“თქვენ მოხვდით სიაში? ბორდინგი თუ გაიარეთ? დაწერეთ, რა ვითარებაა. მასკატში ხართ? მივდივართ “გეითისკენ”, რეგისტრაცია დაიწყო? გიპასუხეს საელჩოდან? მომლოდინეთა სიაში ვარ” - დახურულ ჯგუფებში ისევ წერენ ქართველები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, შარჯასა თუ სხვა ქალაქებში ჩარჩნენ.
მათმა ნაწილმა მოახერხა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება და 3-4 და 5 მარტს დანიშნულ ჩარტერულ რეისებზე დარეგისტრირება.
ნაწილი ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
პირველი ჩარტერული სპეცრეისი ომანიდან საქართველოში, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით დაინიშნა, უკვე ჩამოფრინდა თბილისში.
მგზავრებს შორის იყო შარჯაში ჩარჩენილი ტურისტი ნინო დადუნაშვილი, რომელიც საქართველოში ტაილანდიდან ბრუნდებოდა.
“ჩვენ კი დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი ჯგუფის 6 წევრი ისევ იქ რჩება და ხვალ აპირებენ გამომგზავრებას მასკატიდან”, - ნინო გვიყვება, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათ შეძლეს საელჩოსთან დაკავშირება და ამ რეისზე დარეგისტრირება.
ფრენა უფასო იყო. თავად დანარჩენი ხარჯის, მათ შორის, ომანის საზღვრამდე და შემდეგ მასკატის აეროპორტამდე მგზავრობის საფასურის გადახდა მოუწიათ.
“ოთხ ადამიანს, ჯამში, დაახლოებით, 700 დოლარი დაგვიჯდა. სახმელეთო გზა უსაფრთხო იყო. ჯერ ომანის საზღვრამდე მიგვიყვანა მინივენმა, გავიარეთ საბაჟო პროცედურები - ჩვენ დიდი რიგი არ დაგვხვედრია, მერე იქ მეორე მანქანაში გადავსხედით და მასკატის აეროპორტამდე მივედით’…
ტაილანდიდან მომავალი ქართველი ტურისტების ნაწილი ჯერ ისევ შარჯაში რჩება - ჩვენ ისევ შევეხმიანეთ იქ მყოფ ქეთი ლურსმანაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ 5 მარტის რეისზე მოახერხეს დარეგისტრირება და ახლა ტრანსპორტის ძებნაში არიან.
“რადგან ბევრნი ვართ, დიდი მანქანა გვჭირდებოდა და აი, ზუსტად ახლა ვიპოვეთ ვინც მიგვიყვანს აეროპორტამდე. ძალიან დიდი თანხებს ითხოვენ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს”.
დუბაიში მყოფმა გვანცა ჩიქოვანმაც, რომელსაც იქ ყოფნის 90 დღე უსრულდებოდა და ხუთ მარტამდე უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, გვითხრა, რომ მანაც მოახერხა ხუთი მარტის ჩარტერულ რეისზე დარეგისტრირება.
ახლა შემდეგი ნაბიჯი ომანში გადასვლა და მასკატის აეროპორტამდე მისვლაა:
“როგორც წესი, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ქირაობს მანქანას და აეროპორტამდე მგზავრობის საფასურს იყოფენ… მე ვფიქრობდი, რომ რადგან ავიაკომპანია “ფლაი დუბაიმაც” განაახლა ფრენები, მაგ გზით წამოვიდოდი, მაგრამ ყოველდღე მოდის შეტყობინება, რომ ფრენა გადაიდო... ამიტომ მაინც ვარჩიე სპეცრეისით წამოსვლა მეცადა. საელჩოში მითხრეს, რომ თუ გადავიფიქრებდი, აუცილებლად გამეფრთხილებინა ისინი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო წასვლის მსურველი, ადგილები კი შეზღუდული”.
გვანცა გვიყვება, რომ ქართველების ნაწილი ამ დრომდე მოლოდინშია. ვინც შედარებით გვიან დაიწყო საელჩოში რეკვა ან გვიან მოახერხა ცხელ ხაზზე დაკავშირება, დანიშნულ რეისებზე დარეგისტრირება ვერ შეძლეს.
“ვიცით, რომ არსებობს მომლოდინეთა სიაც, თუმცა როდის დაინიშნება ან დაინიშნება თუ არა დამატებით სპეცრეისები, დაზუსტებით არ ვიცით”.
გადავამოწმეთ, მოახერხეს თუ არა სამშობლოში დაბრუნება ნინო კალატოზიშვილის შვილმა და მისმა მეგობრებმაც - ორი დღის წინ, ნინო რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ საელჩოსთან ჯერ დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, შემდეგ კი, როცა უპასუხეს - უსაფრთხოების საკმარისი გარანტია ვერ მიიღეს.
