Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის მიმართვის შემდეგ სუსმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაური ფიგურირებს

კადრი სუსის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
კადრი სუსის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა 1-წუთიანი ვიდეო, რომელიც უწყების თანახმად, ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის "კონსპირაციულ შეხვედრას" ასახავს.

უწყებამ ვიდეო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიმართვის შემდეგ გაასაჯაროვა.

სუსმა გამოქვეყნებულ ვიდეოს ასეთი ტექსტი დაურთო: „ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი".

რა ჩანს და ისმის ვიდეოში

გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მას ერთვის ქართულენოვანი ტიტრები.

მოქმედება ბინაში ხდება. კადრში, ფონზე ჩანს სამზარეულოს კარადები და ასევე სავარაუდოდ, მისაღების ოთახის, კედელზე დაკიდებული ტელევიზორი.

უძილაური და მისი თანამოსაუბრე, რომელიც კადრში დაფარულია პროგრამულად, მაგიდასთან (ან ე.წ. ბართან) ერთმანეთის პირისპირ სხედან, უძილაურის თანამოსაუბრის ხმა შეცვლილია. მათ მაგიდაზე დევს გახსნილი ლეპტოპი.

კადრს და სავარაუდოდ, საუბრის შინაარსსაც ეტყობა დამონტაჟების კვალი რამდენიმე ადგილას ჭრის ეფექტით.

გიორგი უძილაური: "შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც მე გამოგიგზავნე? (წერია ქართულად ნათარგმნ ტიტრში - რედ.) ინგლისურად უძილაურის მიერ ნათქვამი წინადადება ასე ისმის - "შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც გაჩვენე? რას ნიშნავს".

თანამოსაუბრე: რომელი?.. არა ბოლო მესიჯი ვერ გავხსენი.

გიორგი უძილაური: პირველ რიგში შენ უნდა წაიკითხო, რაც მე მოგწერე იმიტომ რომ, ეს მნიშვნელოვანია.

თანამოსაუბრე: როცა მე შენ გიგზავნი რაღაცას, მე გამოვიყენებ ფაილს პაროლით ესა და ეს და როცა შენ გინდა მე მომწერო, იმის ნაცვლად, რომ ვორდის ფაილს დაადო პაროლი, იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს ერთნაირი ვერსია პაროლს დაადებ არქივს და გამომიგზავნე, ამის შემდეგ შენ წაშლი".

გამოქვეყნებულ ერთწუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ წერს უძილაური ფურცელზე პასტით, შემდეგ კადრში ჩანს უკვე ფეხზე მდგომი ქურთუკის შიდა ჯიბეში იდებს თეთრ ფურცელს, შესაძლოა კონვერტს.

რას ამბობს ადვოკატი

რადიო თავისუფლება, გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გიორგი უძილაურის ადვოკატს ბექა გულედანს ესაუბრა. მისი თქმით, არ უნახავს რა ვიდეო გამოაქვეყნა სუსმა, ის საპატიმროში ხვდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

მისი სიტყვებით, "რა ვიდეოც უნდა იყოს, საქმის მასალებით არ დასტურდება, გიორგი უძილაურის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების საზიანო მოქმედება".

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის. მითხრეს რომ ვიდეოში ჩანს კონვერტი აიღოო, რა ვიცით კონვერტია საერთოდ?"

ადვოკატის სიტყვებით, ახლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ცდილობს მტკიცებულებების შეგროვებას, გიორგი უძილაურის უდანაშაულობაში დასამტკიცებლად. მისივე თქმით, წლებია პირადად იცნობს გიორგის და "სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბარი უბრალოდ დაუჯერებელია".

დღეს, 8 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობისთვის არის დაკავებული, მანვე თქვა, რომ "ერთ ადამიანსაც არ უნდა მიეცეს სპეკულირების საშუალება", შეუძლია სთხოვოს "უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს", - თქვა მდინარაძემ.


გიორგი უძილაურის საქმე

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ყოფილი ცოლი ლიკა ნაღებაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი უძილაურის ჯაშუშობაში "დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა". 7 მაისს უძილაურს პატიმრობა შეეფარდა.

"ვფიქრობ, საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა", - განუცხადა მედიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა.

გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეს კი გრიფი “სრულიად საიდუმლო” ადევს, რაც ადვოკატის სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებიც დახურული იქნება და ადვოკატსაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვს.

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG