Youtube-ზე ყოველდღე ათობით ახალი ვიდეო ქვეყნდება, რომლებშიც მსჯელობენ: „როდის დასრულდება სპეციალური ფართომასშტაბიანი ოპერაცია?“, „რა ელის რუსეთს?“, „მეორედ მოსვლა როდის იქნება?“... მომავლის მჭვრეტლებად გამოყვანილები არიან: ვანგა, ნოსტრადამუსი, ვოლფ მესინგი, სტალინი, წმინდა მატრონა, ნეტარი პელაგია და ჟირინოვსკიც კი. ამას ემატება უამრავი უცნობი მკითხავი, რომლებიც რუნებით და ტაროს კარტით მარჩიელობენ. ისინი აუდიტორიას რასაც გინდა იმას უწინასწარმეტყველებენ, ოღონდ ძვირფასი „ლაიკები“ და არცთუ იშვიათად შემოწირულებაც შეაგროვონ.
რუსული მედიასაშუალება „ოკნო“ აქვეყნებს სტატიას, თუ როგორ ელოდებიან რუსეთში მეფე-მესიას.
ინტერნეტში ვრცელდება წინასწარმეტყველება, რომ გამოჩნდება ე.წ. თეთრი ცარი, რომელიც წმინდა რუსეთს ფეხზე წამოაყენებს, გააერთიანებს, შემდეგ კი კაცობრიობას მეორედ მოსვლის შესახვედრად მოამზადებს.
„რუსეთში ცარის იდეა ყოველთვის იყო. სადღაც ხალხის ცნობიერებაში, მშობლიური არყის ხეების, ცეკვების, იავნანას დონეზე, რასაც ჩვენ ანგარიშმიუცემლად ვიღებთ ბავშვობაში და შემდეგ მთელი ცხოვრება რუსეთთან ასოციაციაში გვახსენდება, - ამბობს ფილოლოგი, ბიბლიის მკვლევარი ანდრეი დესნიცკი, - შესაძლოა ახლანდელი „ცარითაც“ ბევრია იმედგაცრუებული. ამიტომაც გააქტიურდა ასეთი წარმოდგენა, რომ რადგან ეს მეფე ნამდვილი არაა, სხვა უნდა გამოჩნდეს“.
ამ იდეის მიმდევრები თეთრი ცარის შესახებ ჩანაწერებს პოულობენ ბიბლიაშიც, ყურანსა და უპანიშადებშიც, ასევე წმინდა მამათა ნაწერებში, და ფილმებში: „მატრიცასა“ და „ბურატინოში“.
„თავად ღმერთი დასვამს ტახტზე ძლიერ ცარს, დიდ რეფორმატორს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში წესრიგს დაამყარებს. განდევნის ყველა სასულიერო პირს, რომელიც ყალბი, ერეტიკოსი და ნელთბილია. მოხდება ის, რასაც არავინ ელის. რუსეთი მკვდრეთით აღდგება და მსოფლიოს გააოცებს… ის განაახლებს ციმბირს. მაგრამ ასეთი რუსეთი დიდხანს ვერ გასტანს. მალე დაიწყება ის, რაზეც იოანე მოციქული აპოკალიფში ჰყვება“, - წერს ადვენტისტი ოლეგ ჟიგანკოვი, „ღია სემინარიაში“, რომელსაც „იანდექსზე“ 135 ათასი გამომწერი ჰყავს.
ამ ყველაფრის საბუთად მას რუსი და ბერძენი წმინდანები მოჰყავს, დაწყებული ლევ ბრძენიდან თეოდორე პოლტაველით დამთავრებული.
Youtube-ბლოგერი ტატიანა არენსბურგიც ჰყვება, რომ „მომავალი ცარი“ რუსეთს საბჭოთა კავშირის ფარგლებში აღადგენს და საზოგადოებას პირველქრისტიანული კომუნების მოდელით მოაწყობს.