“რადგან მკაფიო პასუხი არ მქონდა, ამიტომ თავად გადავწყვიტეთ საკითხის მოგვარება... სახელმწიფოს გვერდით დგომა ხომ იმისთვის გვინდა, რომ უშიშრად ვიყოთ? როცა ჩემმა შვილმა საელჩოში დარეკა და მისი მონაცემები ჩაიწერეს, უთხრეს, ადგილები შეზღუდულიაო. რას ნიშნავს ეს, რომ თუ ვერ მოვასწარი, უნდა დაგტოვონ? გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით გვეძებნა გამოსავალი - დუბაიში მცხოვრები მეგობრები დაგვეხმარნენ და მათი დახმარებით დაბრუნდებიან ხვალ ომანიდან პირდაპირი რეისით", - გვითხრა ნინომ.
ამ ეტაპზე რამდენი რეისია დანიშნული?
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯებით შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით ამ დრომდე სამი ჩარტერული ფრენა იყო დანიშნული:
მათ შორის, მასკატი (ომანის სასულთნო) - თბილისის 3 მარტის სპეცრეისი უკვე შესრულდა.
- ომანიდან კიდე ერთი სპეცრეისი გამოფრინდება 5 მარტს, ადგილობრივი დროით 19.00 საათზე.
- ხოლო დღეს, 4 მარტს დაგეგმილია ფრენა რიადიდან (საუდის არაბეთი) თბილისის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 19.00 საათზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკგვერდზე 4 მარტს, დილით გამოქვეყნდა ფოტოებიც ომანის აეროპორტიდან, სადაც თბილისისკენ მომავალი, ფრენის მომლოდინე ქართველი მგზავრები ჩანან.
“საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას”, - წერს საგარეო უწყება.
კიდევ დაინიშნება სპეცრეისები?
ამ კითხვას ის ადამიანები სვამენ, ვინც ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდნენ საელჩოში და ჯერ კიდევ არა აქვთ გარკვეული რა გზით დაბრუნდებიან სამშობლოში.
როგორც ამ დრომდე დუბაიში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ საელჩოში უპასუხეს, რომ “მიდის მუშაობა დამატებითი რეისების დანიშვნაზე”.
ამ ინფორმაციის გადამოწმება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვცადეთ, ჯერჯერობით მათგან მკაფიო პასუხი არ მიგვიღია.
სოციალურ ქსელებში დუბაისა თუ აბუ-დაბიში მყოფი ქართველების ჯგუფებში ამ დრომდე არაერთი ადამიანი ცდილობს საქართველოში დაბრუნების გზა იპოვოს.
სად უნდა დარეკოთ?
ეს არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ნომრები:
- ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335;
- ტელეფონი: +971 2 553 36 83;
- ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge.
საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
- ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071;
- ტელეფონი: +974 44 739 499;
- ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
3 მარტს გვიან ღამით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც აბუ-დაბიში იმყოფებოდა, საზოგადოებას ფეისბუკლაივით აცნობა, რომ ის თავის ოჯახთან ერთად სტამბოლის გავლით ბრუნდებოდა თბილისში. თბილისის მერი რჩევებსაც იძლეოდა, რომ ომანამდე ჩასვლა სახმელეთო გზით არის უსაფრთხო. თავად, როგორც თქვა, რიადიდან გაფრინდა სტამბოლში.
როგორ ზრუნავენ სხვა ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაზე?
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სამშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი დაიწყებს თავისი მოქალაქეების ევაკუაციას ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება სამხედრო ოპერაცია და პირველ რიგში, გამოიყვანს ასაკოვან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებს. ამ ეტაპზე საფრანგეთის დაახლოებით 400 000 მოქალაქე იმყოფება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში.
ჩეხეთმა უკვე გაიყვანა თავისი მოქალაქეები ორი სპეცრეისით - თითოეულში 200 მგზავრით.
გერმანიამაც ორშაბათს განაცხადა, რომ პირველ რიგში გამოიყვანენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. სულ, გერმანიის ტურიზმის ასოციაციის ინფორმაციით, რეგიონში დაახლოებით 30 000 გერმანელია ჩარჩენილი.
უკვე ორი ჩარტერული ფრენა დაგეგმა სლოვაკეთმა. ასევე, ავსტრიამ, იტალიამ.
ესპანეთის მოქალაქეების ნაწილიც უკვე გაფრინდნენ აბუ-დაბიდან მადრიდში სპეცრეისებით - ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 30 000 ესპანელი იმყოფება.
ასევე, დიდმა ბრიტანეთმა დააწესა ჩარტერული რეისი მასკატიდან (ომანი) ბრიტანელი მოქალაქეებისათვის - ამ მომენტში დაახლოებით 130 000 რეგისტრირებული ბრიტანელი იმყოფება.
ასევე, ბევრმა ქვეყანამ უკვე გააფრთხილა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებიან.
ავიაციის მონაცემთა ანალიზის კომპანია Cirium-ის ინფორმაციით, შაბათიდან ორშაბათამდე მინიმუმ 12,903 ფრენა გაუქმდა, რაც დაგეგმილი რეისების დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.
ახლო აღმოსავლეთში, სადაც 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი. ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
ფორუმი