Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საწინააღმდეგო „ფრონტის“ პირველი სამიტი


პრაღის სამიტის მონაწილენი. 6 ოქტომბერი, 2022 წ.
პრაღის სამიტის მონაწილენი. 6 ოქტომბერი, 2022 წ.

იმ მრავალ კომენტარსა და შეფასებას შორის, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი ისტორიული სამიტის დროს ამ პლატფორმის მნიშვნელობის შესახებ გაკეთდა პრაღაში ჩამოსული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, - ჟურნალისტებს ყველაზე უფრო მაინც, ალბათ, ჟოზეპ ბორელის ეს სიტყვები დაამახსოვრდებათ.

„იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავაგზავნოთ მესიჯი, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთამდე, ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის წევრები თუ არაწევრები, ყველანი ერთად ვდგავართ. არსებობს ევროკავშირი EU, ანუ კავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო და არსებობს მხოლოდ E - ევროპული სახელმწიფოები. ზოგიერთებს შეუძლიათ გახდნენ ევროკავშირის წევრები, სხვებს ეს არ სურთ, სხვები არიან წევრები, ერთი კი აღარაა წევრი, მაგრამ ყველანი ვსხედვართ, ვმსჯელობთ და წარმოვადგენთ გაერთიანებულ ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, ევროპელი ხალხების დიდი კოალიციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს უწევს წინააღმდეგობას“, - განაცხადა 7 ოქტომბერს ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყების წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

ცხადია, ასეთი მესიჯი ევროპის გაერთიანების პირველ სამიტს არ გაუგზავნია, რადგან იმთავითვე ცნობილი იყო, რომ შეხვედრის ბოლოს არც დეკლარაციას და არც რამე წერილობით დოკუმენტს არ მიიღებდნენ, რათა თავიდან აერიდებინათ მსგავსი შეხვედრებისთვის დამახასიათებელი ვაჭრობა ფრაზეოლოგიასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილე 44 ქვეყანას შორის არიან ისეთები, მაგალითად, სომხეთი, რომელიც რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია და არ აპირებს რუსეთის ორბიტიდან გასვლას.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მართალია არ აქვს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ყოველგვარი „ფრონტის“ ხსენებას იმდენად უფრთხის საქართველოს მმართველი ელიტა, რომ ძნელი სათქმელია, მოსკოვის არგაღიზიანების პოლიტიკის გამო თბილისი ხალისით დათანხმდეს, თუკი საქმე საქმეზე მიდგება, ჟოზეპ ბორელის მიერ ნახსენებ გაერთიანებულ ფრონტში ყოფნას.

გარდა ამისა, ევროკავშირსა და მის პარტნიორ E-ქვეყნებს შორის გადაულახავი წინააღმდეგობა სამხედრო ინტერვენციის გამო რუსეთისადმი დაკისრებული სანქციების საკითხშიც მწვავედ იჩენს თავს.

პრაღაში მყოფი ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შეშფოთებას ვერ მალავს რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების გამო“, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც სურთ ან უკვე დგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში, მაგრამ ეს სია გრძელი არ არის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის გარდა, მასში პრაღის სამიტის მონაწილე არაევროკავშირის წევრი აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, საქართველო, სერბეთი და სომხეთიც შედიან.

შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ 44 ქვეყნის ერთიან ფრონტად შეკვრას ევროკავშირის პოლიტიკური გაერთიანების ერთი და ორი მაღალი დონის შეხვედრა აშკარად ვერ გადაწყვეტს.

მაგრამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე გამოჩნდა, რომ თანამშრომლობისა და დიალოგის ახალი პლატფორმა შედგა და მის ფარგლებში არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხების პლენარულ სხდომებზე განხილვაა შესაძლებელი, არამედ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც.

კერძოდ, სწორედ 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ბოლო 13 წლის განმავლობაში ეს იყო სომხეთის და თურქეთის პირველ პირებს შორის გამართული პირველი შეხვედრა.

იმავე დღეს გვიან ღამით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით ერთმანეთს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდნენ.

პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მაკრონის თანახმად, სომხეთი თანახმაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიას და აზერბაიჯანი თანახმაა თანამშრომლობაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა აქვს თუ არა სომხეთს ასეთი კეთილი ნება, ჯერჯერობით უცნობია. ნიკოლ ფაშინიანმა ისე დატოვა პრაღა, რომ არაფერი უთქვამს არც სამშვიდობო შეთანხმებისა და არც საზღვარზე ევროკავშირის მისიის განლაგების თაობაზე.

მაგრამ როგორც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის წინ ერთმა დიპლომატმა ანონიმურად უთხრა რადიო თავისუფლებას, რაკი „ბევრი დიდი საქმე დაწყებულა შეხვედრით“, მალე გამოჩნდება, თუ რა გაგრძელება ექნება პრაღაში დაწყებულ მორიგ სამშვიდობო პროცესს. 44 ქვეყნის მომდევნო უმაღლესი დონის შეხვედრამდე არცთუ ისე დიდი დრო რჩება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო სამიტი მოლდოვაში, 2023 წლის მაისში გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG