკეტის პოლიტიკა“ პირველად ნახსენები იქნა თეოდორ რუზველტის (მაშინდელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის) 1901 წლის 2 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში, როდესაც მომავალმა პრეზიდენტმა ციტატად მოიტანა დასავლეთაფრიკული ანდაზა: „რბილად ილაპარაკე, მაგრამ ხელში გეჭიროს დიდი ხელკეტი. ასე შორს წახვალ“ (Speak softly and carry a big stick. You will go far).
„მონროს დოქტრინა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი რამით გადავაჭარბეთ მას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 3 იანვრის სამხედრო ოპერაციის დეტალებზე საუბრისას.
პოლიტიკოსების, ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების ნაწილმა დასავლეთ ნახევარსფეროსადმი აშშ-ის ახალ მიდგომას უკვე უწოდა „დონროს დოქტრინა“ (ეს ტერმინი პირველად The New York Post-ის გარეკანზე გამოჩნდა გასული წლის იანვარში) - ნიშნად აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ XIX საუკუნის ძველი პრინციპების თავისებური ინტერპრეტაციისა.
XIX–XX საუკუნეების დასაწყისიდან მოყოლებული ათეულობით წლის განმავლობაში, ვაშინგტონი განუწყვეტლივ ცდილობდა გავლენის მოხდენას სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. იყო შემთხვევები, როცა აშშ მხარს უჭერდა სამხედრო გადატრიალებას (მაგ. ჩილეში, პარაგვაიში, ბრაზილიაში, გვატემალაში, ელ-სალვადორში...), ატარებდა ფარულ ოპერაციებს ან ზოგჯერ პირდაპირ იჭრებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში (კუბა, მექსიკა, გვატემალა, დომინიკის რესპუბლიკა, გრენადა, პანამა). აშშ-ის ასეთი საგარეო პოლიტიკა რეგიონში 100-150 წლის წინ ძირითადად აიხსნებოდა მსოფლიოს წამყვან კოლონიურ იმპერიებს შორის მეტოქეობით (რესურსებისა და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა), თუმცა შემდეგ, განსაკუთრებით XX საუკუნის მეორე ნახევარში, საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად უკავშირდება სსრკ-სთან და სხვა კომუნისტურ რეჟიმებთან სამხედრო-იდეოლოგიურ დაპირისპირებას.
„ცივი ომის“ დროს ვაშინგტონი ცდილობდა დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისა და კაპიტალისტური სისტემის დაცვას (მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროში) და ებრძოდა საბჭოთა გავლენისა და კომუნისტური იდეების გავრცელებას. ამ ბრძოლის ფარგლებში კი ხშირად უჭერდა მხარს ისეთ დიქტატორებს, როგორებიც იყვნენ აუგუსტო პინოჩეტი, ანასტასიო სომოსა, ალფრედო სტრესნერი, ხოსე ეფრენ რიოს მონტი.
1987 წელს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) პანამის დიქტატორს, მანუელ ნორიეგას (როგორც ახლა მადუროს), კოლუმბიელ ნარკობარონებთან კავშირისთვის ოფიციალური ბრალდებები წარუდგინა, ორი წლის შემდეგ კი აშშ პანამაში შეიჭრა ნორიეგას შეპყრობის მიზნით. აშშ-ის მთავრობამ პანამაში ინტერვენციისას არგუმენტის სახით პირველად გამოიყენა „დემოკრატიის აღდგენა“. ეს იყო მინი-ომი აშშ-სა და პანამას შორის, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდა. ნორიეგა რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს აფარებდა ვატიკანის საელჩოს, თუმცა ბოლოს ჩაბარდა ამერიკას, სადაც ის 1992 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნეს.
თუმცა ბოლოს, ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა: მთელი ყურადღება გადატანილი იქნა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არსებულ სახიფათო ომებსა და სავაჭრო კონკურენციაზე, ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროში, როგორც ეს ჩამოყალიბებულია აშშ-ის სამხრეთ სარდლობის (USSOUTHCOM) ოფიციალურ მისიაში, ვაშინგტონი უკიდურესად დუნედ ახორციელებდა „სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ტრანსნაციონალური სამხედრო, ტერორისტული და კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას“ ფოკუსირებისას. თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა დონალდ ტრამპის მეორედ არჩევის შემდეგ.
რუსეთის, ევროპის, ჩინეთისა და სხვ. რეაქციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ვენესუელის ლიდერის გატაცება, რაც, უწყების შეფასებით, ყველა წარმოუდგენელ საერთაშორისო ნორმასა და წესს არღვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ვაშინგტონს, გაათავისუფლოს მადურო და დაუბრუნდეს კარაკასთან ყველა უთანხმოების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას.
თუ ლავროვი გვიყურებს: სერგეი, შობას გილოცავ!“ - მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის მოსალოდნელ რეაქციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ არ მოელის ვენესუელის გამო რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას და რომ მოსკოვს „უკრაინაში საქმეები საკმარისად აქვს“. შემდეგ აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სახელით მიმართა რუს კოლეგას და შობა მიულოცა მას:
„ჩვენ ველოდით, რომ ისინი (რუსეთის ხელმძღვანელობა) მადუროს რეჟიმს რიტორიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ. ვფიქრობ, უკრაინაში საქმეები საკმარისად აქვთ. და თუ ლავროვი გვიყურებს: სერგეი, შობას გილოცავ!“
აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ვაშინგტონმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა.
„რა შემიძლია რომ ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტი არ უხსენებია, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ პუტინი იგულისხმა.
„ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოსა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პეკინის აზრით, ვაშინგტონის ქმედებები „არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ვენესუელის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკაში“.
კუბამ და ირანმაც დაგმეს აშშ-ის ქმედებები. თეირანმა, რომელიც 2025 წლის ივნისში აშშ-მა დაბომბა, განაცხადა, რომ 3 იანვარს მომხდარი არის „ვენესუელის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა“ და რომ ამაში უნდა ჩაერიოს გაეროს უშიშროების საბჭო.
ვენესუელის ახლო მოკავშირე კუბამაც დაგმო „მამაცი ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო ტერორიზმი“.
მექსიკის მთავრობამ, რომელსაც ტრამპი ასევე დაემუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, მკაცრად დაგმო აშშ-ის სამხედრო ქმედება და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება „სერიოზულად უთხრის ძირს რეგიონულ სტაბილურობას“.
ვენესუელის მოსაზღვრე კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ აშშ-ის ქმედებებს უწოდა ლათინური ამერიკის „სუვერენიტეტზე თავდასხმა“, რაც, მისი აზრით, ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.
ვაშინგტონის ბევრმა მოკავშირემ, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოხატა თანაგრძნობა მადუროს ან მისი რეჟიმის მიმართ, საჭიროდ ჩათვალა ხაზი გაესვა საერთაშორისო სამართლის დაცვის აუცილებლობისთვის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა: „ჩვენ მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევთ და მისი რეჟიმის დასასრულის გამო ცრემლებს არ ვღვრით“, შემდეგ კი დასძინა: „დღეს დილით კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის მიმართ“.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მადურომ „თავისი ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა“, თუმცა მან აშშ-ის ქმედებებს იურიდიულად „რთული“ უწოდა.
დონალდ ტრამპის მოკავშირემ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ღიად და ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ვაშინგტონს. ჯორჯა მელონიმ აშშ-ის ქმედებებს „ლეგიტიმური“ და „თავდაცვითი“ უწოდა.
კარაკასის ექო საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - ვკითხულობთ საგარეო უწყების გამოხმაურებაში.
რაც უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია". სალომე ზურაბიშვილი
ნიკოლას მადუროს დაკავებისა და ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შესახებ Facebook-ში დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მან, საგარეო უწყებისგან განსხვავებით, ყურადღება გაამახვილა დიქტატორების ბედზე.
„ნერონი, კალიგულა, დომიციანი, თემურლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ჰასადი, მადურო … მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
მთლიანობაში, კარაკასის 3 იანვრის სპეცოპერაციამ ქართული საზოგადოება ორ პირობით ჯგუფად გაყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მადუროს დამხობა და დაპატიმრება შესაძლოა ყველა დიქტატორისთვის გაგზავნილი სიგნალი და დადებითი შინაარსის მატარებელი მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისი იყოს.
“როგორ უნდა მოაშორო ავადმყოფი დიქტატორები ქვეყანას, რომლებსაც ტერორის გზით, "სიკვდილის ესკადრონების" გამოყენებით მძევლად ჰყავთ აყვანილი მთელი მოსახლეობა? როგორ უნდა მოიქცე, როცა საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, იმიტომ რომ გაეროს უშიშროების საბჭოში გიზის, მინიმუმ, რუსეთი, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველა ასეთ დიქტატორს კბილებით იცავს, მათ წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედით გადაწყვეტილებას ვეტოს ადებს და პირიქით, აიარაღებს კიდეც ასეთ კაციჭამიებს, სამხედრო ინსტრუქტორებს უგზავნის, რათა უფრო კარგად ისწავლონ საკუთარი ხალხის ხოცვა დიქტატორის სიკვდილის ესკადრონებმა? რა უნდა ქნან ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა ასეთ დროს?” - კითხულობს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი.
მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სამყარო უბრუნდება მტაცებლური იმპერიალიზმის ეპოქას, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა საერთაშორისო სამართალს ან ღირებულებებს, არამედ სამხედრო ძლიერებას.
“შემზარავი სწორედ ის პერსპექტივაა, რომლის ლეგიტიმაციასაც ეს კონკრეტული ამბავი ასახავს: რომ ნებისმიერ ძლიერ თუ "ზესახელმწიფოს" უფლება აქვს სამხედრო ინტერვენციით პატარა და სუსტი ქვეყნების მისაკუთრება. მთავარია "დიდი სივრცე" (Grossraum) როგორ გადანაწილდება (კარლ შმიდტი კიდევ ერთხელ აღსდგა საფლავიდან). აშკარაა, რომ დღეს "დიდი სივრცეების" მორიგ დიდ ტექტონიკურ ძვრებში ვიმყოფებით, აშშ, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი თუ თურქეთი ამ "დიდი სივრცეების" ახალი გადანაწილებისთვის იბრძვიან. ეს არანაირად არაა "ღირებულებათა ომი", როგორიც იყო "ცივი ომი" კაპიტალისტურ დასავლეთსა და საბჭოთა სოციალიზმს შორის, ან ომი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმებს შორის”, - წერს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც არ ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას ეპოქალურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან 3 იანვრის სპეცოპერაციის მსგავსი რამ ადრეც არაერთხელ მომხდარა, მათ შორის აშშ-ის მონაწილეობით, თუმცა ამას პროცესისთვის ლეგიტიმაცია არ მიუცია, რის მაგალითადაც გამოდგება რუსეთი, რომელმაც ათი წლის წინ ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მოახდინა ყირიმის ანექსია.
„კი, პატარა ქვეყნებისთვის ჯობია ლიბერალური მსოფლიო წესრიგი სადაც დაცულია ქვეყნის სუვერენიტეტი (თუნდაც ავტორიტარული ქვეყნებისა). მაგრამ ასეთ წესრიგთან მიახლოებაც კი პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ ლიბერალური ქვეყნების (ანუ დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის) გლობალური დომინაციის პირობებში. არსებობს ასპროცენტიანი გარანტია, რომ ამერიკა თავის დომინანტურ პოზიციას ყოველთვის სწორად და კარგად გამოიყენებს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჩვენი პლანეტისთვის მაინც საუკეთესო ვარიანტია, ამერიკა იყოს ყველაზე ძლიერი და მისი უფრო ეშინოდეთ, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის“, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.
ფორუმი