ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირველი საჯარო სამუშაო შეხვედრა ახალი წლის შემდეგ.
არა, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე - მოსკოვის ახლო მოკავშირეზე - თავდასხმა და შემდეგ მისი პრეზიდენტის დაკავება დღის წესრიგში არ იდგა, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ - არა.
არც საპროტესტო აქციები ირანში, რომელიც მოსკოვის კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოკავშირეა. კუბის თემაც კი - რომლის მთავრობა დიდი ზეწოლის ქვეშაა ვენესუელაში არეულობის გამო - არ განუხილავთ.
პუტინის 12 იანვარს გამართულ საჯარო შეხვედრაზე - ტექნოკრატ ვიცე-პრემიერთან - დღის წესრიგში რუსული წარმოებისა და მისი მოძველებული კოსმოსური პროგრამის საკითხი იყო.
შეიძლება გეფიქრათ, რომ მოკავშირეთა ამ მასშტაბის დესტაბილიზაცია მოსკოვში უფრო მძაფრ რეაქციას გამოიწვევდა.
კრემლი ამ ურთიერთობებს ავითარებდა წლების განმავლობაში, თუ ათწლეულების განმავლობაში არა - ნაწილობრივ ეკონომიკური და სამხედრო მიზეზების გამო, ნაწილობრივ კი აშშ-ის კონკურენციის დასაძლევად. ის ასევე წლების განმავლობაში აკრიტიკებდა „ფერად რევოლუციებს“ - მთავრობების საწინააღმდეგო დემონსტრაციებს, რომლებიც, მისი თქმით, მხოლოდ აშშ-ის ძალისხმევას წარმოადგენს მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით.
თუმცა ვენესუელასა და ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსი ოფიციალური პირების არცთუ ისე ხმამაღალმა საჯარო განცხადებებმა - რომ აღარაფერი ვთქვათ ვლადიმირ პუტინის სრულ დუმილზე- რუსეთის ექსპერტებს შორის გაკვირვება გამოიწვია.
„რუსებს ამ საკითხებზე რაღაც უნდა ეთქვათ. ამიტომ [საგარეო საქმეთა სამინისტრო] მოსალოდნელი ფორმულირებით და მოსალოდნელი კრიტიკით გამოდის, მაგრამ, საერთო ჯამში, მოსკოვს არ სურს შეერთებული შტატების ზედმეტად უხეში კრიტიკა, ამიტომაც არის, რომ კრემლი და პუტინი სრულ დუმილს ინარჩუნებენ“, - ამბობს ჰანა ნოტე, ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის ევრაზიის გაუვრცელებლობის პროგრამის დირექტორი.
„აშშ-ის ეს ადმინისტრაცია დაუსჯელად, საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს, ატარებს თავის ინტერესებს, მათ შორის სამხედრო საშუალებებით და ეს გასდის. ესეც წარმოაჩენს რუსეთს, როგორც სუსტს", - თქვა ნოტემ. „ვფიქრობ, რუსეთს რეალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია აშშ-ის მოქმედების კურსის შესაცვლელად ან რაღაცნაირად მის შესაკავებლად. ამიტომ ასეთ ვითარებაში რა უნდა თქვას ვლადიმირ პუტინმა? ამიტომაც არაფერს ამბობს.“
„მე არ ვიტყოდი, რომ ისინი ჩუმად არიან“, - აღნიშნავს ნიკოლ გრაევსკი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი და პარიზის უნივერსიტეტის, Sciences Po-ს ასისტენტ-პროფესორი. „მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ, რას აკეთებენ ისინი კულისებში, განსაკუთრებით ირანში“.
ყოფილი ჟურნალისტისა და ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის, რუსლან სულეიმანოვის თქმით, ის, რომ აღშფოთებული ბრალდებები არ არსებობს ირანის, ვენესუელის ან თუნდაც სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ, ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მოსკოვის უმთავრესი პრიორიტეტი დღეს უკრაინაა.
„აშკარაა, რომ კრემლი ამჟამად სრულიად სხვა პრობლემებით არის დაკავებული“, - განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეპროექტს, “ნასტოიაშჩეე ვრემიას”, სულეიმანოვმა, რომელიც „ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრში“ მუშაობს, გერმანიაში.
