Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ბრძოლის ველზე: რუსეთმა დაკარგა პოზიციები, თუმცა მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები კიევისთვის - ექსპერტები

დაკვირვების შედეგები, როგორც ჩანს, არ მიანიშნებს მასშტაბურ ცვლილებებზე უკრაინაში მიმდინარე ომში. თუმცა სულ უფრო მეტად ჭარბობს მოსაზრება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მეხუთე წელს თითქმის ჩიხშია შესული.

ომის ექსპერტებისა და ღია წყაროების მკვლევართა შეფასებით, პირველად, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა უკრაინაში, როგორც ჩანს, დაკარგეს ტერიტორია. იმავდროულად, უკრაინის ძალები წარმატებას აღწევენ ბრძოლის ველზე და უკან ახევინებენ რუსეთის ჯარს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეხუთე წელიწადს, უკრაინის სამხედრო ძალებთან კავშირების მქონე ღია ჯგუფის - „დიპსტეიტისა“ და ფინეთის კვლევითი ორგანიზაცია „ბლექ ბერდ გრუპის“ ანალიზი არ იძლევა უკრაინის ომში მასშტაბური ცვლილების მოლოდინის საფუძველს.

თუმცა მკვლევრები სულ უფრო მეტად თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მეხუთე წელს თითქმის ჩიხშია შესული, როცა მოსკოვი ვერ ახერხებს გადამწყვეტად მიაღწიოს თავის მიზნებს და კიევს არ შეუძლია რუსეთის ძალების განდევნა.

როგორც ჩანს, რუსეთი ფლობს მცირე უპირატესობას ფრონტის 1100-კილომეტრიანი ხაზის უმეტეს ნაწილზე. მაგალითად, - პოკროვსკში. რუსეთის ძალებმა ერთწლიანი დამღლელი კამპანიის შედეგად თითქმის სრულად დაიკავეს დონბასის სამხრეთში მდებარე ქალაქი პოკროვსკი. ამჟამად ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები ქალაქის ჩრდილოეთ კიდეზე მიმდინარეობს. უკრაინას ჯერ არ უღიარებია ქალაქის დაკარგვა.

რუსეთის წარმატებები იყო აგრეთვე მზარდი: ზოგიერთი შეფასებით, რუსეთის ძალები წინ მიიწევენ მეტრების სიჩქარით, პირველი მსოფლიო ომის დროს ყველაზე გამომფიტავი პოზიციური ბრძოლების მსგავსად.

თავის მხრივ, უკრაინის ძალები გადაღლილია, განიცდის პერსონალის ნაკლებობას და ბევრგან - იარაღისასაც. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე მყიფე თავდაცვა რუსეთის ძალებს უკრაინული პოზიციების სწრაფად გავლის შესაძლებლობას აძლევს, მოტოციკლებისა და ყველგანმავალი მანქანების გამოყენებით, ხშირად - დიდ ფასადაც.

თუმცა კიევი მაინც ახერხებს როგორც თითქმის გამანადგურებელი ზიანის მიყენებას მტრისთვის, ისე ტერიტორიის დაბრუნებას, რის ხაზგასმასაც 2 მარტს შეეცადა გენერალი ოლეკსანდრ სირსკი.

„2026 წლის თებერვალში კურსკზე იერიშის ოპერაციის შემდეგ პირველად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღადგინეს კონტროლი მეტ ტერიტორიაზე, ვიდრე მტერმა შეძლო დაკავება“, - დაწერა სირსკიმ ფეისბუკის პოსტში.

კუპიანსკში, უკრაინის ძალებმა სრულად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი ნაწილობრივ იმის წყალობითაც, რომ ხელი შეუშალეს რუსეთის ძალებს, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის გვერდის ასავლელად გამოეყენებინათ მიწისქვეშა, ფუნქციადაკარგული მილსადენები.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა აცხადებენ, რომ აწარმოებენ „გაწმენდით“ ოპერაციებს, ქალაქის რუსეთის ხელში დარჩენილი მცირე პოზიციებისგან გასათავისუფლებლად.

იანვარსა და თებერვალში უკრაინის ძალებმა განახორციელეს მცირე, ლოკალიზებული კონტრიერიშების სერია, ძირითადად - დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების სამხრეთ ნაწილებში, სადაც რუსეთის მოქმედებები შედარებით მდორე იყო.

„დიპსტეიტი“, უკრაინის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომლის რუკებსაც ყურადღებით ადევნებენ თვალს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს მიღმაც, გენერალ სირსკისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, აცხადებს, რომ გასულ თვეში რუსეთის ძალებმა მხოლოდ 126 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია შეძლეს. 2024 წლის ივლისის შემდეგ, ეს იყო მათი ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელი.

„ბლექ სი ბერდ გრუპის“ თანახმად, რუსეთმა იანვრის შემდეგ თითქმის 37 კვადრატული კილომეტრი დაკარგა. ეს ჩაითვლება რუსეთის ძალების მიერ ტერიტორიის პირწმინდად დაკარგვის პირველ შემთხვევად 2023 წლის ნოემბრის შემდეგ, უკრაინელების შედარებით მასშტაბური კონტრშეტევის ბოლოს, რომელსაც, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების, აგრეთვე მათი დასავლელი მხარდამჭერების გათვლით, გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიეყენებინა რუსეთის ჯარებისთვის. საბოლოოდ, უკრაინის ის კონტრშეტევა ჩავარდა.

ბრძოლის ველზე ცვლილებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუმცა ბევრი ექსპერტი აღნიშნავს წლევანდელი ზამთრის ჩვეულზე დაბალ ტემპერატურას, რამაც შეზღუდა ორივე მხარის სწრაფად წინსვლისა თუ უფრო მასშტაბური შეტევითი ოპერაციების განხორციელების უნარი.

ემილ კასტეჰელმი, ფინელი ანალიტიკოსი და „ბლექ სი ბერდ გრუპის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო ხანს „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გათიშვამ შესამჩნევი ზეგავლენა იქონია რუსეთის ძალებზე.

აგრეთვე, უკრაინის ბოლოდროინდელი კონტრშეტევები განხორციელდა ღია ტერიტორიის მონაკვეთზე, ქალაქ ჰულიაიპოლესთან და მდინარე ჰაიჩურის (ზაპოროჟიეს ოლქი) მახლობლად, სადაც მათ ადვილად და სწრაფად გადაადგილება შეძლეს.

„ტერიტორიის შედარებით დიდი მონაკვეთები შესაძლოა ადვილად გადავიდეს ხელიდან ხელში, - უთხრა ფინელმა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) – რამდენიმე ასეულ კილომეტრს ნამდვილად არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორიც სხვაგან ექნებოდა“.

„არ არსებობს რამე ერთი ვერსია, რომლითაც ეს აიხსნება, - ამბობს კასტეჰელმი, - მაგრამ ეს ალბათ უნდა განვიხილოთ ტენდენციის ანომალიად. როგორც ჩანს, რუსები გააგრძელებენ წინსვლას გაზაფხულსა და ზაფხულში და ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინის ძალებმა მასშტაბურად შეძლონ ამ სახის კონტრშეტევების სხვა მიმართულებებით განხორციელება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG