ცვლილებები მთავრობამ წარადგინა და სახელმწიფო დუმამ სწრაფად, რამდენიმე თვეში მიიღო. ეს სიჩქარე შესაძლოა კანონის მნიშვნელობაზე მიუთითებდეს. საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ამ ცვლილებების მიზანი ის იყო, რომ გენეტიკური ინფორმაციის მონაცემთა ბაზები სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს - სამხედრო ექიმებისთვის გადაეცა.
ცვლილებები არეგულირებენ გენეტიკური ინფორმაციის ეროვნული მონაცემების ბაზის ფუნქციონირებას, რომლის ამოქმედებაც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე გადაიდო. კანონი რუსეთის მოქალაქეების გენეტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოებასთან აიგივებს: მკაცრად იკრძალება ამ ინფორმაციის უცხო სახელმწიფოებისთვის, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის, გადაცემა.
ექსპერტები, რომლებსაც „სისტემა “ ესაუბრა, - ექიმები, გენეტიკოსები და ლაბორატორიულ ბიზნესში ჩართული მეწარმეები, - ამბობენ, რომ კანონი, ძირითადად, გენეტიკური ინფორმაციის ეროვნულ მონაცემთა ახლად შექმნილი ბაზის ფუნქციონირებას არეგულირებს.
პირველ რიგში, ამ ბაზის ხელმძღვანელობის სტრუქტურაში შედის პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილი, მარია ვორონცოვა.
მეორე - გენეტიკური მონაცემების ბაზა, სამხედროებსაც სჭირდებათ, სულ მცირე, დაღუპულთა და დაჭრილების იდენტიფიცირებისთვის. უკრაინაში ამას დიდი ხანია აკეთებენ.
მესამე - თუკი ლაბორატორიებს კლიენტების შესახებ ინფორმაციის ეროვნულ გენეტიკურ მონაცემთა ბაზაში შეტანას მოსთხოვენ (რაც ამჟამად არ ხდება), რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცემდა თავის მოქალაქეებზე კონტროლის ახალ დონეს მიაღწიოს.
მეოთხე - გენეტიკური ინფორმაციის გასაიდუმლოება გამორიცხავს რუსეთში იმ სამხედრო დამნაშავეების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომლებმაც სექსუალური ძალადობა ჩაიდინეს უკრაინაში, აფრიკასა და სხვა ცხელ წერტილებში, სადაც რუსი ჯარისკაცები მსახურობდნენ ან მომავალში იმსახურებენ.
მეხუთე - კანონი კრძალავს რუსეთის ჯანდაცვის დაწესებულებებსა და უცხოურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. სულ მცირე, ის კრძალავს ახალი პრეპარატების საერთაშორისო კლინიკურ კვლევებს.
ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა რუსეთის ხელისუფლების პარანოიდული, არამეცნიერული, მაგრამ მტკიცე რწმენის წყალობით, რომ შესაძლებელია „გენეტიკური იარაღის“ შექმნა.
ამ კანონის მიღებამდე, რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეების გენეტიკური მონაცემთა ბაზის „დასახურად“ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
2018 წლის 28 ნოემბერს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას N 680 „გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“. 2019 წლის აპრილში მთავრობამ შექმნა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების ფედერალური სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამა. ამ პროგრამას ზედამხედველობას უწევს ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა. წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაცია (უფრო ზუსტად, პროექტის კონტრაქტორი) არის კურჩატოვის ინსტიტუტი, რომლის პრეზიდენტი მიხაილ კოვალჩუკი ვლადიმირ პუტინის მეგობარია.
კურჩატოვის გენომის ცენტრის მაღალი რანგის თანამშრომელმა, ანონიმურობის პირობით, „სისტემას“ განუცხადა, რომ პროექტში ჩართეს „ჭეშმარიტად საუკეთესო სამეცნიერო რესურსები“. გენომის ცენტრთან ერთად, - რომელსაც შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის, ქვეყნის მოსახლეობის თანაფარდი გენეტიკური მონაცემების დამუშავება და ფლობს მიკროორგანიზმებისა და ვირუსული შტამების შთამბეჭდავ კოლექციას, - გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამაში ასევე მონაწილეობენ შემიაკინისა და ოვჩინნიკოვის ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტი და სხვა ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციები.
პროექტის სამეცნიერო მიმართულების შთაგონების წყაროა პროფესორი კონსტანტინ სევერინოვი, ცნობილი მეცნიერი, რომელიც არა მხოლოდ რუსეთში, არამედ შეერთებულ შტატებშიც მუშაობდა. ის მეცნიერების პოპულარიზატორი და გენეტიკურ მონაცემთა ბაზის „100 000 + Я" (100,000 + მე) შემქმნელი. პროფესორის თქმით, ამ მონაცემთა ბაზას შეუძლია მედიცინაში რევოლუცია მოახდინოს. გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, რა თქმა უნდა, პროფესორ სევერინოვისთვის გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ხსნის, ვიდრე მისივე პროექტი.
„სისტემის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების თქმით, პროგრამის მამოძრავებელი ძალა და ლობისტი, ასევე საბჭოს ფორმალური წევრი, პუტინის ქალიშვილი მარია ვორონცოვაა, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ყოფილი მოადგილე და ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორია.
ჩამოთვლილი სამეცნიერო ინსტიტუტების მთელი ეკოსისტემის სპონსორი და პარტნიორი გახდა. „როსნეფტი“ . „როსნეფტი“ მანამდე აფინანსებდა სევერინოვის პროექტს „100,000 + მე“ და მთავრობის პარტნიორია გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამაში.
ამ ამბიციურ და მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტს, თუ ის მსოფლიოსთვის გახსნილი იქნებოდა, მართლაც შეეძლო მოეხდინა რევოლუცია მეცნიერებაში და გზა გაეხსნა სასიკვდილო დაავადებების პრეპარატების შექმნისთვის, რომ არა ომი.
კურჩატოვის გენომის ცენტრის თანამშრომელმა „სისტემას“ განუცხადა, რომ რუსული ჯარის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრისა და მთელი პროგრამისთვის უპრეცედენტო რაოდენობის აღჭურვილობა შეიძინეს ამერიკული კომპანია Illumina-სგან. ამ კომპანიას რუსულ ბაზარზე გენეტიკური ტესტირების აღჭურვილობის 95%-მდე ეკავა. თუმცა, ომის გამო, Illumina-მ რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მოგვიწია მთელი აღჭურვილობის [ხელახლა] შეძენა, [ამჯერად] ჩინეთში“, - ამბობს სისტემას წყარო - „სწორედ ამიტომ გადაიდო მთელი პროგრამის დაწყება ერთი წლით. უბრალოდ, ვერ მოვასწარით“.
ვის სჭირდება გენეტიკური პროექტი?
ცნობილმა რუსმა გენეტიკოსმა ანონიმურად საუბრისას „სისტემას“ ასე აუხსნა პროფესორ სევერინოვის იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო გენეტიკური მონაცემების ბაზებს გარღვევა მოეხდინა მედიცინაში:
„წმინდა სამეცნიერო მიზნების გარდა, არსებობს პრაქტიკული მიზნებიც, რომელთა ახსნაც უფრო ადვილია - წამლების შექმნა. მარტივად რომ ვთქვათ, ფარმაცევტული კომპანიები ამჟამად წამლებს ისევე ქმნიან, როგორც ტყეში სოკოს პოულობთ, შემთხვევით. ერთი ბუჩქის ქვეშ შეიხედეთ და ვერაფერს მიაგენით. მეორე ბუჩქის ქვეშ მოძებნეთ - არაფერი დაგხვდათ. მესამე ბუჩქის ქვეშ კი სოკო იპოვეთ, შემთხვევით. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ასეთი „ბუჩქის ქვეშ ძიება“, [ანუ] ახალი წამლის შემუშავების მცდელობა, ფარმაცევტულ კომპანიებს მილიონობით და მილიარდობით დოლარი უჯდებათ. პოპულაციური გენეტიკური მონაცემების დიდი ნაკრები საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ კონკრეტული გენეტიკური მუტაციები, რომლებიც პოპულაციაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს იწვევს. ჩვენ შეგვიძლია ამ მუტაციების აღდგენა და მილიონობით ადამიანის დაუყოვნებლივ განკურნება სასიკვდილო დაავადებებისგან. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს ახალი წამლების შემუშავებას და მათ უფრო აიაფებს“.
ასობით ათასი რუსის გენეტიკური მონაცემები სამოქალაქო ექიმებიდან სამხედრო ექიმების ხელში გადავიდა
თუმცა სამ ექსპერტს - მეცნიერს, ექიმ-გენეტიკოსსა და მსხვილი რუსული ლაბორატორიის ტოპ-მენეჯერს - ეჭვი ეპარება იმაში, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რომლებმაც გენეტიკური ინფორმაციის შესახებ კანონი სულ რაღაც ორ თვეში მიიღეს და ასე, ერთ ხელის მოსმით დახურეს ბაზა უცხოელებისთვის, პროფესორ სევერინოვის ჰუმანიტარული ან სამეცნიერო მისწრაფებებით იყვნენ მოტივირებულნი. სახელმწიფო სამხედრო ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„ეს ირიბად დასტურდება იმითაც,“ - განუცხადა გენეტიკოსმა „სისტემას“, - „რომ, მაგალითად, ძვლის ტვინის დონორთა რეესტრი - ასიათასობით რუსის გენეტიკური მონაცემები (რომლებიც მზად არიან გაიღონ ღეროვანი უჯრედები იმისათვის, რომ ვინმე სისხლის კიბოსგან განკურნონ) - ჯანდაცვის სამინისტროდან ფედერალურ სამედიცინო და ბიოლოგიურ სააგენტოში (ФМБА) გადავიდა, ანუ, სამოქალაქო ექიმებიდან სამხედრო ექიმების ხელში (ФМБА მკურნალობს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში ომში იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ რუსი სამხედრო პერსონალის რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაში და ასევე შეიმუშავეს „ბიოლოგიური დაზვერვის სიგნალიზაცია“ თავდაცვის სამინისტროსთვის - რედ.). როგორც ჩანს, ხელისუფლება თვლის, რომ პოპულაციური გენეტიკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, საჭიროებს „საიდუმლო“ კლასიფიკაციას და არ შეიძლება მისი ნდობა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მით უმეტეს უცხოელებისთვის“.
თუმცა, განაგრძობს ექიმი, გენეტიკური მონაცემების გაცემას მართლაც სჭირდება რეგულირება. მაგალითად, რეპროდუქციულ მედიცინაში, სპერმის დონორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ბევრჯერ გადასცეს გენეტიკური მასალა სხვადასხვა კლინიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მამის შვილები ვერ გაიგებენ, რომ ისინი ნათესავები არიან და სისხლით ნათესაური ქორწინებების რაოდენობა სახიფათოდ გაიზრდება. თუმცა გენეტიკური მონაცემების გადაცემის შესახებ კანონში ეს საერთოდ არ არის ნახსენები.
„გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის აკრძალვა“, - ამბობს ექიმი, - „მნიშვნელოვნად ართულებს კლინიკურ კვლევას. შეზღუდვები უკვე ათი წელია არსებობს. ახლა, ომის გამო ეს სრულად შეზღუდულია. მაგრამ ახალი კანონით ისინი ომის შემდეგაც კი არ განახლდება“.
„ეს სამხედროებს სჭირდებათ“, - უთხრა „სისტემას“ სამედიცინო ლაბორატორიის წამყვანმა მენეჯერმა. - „მაგალითად, ამჟამად, ფრონტზე დაღუპული ადამიანის იდენტიფიცირებისთვის, მათი დედა, მამა ან შვილი გენეტიკურ ტესტირებას გადის. ეს რთულია, ძვირია [პირველ რიგში, თავად ლაბორატორიებისთვის] და ყოველთვის სანდო არ არის, რადგან დაბადების მოწმობაში ჩამოთვლილი მშობლები, მოგეხსენებათ... ყოველთვის არ არიან გენეტიკური მშობლები. მაგრამ თუ ყველა ჯარისკაცის მონაცემები ბაზაში მოხვდება, მათი ამოცნობა წუთების ამბავია“.
„სისტემის“ სამივე წყაროს თანახმად, გენეტიკური მონაცემების უცხოელებისთვის დახურვაც სამხედრო-პოლიტიკური საკითხია. ეს კატასტროფულია „მედიცინაში რევოლუციური ცვლილებებისთვის“, რომლებზეც პროფესორი სევერინოვი საუბრობს: რატომ უნდა შეიქმნას ახალი პრეპარატები, თუ მათი ყველა საერთაშორისო წესის მიხედვით გამოცდა და საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეუძლებელია?
ასევე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუფასურდეს, აზრი დაკარგოს უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების კრიმინალურმა კვლევებმა - უკრაინაში სექსუალური მოტივით ძალადობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცებისგან ბიომასალების შესაგროვებლად ჩატარებულმა სასამართლო ექსპერტიზამ.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მათ ჩაატარეს 6000-ზე მეტი სასამართლო ექსპერტიზა, რათა დაედგინათ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცების ვინაობა. რუსი ჯარისკაცების სისხლის, სპერმის, ნერწყვისა და კანის ნიმუშების მონაცემთა ბაზა მხოლოდ გაიზრდება. თუმცა “სისტემის“ ექსპერტების თქმით, ის უსარგებლო იქნება, თუ უკრაინის მონაცემებს რუსულ გენეტიკურ მონაცემთა ბაზებთან არ შეადარებენ.
ექსპერტების თქმით, უცხოელებისთვის გენეტიკური ინფორმაციის გასაიდუმლოება, დიდწილად, რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დამალვას ისახავს მიზნად.
გენეტიკური იარაღი
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები გენეტიკით არიან შეპყრობილნი და სერიოზულად სჯერათ ამ ნეანდერტალური სისულელის - გენეტიკური იარაღის შექმნის იდეის
რუსეთში ახალი კანონის მოწინააღმდეგეებიც კი, - იურისტები, ძვლის ტვინის დონორების რეესტრის თანამშრომლები, გენეტიკოსები და რეპროდუქტოლოგები, - რომლებიც სისტემასთან საუბრობდნენ, რუსული გენეტიკური მეცნიერების იზოლაციის დაუშვებლობაზე საჯარო საუბარს იმით იწყებენ, რომ ამბობენ: გენეტიკური ინფორმაციის ნაკადის რეგულირება „რა თქმა უნდა, აუცილებელია“. სახელმწიფო დუმისთვის კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე რჩევების მისაცემად ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიის მონაწილეებმა თავიანთი სურვილები „გენეტიკური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სამეცნიერო კვლევისა და სამედიცინო პრაქტიკის შესაძლებლობების შენარჩუნებას შორის ოპტიმალური ბალანსის დადგენაზე“ დაიყვანეს.
მრგვალი მაგიდის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანონიმურად საუბრისას, „სისტემას“ განუცხადა, რომ „უაზრობა იქნებოდა სახელმწიფოსთვის გენეტიკური ინფორმაციის სრული გასაჯაროება მოეთხოვათ - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები გენეტიკით არიან შეპყრობილნი და სერიოზულად სჯერათ ამ ნეანდერტალური სისულელის - გენეტიკური იარაღის შექმნის იდეის“.
მართლაც, 2017 წლის ოქტომბერში, ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უცხოელები „მიზანმიმართულად და პროფესიონალურად აგროვებენ [რუსების] ბიოლოგიურ მასალას“. 2018 წლის ოქტომბერში, ვალდაის ფორუმზე, პრეზიდენტი რეალისტურად მიიჩნევდა იმას, რომ რუსეთის მტრები „…ეძებენ გარკვეულ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ შერჩევითად იმოქმედონ ინდივიდებზე მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“. 2021 წელს, უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა კი განაცხადა, რომ „რუსეთს აქვს დამაჯერებელი მიზეზები იმის სათქმელად, რომ აშშ ბიოლოგიურ იარაღს ავითარებს რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ლაბორატორიებში“. ასეთი განცხადებების შემდეგ რუსი მეცნიერები გენეტიკური იარაღის შესახებ საუბარს, „ნეანდერტალურ სისულელეს“ მხოლოდ ანონიმურად თუ უწოდებენ.
პროფესორმა სევერინოვმა არაერთხელ უარყო საჯაროდ გავრცელებული ჭორები რუსების წინააღმდეგ გენეტიკური იარაღის შექმნის შესაძლებლობის შესახებ და თქვა, რომ „ასეთი რამ პრინციპში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საერთო რუსული გენომი“. უარყო, თუმცა უშედეგოდ. ახლა რუსეთში გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამაში მის მუშაობას არეგულირებს კანონი, რომელიც შექმნილია თავად პროფესორის მიერ უარყოფილი ცრურწმენების საფუძველზე.