„პუტინისთვის უკრაინაში კიდევ ერთი სოფლის დაკავება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასადის რეჟიმის გადარჩენა, როგორც ეს უკვე ვნახეთ, ან მადუროს გადარჩენა ვენესუელაში, ან კიდევ უფრო მეტად, აიათოლა ალი ხამენეის გადარჩენა ირანში.“
„კატეგორიულად მიუღებელი“
წარსულში, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა ხდებოდა - სამხედრო თავდასხმა, დესტაბილიზაციის გამომწვევი, მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი, სადავო არჩევნები - და ვაშინგტონი პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული, რუსი ოფიციალური პირები სწრაფად რეაგირებდნენ, იყო მოწოდება თავშეკავებისკენ ან მიმართავდნენ სხვა ქვეყნებს - ანუ შეერთებულ შტატებს - არ ჩარეულიყვნენ.
სახასიათო იყო 2007 წელს მიუნხენში პუტინის ცნობილი გამოსვლა, რომელშიც მან მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა: „ერთმა სახელმწიფომ - შეერთებულმა შტატებმა - ყველა სფეროში გადააბიჯა თავის სახელმწიფო საზღვრებს“.
გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, კრემლმა ვაშინგტონის მისამართით მკაცრი კრიტიკა შეარბილა, ამასთანავე, ყურადღება ევროპასა და ნატოსკენ გადაიტანა, განსაკუთრებით უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმები 3 იანვარს კარაკასში შეიჭრნენ, მოკლეს ათობით მცველი, დააკავეს ნიკოლას მადურო და მისი ცოლი და გადაიყვანეს აშშ-ის სამხედრო გემზე, რომელიც მათ ელოდებოდა, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას „შეიარაღებული აგრესიის აქტი“ უწოდა... "რაც ღრმა შეშფოთებას იწვევს და დაგმობას იმსახურებს.“
როდესაც 7 იანვარს აშშ-ის ძალები გემზე ავიდნენ და დააკავეს ნავთობტანკერი, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ვენესუელის წყლებიდან გავიდა და ამტკიცებდა, რომ ის რუსეთის დროშით დაცურავდა, მოსკოვის პირველი რეაქცია ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა Telegram-ზე გამოქვეყნებული ოფიციალური პოსტით, რომელიც შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელახლა გაავრცელა.
როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ გემზე დაკავებული რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა, სამინისტროს მწარე ენის მქონე პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
რუსეთს ხმამაღალი საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია ირანის გამო, სადაც 28 დეკემბერს დაიწყო დემონსტრაციები, რომლებიც შემდეგ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა და გავრცელდა და რასაც მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობა მოჰყვა.
12 იანვარს, იმავე დღეს, როდესაც ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თეირანის წინააღმდეგ „რამდენიმე ძალიან მკაცრ ვარიანტს“ განიხილავდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა თავის ირანელ კოლეგას, ალი ლარიჯანის.
შოიგუმ, პუტინის დიდი ხნის ნდობით აღჭურვილმა პირმა, დაგმო „გარე ძალების კიდევ ერთი მცდელობა, ჩარეულიყვნენ ირანის შიდა საქმეებში“.
ერთი დღის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო თავისთვის დამახასიათებელი ფორმით გააკრიტიკა აშშ და განაცხადა, რომ თეირანის მიმართ თეთრი სახლის მუქარა „კატეგორიულად მიუღებელია“.
ზახაროვამ ირანში გამოსვლებს უწოდა „ფერადი რევოლუცია“ - რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვის აზრით, დემონსტრაციები დაუზუსტებელი გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული.
„ირანი რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვენესუელა“
თუმცა რაც შეეხება კრემლს, იქიდან ბოლო დროის მოვლენებზე მხოლოდ დუმილია.
12 იანვარს ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვთან პუტინის შეხვედრა ძირითადად ტექნიკურ და ეკონომიკურ თემებს ეძღვნებოდა. მათ საგარეო საკითხები არ განუხილავთ.
14 იანვარს გამართულ კიდევ ერთ საჯარო შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთ ვიცე-პრემიერთან საგზაო უსაფრთხოება განიხილა და მიულოცა მას „2025 წელს სამშენებლო მრეწველობაში მიღწეული წარმატება“.
