Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაისის ბოლოს, ყველანი გერმანიაში" - როგორ უნდა მოხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე


გულშემატკივრები საქართველოს გამარჯვებას აღნიშნავენ, თბილისი, 2024 წლის 26 მარტი
გულშემატკივრები საქართველოს გამარჯვებას აღნიშნავენ, თბილისი, 2024 წლის 26 მარტი

„მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს, ყველანი გერმანიაში“, - ასე მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს გურამ კაშიამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.

ის და საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელები, 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვებისა და ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის საგზურის განაღდების შემდეგ, დიდხანს ზეიმობდნენ გამარჯვებას რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან ერთად.

ქართველი ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ, 2024 წლის 26 მარტი, დინამო არენა
ქართველი ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ, 2024 წლის 26 მარტი, დინამო არენა
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

პირველი ემოციებისა და ეიფორიის გადავლის შემდეგ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, ფეხბურთის გულშემატკივართა ზუსტად ერთთვიანი ზეიმი, გერმანიაში, 14 ივნისიდან აიღებს სტარტს.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, SIGNAL IDUNA PARK-ზე ("ვესტფალენშტადიონი”) გამართავს. ეს არის გერმანიის ყველაზე დიდი სტადიონი, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს.

თუკი ქართველ გულშემატკივარს ამ ისტორიული თამაშის დორტმუნდის სტადიონის ტრიბუნებიდან ხილვა სურს, თადარიგის დაჭერა ახლავე სჯობს.

სტადიონამდე, ბილეთი გერმანიაში

პირველ რიგში საჭიროა თვითმფრინავის ბილეთი გერმანიის, საუკეთესო შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც, დორტმუნდის მიმართულებით.

უკვე 26 მარტის ღამიდან, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ნელ-ნელა იმატებს ავიაბილეთების ფასი დორტმუნდის მიმართულებით.

აი, მაგალითად, თუკი ავიაკომპანია „ვიზეარის“ მომსახურებას აირჩევთ და თუკი მატჩამდე ერთი დღით ადრე, 17 ივნისს გადაწყვეტთ დორტმუნდში ჩაფრენას, მხოლოდ ერთი მიმართულებით 1600 ლარამდე უნდა გადაიხადოთ. წინა დღეებში, ავიაბილეთი დორტმუნდისკენ 500 ლარამდე ღირდა.

შედარებით იაფად იფრენთ დორტმუნდისკენ ავიაკომპანია „პეგასუსით“. თუკი დორტმუნდში ჩაფრენას თბილისიდან, მატჩის დღეს, 18 ივნისს გადაწყვეტთ, ამ დღეს დაგეგმილი რეისი დორტმუნდში 14 საათზე, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 5 საათით ადრე ჩაფრინდება. ამ ავიახაზის ორი გზის (უკან დაბრუნება 20 ივნისს) ბილეთების ღირებულება, 307 დოლარი დაგიჯდებათ.

ეს რაც შეეხება საქართველოს ნაკრების პირველ თამაშზე ჩასვლას, ანუ დორტმუნდისკენ ფრენას.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებს თავის F ჯგუფში, სულ სამი მატჩი აქვს გასამართი.

  • პირველი, როგორც უკვე ვთქვით, თურქეთთან, დორტმუნდში - 18 ივნისს;
  • მეორე - ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან, ქალაქ ჰამბურგში - 22 ივნისს;
  • მესამე - პორტუგალიის ნაკრებთან, ქალაქ გელზენკირხენში - 26 ივნისს.

თუკი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების მეორე და მესამე თამაშებზე დასწრებას გადაწყვეტენ, მაშინ ისინი ბილეთის შეძენას დღევანდელი, 27 მარტის მდგომარეობით, ჰამბურგისკენ 579 ლარად მოახერხებენ.

რაც შეეხება ქალაქ გელზენკირხენს და მატჩს პორტუგალიასთან, უმჯობესია გულშემატკივარი ამ ქალაქში მოსახვედრად ისევ დორტმუნდში ჩაფრინდეს, რადგან გელზენკირხენი დორტმუნდიდან დაახლოებით 35 კილომეტრშია და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გზა საქართველო-პორტუგალიის თამაშზე მოსახვედრად.

კონკრეტულად მატჩებზე დასასწრები ბილეთები

როგორც UEFA/EURO2024-ის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთების ადმინისტრირებას მოახდენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. „იმ შემთხვევაში, თუკი ბილეთების ნაწილი არ გაიყიდება, დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება საიტზე EURO2024.com/tickets“.

UEFA-ს ოფიციალური ცნობა
UEFA-ს ოფიციალური ცნობა

UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება. ბილეთის მაქსიმალური ღირებულება კი 400 ევროა.

საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება ადგილების მიხედვით
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება ადგილების მიხედვით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბილეთების ადმინისტრირების დეტალების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

არსებული წესის თანახმად, გარდა ზოგადად, გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი გასაყიდი ბილეთებისა, UEFA ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებისთვის გამოყოფს კვოტებს, ანუ ამ შემთხვევაში, ბილეთებს, რომელთა გაყიდვის ორგანიზება საქართველოს შემთხვევაში, UEFA-ს თან კოორდინაციით, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს.

საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე 51 მატჩი გაიმართება და გასაყიდად სულ 2,7 მილიონი ბილეთი გამოვა.

როგორც ნამდვილი ევროპელი, ისე წავალ ევროპის კონტინენტის მთავარ პირველობაზე

„მინდა დავიხსომო ყველა წამი, ყველა სახე, ყველა კადრი, ყველა ემოცია, რაც გუშინ, დინამო არენას ტრიბუნებზე განვიცადე“, - მეუბნება ეკა ელოშვილი, ფეხბურთის გულშემატკივარი და სპორტული ჟურნალისტი.

საქართველოს ნაკრებს მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობდა და მოძალებულ ემოციებს დღესაც ვერ იოკებს:

ეკა ელოშვილი საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ
ეკა ელოშვილი საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ

„აი, ახლაც ხმა მიკანკალებს, რომ ვიხსენებ. იმ ისტორიის თანამონაწილე გავხდი, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ათწლეულები, თაობები ელოდნენ. ამის თვითმხილველი რომ ხარ, ეს ყოფილა აუხსნელი განცდა. გავიღვიძე თუ არა, მაშინვე თამაში ჩავრთე. პენალტები უკვე დაზეპირებული მაქვს, ვუყურებ და ვუყურებ. ჩემს გარშემო ყველა ამ მდგომარეობაშია, მგონი, დღეს ვერავინ მუშაობს, ყველა ისევ ეკრანებს ვართ მიშტერებულები, რომ როგორმე გავიაზროთ, რა მოხდა გუშინ“.

ახლა ეკა გერმანიას უმიზნებს. ამჯერად უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე და ისევ სტადიონიდან უნდა უგულშემატკივროს საყვარელ ნაკრებს. ტელეფონში ჩამოტვირთული სხვადასხვა ავიაკომპანიის აპლიკაციები უკვე დაათვალიერა.

ეკა ელოშვილი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გერმანიაში წასვლას ისედაც გეგმავდა, საფეხბურთო ატმოსფეროს, ემოციების შესაგრძნობად, მაგრამ ახლა, გერმანიაში მის გამგზავრებას სულ სხვა მოტივი და ხიბლი ექნება:

„ვიცი, რომ ძალიან ამაყი წავალ. ბოლოს და ბოლოს, როგორც ნამდვილი ევროპელი, ისე წავალ ევროპის კონტინენტის მთავარ პირველობაზე. ისტორიაში პირველად, საკუთარი თვალით ვნახავ ჩემი ქვეყნის უპირველესი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველ თამაშს“.

ის ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას და საქართველოს თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის დაწყებას ელოდება. იმედი აქვს, რომ საქართველოს, UEFA-ს კვოტებით განკუთვნილი, რამდენიმე ათეული ათასი ბილეთი შეხვდება:

„ამ ტიპის ბილეთების გაყიდვის პრეცედენტი ჩვენ ჯერ არ გვქონია, რადგან ეს არის პირველი უდიდესი საფეხბურთო ფორუმი, სადაც გავედით. ასე რომმ ახლა ამ გამოცდილებასაც პირველად მივიღებთ - როგორ გავყიდით ბილეთებს, მხოლოდ ონლაინ გაიყიდება თუ შექმნიან პრეცედენტს და სალაროებშიც გაიყიდება, რადგან სალაროებში გაყიდვაზე მოთხოვნა მაინც არის ხოლმე. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, როგორ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას. ველოდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას“, - ამბობს ეკა ელოშვილი.

შარშანდლიდან მოყოლებული, მარტი გამარჯვებების თვეა

ლიტერატურათმცოდნე და მარკეტინგული სააგენტო Playmakers-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი მაშო სამადაშვილი წლებია ფეხბურთის და ზოგადად სპორტის დიდი გულშემატკივარია.

ჯერ კიდევ ბავშვობაში, დედასთან ერთად დადიოდა ხოლმე ფეხბურთის მატჩებზე. თავად ფეხბურთი კი მამამ შეაყვარა. კარგად ახსოვს, როდის და როგორ მოხდა ეს - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე:

მაშო სამადაშვილი და ელია ნაცვლიშვილი საქართველოს გამარჯვების შემდეგ მოედანზე გადავიდნენ
მაშო სამადაშვილი და ელია ნაცვლიშვილი საქართველოს გამარჯვების შემდეგ მოედანზე გადავიდნენ

„მამაჩემს ვეწუწუნებოდი, სულ ტელევიზორს რომ უყურებ, მეც მომაქციე ყურადღება-მეთქი. დაჯდა მამაჩემი და ამიხსნა ფეხბურთის წესები და ასე შემაყვარა ფეხბურთი, მისი საყვარელი გერმანიის ნაკრები და ნაკრების მეკარე ოლივერ კანი“.

მას მერე მეკარეებს მაშო განსაკუთრებით გულშემატკივრობს. ამიტომ უყვარს ასე ძალიან საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც და ამაყია, რომ 26 მარტს, საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში, გადამწყვეტი როლი სწორედ გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა, რომელმაც პენალტების სერიაში მეტოქის პირველი 11-მეტრიანი მოიგერია.

„მთელი 120 წუთი და შემდეგ უკვე პენალტების სერიაში, სულ მას ვუყურებდი. უბედნიერესი ვარ, რომ ახლა უკვე მთელ საქართველოს უყვარს ადამიანი, რომელსაც წლებია ვგულშემატკივრობ, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც პირველად გამოჩნდა და სულ პატარა იყო“.

მაშო სამადაშვილი არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სპორტის სხვა სახეობების გულშემატკივარიცაა. 17 მარტს ის პარიზში დაესწრო რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალს, სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა:

„წინა კვირაში საფრანგეთიდან გამარჯვებული ჩამოვედი, ახლაც გამარჯვებებით ვაგრძელებ. საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს გამარჯვებები პოლიტიკის გარეშე, ამიტომ ჩემთვის მარტი გამარჯვებების თვეა ჯერ კიდევ შარშანდლიდან დაწყებული [გულისხმობს თბილისში, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს - რ.თ.] და წელს, მგონი, საუკეთესოდ დაგვირგვინდა ეს გამარჯვებები“.

ევროპის ჩემპიონატზე წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს. გეგმავს, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შეიძინოს:

„სამეგობრომ უკვე დავიწყეთ თამაშების შერჩევა. მე ვფიქრობ, რომ წავიდე ჰამბურგში ჩეხეთთან მატჩზე, რადგან ძალიან მინდა ჰამბურგის ნახვა, თუმცა, იქ წასვლას თუ ვერ შევძლებ, რომელიმე თამაშზე აუცილებლად წავალ.

ჯერჯერობით, საფეხბურთო ბილეთები გაყიდვაში არ არის. არ მინდა, რომ არასანდო საიტებიდან შევიძინო ბილეთები, ამიტომ ველოდები, როდის დაიწყებს საქართველო ფედერაცია უეფასთან კოორდინაციით ბილეთების გაყიდვას“.

მინდა, რომ შვილთან ერთად გავიზიარო ნატვრის ასრულების სიხარული

ბილეთების გაყიდვების დაწყებას და გერმანიაში, შვილთან, 13 წლის სანდროსთან ერთად წასვლას გეგმავს გიორგი თარხნიშვილიც. გუშინდელ მატჩზე მიღებული ემოციები ჯერ არ განელებია.

გიორგი თავადაც ყოფილი ფეხბურთელია, ამიტომ კარგად იცის, 26 მარტის გამარჯვების შემდეგ, რას გრძნობენ როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები, ისე მათი გულშემატკივრები:

გიორგი და სანდრო თარხნიშვილები საქართველოს გამარჯვებას ზეიმობენ
გიორგი და სანდრო თარხნიშვილები საქართველოს გამარჯვებას ზეიმობენ

„არ აქვს მნიშვნელობა მატჩს, მთავარია, რომ რომელიმე თამაშზე აუცილებლად მოვხვდეთ. ჩემი შვილი ახლა დგამს ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს. მინდა, რომ მასთან ერთად გავიზიარო ის სიხარული და ის ემოცია, რასაც ნატვრის ასრულება და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაში ჰქვია. როგორც ვნახე, ჯერჯერობით, ბილეთების ოფიციალური გაყიდვა არ დაწყებულა, ველოდები. რადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად უნდა მოვხვდეთ მე და სანდრო ევროპის ჩემპიონატზე“.

ევროპის მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს, მასპინძელი ქვეყნის ნაკრების, გერმანიის თამაშით დაიწყება, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩები ერთი თვის განმავლობაში, გერმანიის 10 ქალაქში, ბერლინში, ჰამბურგში, გელზენკირხენში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტში, შტუტგარტსა და მიუნხენში გაიმართება.

XS
SM
MD
LG