Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი კი არა, მთავრობა უნდა დაითხოვონ - 4 ევროპარლამენტარი იმპიჩმენტზე


ევროპარლამენტარები, ლექსმანი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა და კუბილიუსი, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვას ეხმაურებიან
ევროპარლამენტარები, ლექსმანი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა და კუბილიუსი, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვას ეხმაურებიან

ოთხი ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში. „თავად მთავრობა უნდა დაითხოვონ“, - აცხადებენ ისინი.

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი, 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, შეეზღუდა პრეზიდენტისთვის უცხოეთში ვიზიტები, არის „ცხადი მცდელობა, რომ ჩამოაშორონ პრეზიდენტი თავის კონსტიტუციით განსაზღვრულ მოვალეობას, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება“.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მთავრობის ქმედება არის „პრეზიდენტის კონსტიტუციური ძალაუფლების ცალსახა უზურპაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან“. კერძოდ, ისინი ციტირებენ მესამე-მეოთხე მუხლებიდან ამონარიდებს:

  • „არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“.
  • „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის „კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობით, ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე, ადასტურებენ, რომ მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.

„ისინი საბოტაჟს უწყობენ თავიანთი ქვეყნის მისწრაფებას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ის [მთავრობა] თავად უნდა იქნას დათხოვნილი“, - მიიჩნევენ ლექსმანი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა და კუბილიუსი.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის „ყველა წევრს, რომლებსაც მართლაც ადარდებთ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან საქართველოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს“.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი დღეს, 18 ოქტომბერს, განიხილავს.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე კვირით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი.

ახლა ჯერი პარლამენტზეა. პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტში საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

თუკი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 18 ოქტომბერს, პარლამენტში განხილვის პარალელურად, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ და დარბაზში არ შევიდნენ.

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

XS
SM
MD
LG