რუსეთში დღესასწაულების პერიოდში დუმილი ნაწილობრივ მაინც შეიძლება აიხსნას. იანვრის პირველი ორი კვირა, როგორც წესი, მშვიდი პერიოდია რუსეთში, ახალი წლისა და ძველი სტილით შობის აღნიშვნის გამო.
15 იანვარს კრემლში ახალი ელჩების მისასალმებელ ცერემონიაზე, პუტინმა დაახლოებით 15-წუთიან გამოსვლაში - ეს მისი ყველაზე გრძელი საჯარო სიტყვა იყო დღესასწაულების შემდეგ - ბოლო დროს მომხდარი არეულობები არ ახსენა, მხოლოდ ირიბი მინიშნება გააკეთა აშშ-ის ამჟამინდელ პოლიტიკაზე. „ქვეყნებს შორის დიალოგის ნაცვლად, ჩვენ გვესმის მონოლოგი იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც სარგებლობენ ძლიერის უფლებით, ლეგიტიმურად
მიიჩნევენ საკუთარი ნების კარნახს, სხვებისთვის სწავლებას და ბრძანებების გაცემას“, - თქვა მან.
უკრაინაში შეჭრა, რომლის მეოთხე წლისთავი ახლოვდება, კრემლისთვის პრიორიტეტია. ამ კონფლიქტმა მოსკოვს შეუზღუდა შესაძლებლობები, მოსპო ცოცხალი ძალა და იარაღი და დაასუსტა ეკონომიკა.
„რუსებისთვის ამ საკითხებისთვის გამორჩეული ყურადღების მიქცევას აზრი არ აქვს“, - თვლის სერგეი რადჩენკო, ისტორიკოსი და ჯონს ჰოპკინსის სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორი. „თუ საქმე ცუდად წავა, მათ ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ისინი უბრალოდ ლოცვასა და ფიქრებს უგზავნიდნენ ირანს აშშ-ისა და ისრაელის იერიშების დროს და ვენესუელის გამო კი კვლავ დუმდნენ“.
ნოტეს მსგავსად, რადჩენკოც ამტკიცებს, რომ კრემლი ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
„რევოლუციური სამყარო აღარ არსებობს და კრემლი შორსაა იმ აზრისაგან, რომ წამყვანის როლზე პრეტენზია ჰქონდეს”, - თქვა რადჩენკომ. „ამიტომ მათ შეუძლიათ არ გაამწვავონ სიტუაცია პრაგმატული მოსაზრებით, რადგან იციან, რომ მათ ხმაურის ატეხა სიკეთეს არ მოუტანს და შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტში აშშ-ის მიმართ რუსეთის დიპლომატიაც კი დააზარალოს”..
გაბრაზებული მხარის განცხადებები რუსეთს არც შარშან დეკემბერში არ გაუკეთებია, როდესაც კიდევ ერთი მტკიცე მოკავშირე - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი - მოულოდნელად დაემხო და რითაც მან დაკარგა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის მხარდასაჭერადაც ის ათი წლით ღიად ჩაერთო დაპირისპირებაში.
ვენესუელა შორს, ოკეანის გადაღმა იმყოფება და შესაბამისად, მოვლენებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მოსკოვს კიდევ უფრო შეზღუდული აქვს.
თუ აშშ-ის ოპერაციებმა ვენესუელაში კუბის კომუნისტური მთავრობის დაშლა გამოიწვია - მისი კავშირები მოსკოვთან 1960-იანი წლებიდან იწყება - ეს ასევე პრობლემური იქნება. თუმცა ექსპერტები მოელიან, რომ რუსეთის რეაგირება, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება.
თუმცა ირანის შემთხვევაში, რომელთანაც რუსეთს საზღვაო საზღვარი აქვს, ეს რეაქცია უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო, თქვა გრაევსკიმ.
„თუ ირანი რუსეთს ხელიდან გამოეცალა, ეს მხოლოდ დამცირება არ იქნება, ეს, ალბათ, მისი მოკავშირე ბოლო ავტორიტარული ქვეყნის დაკარგვა იქნება… ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით“, - თქვა მან.
„ირანი რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვენესუელა იყო, - თქვა გრაევსკიმ, - ამიტომ რუსები ძალიან არიან დაინტერესებული, რომ რეჟიმი გადარჩეს”.