„მოვა სულიერი ლიდერი, რომელიც ქრისტეს სწავლებას განმარტავს, დღევანდელი საზოგადოების ინტელექტისა და მეცნიერებაში გათვიცნობიერებულობის მიხედვით... ამ ზეკაცის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებაში აყვავდება კულტურა, ინტელექტი, მედიცინა, ახალი ტექნოლოგიები... რაც მთავარია, სიკვდილზე გავიმარჯვებთ“, - უთხრა არენსბურგმა „სევერ.რეალიის“.
არენსბურგის წინასწარმეტყველებას ბევრი თაღლითობად მიიჩნევს, მაგრამ მას ეს ხელს არ უშლის, უამრავ youtube-არხზე „იქადაგოს“.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხ „ცარგრადზე“ მსახიობმა მარია შუკშინამ თქვა, რომ 2024 წლის 21 სექტემბერს (ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაული) რუსეთში ცარი გამოჩნდება.
„ცარი რომანოვების დინასტიიდან, ქალის ხაზით, - დარწმუნებულია ოლეგ ჟიგანკოვი, - ის ახლა დაფარულია. როდესაც ხალხს წარუდგენენ, მომავალი ცარის სახელი არაფრის მთქმელი იქნება. მაგრამ რუსი ხალხი მას იგრძნობს და მთელი გულით აღიარებს, ხელმწიფედ ცნობს და სამეფოს ჩააბარებს“.
„მომავალი ცარის მოლოდინი განსაკუთრებით ეპოქალური ცვლილებების დროს მძაფრდება ხოლმე. მშვენივრად მახსოვს, საბჭოთა პერიოდის ბოლოს, როდესაც უკვე ბევრი მიხვდა, რომ სსრკ-ის მზე ჩადიოდა... როცა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს ერთმანეთს მიყოლებული პანაშვიდები პაროდიას დაემსგავსა, მაშინაც ხალხი მეფეს ელოდა.თან ხომ გასაგებია, რომ ვერავითარი მეფე 80-იან წლებში ვერ გამოჩნდებოდა. ის კი, ვინც რეალური მმართველი გახდა - გორბაჩოვი - სულაც არ აპირებდა ქვეყანა მეფესავით ემართა, - ამბობს ბიბლიის მკვლევარი ანდრეი დესნიცკი, - მაგრამ იყო რაღაც საუბრები იდეალურ რუსეთზე, რომელიც ბევრს მონარქიად წარმოედგინა. თავად იდეა, რომ მმართველი უნდა იყოს ავტორიტარული, ხალხისგან აურჩეველი და ციდან ჩამოვარდნილი, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს, ბოროტებს დასჯის და სამართლიანობას აღადგენს, ქვეყანას გადაარჩენს... - ასეთი მოლოდინი მაშინ ძალიან ძლიერი იყო“.
„გამარჯობა, ჩემგან შეყვარებულო ერო!“ - ასე იწყებს ოლეგ ნიკოლაევიჩი youtube-ზე, თავის ყოველდღიურ ვიდეოს. მას სჯერა, რომ მთელი რუსეთის მომავალი მეფეა, დიდი, მცირე და „თეთრი რუსეთისაც“.
კარგად შეკრეჭილი წვერი, აპრეხილი ულვაშები, რევოლუციამდელი მუნდირი, ფართო ცისფერი ბაფთა - ყველაფერი ისეა, როგორც რუსეთის მეფეს შეშვენის. გვირგვინი რომ არავის დაუდგამს, ეს მხოლოდ მცირე უხერხულობაა.
„დილა მშვიდობისა, ქრისტიანებო“, - საქმიანი ტონით მიმართავს პუბლიკას სამეფო ტახტის კიდევ ერთი პრეტენდენტი ანდრეი - ყველანაირი უწმინდურობის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა წმინდა სამების დღეს „სოფლის დღის“ აღნიშნვნა. „არ დადუმდე-ცარს უხმე!“ - ასე ჰქვია მის არხს, რომელსაც 2,5 ათასი გამომწერი ჰყავს.
ყაჩაღივით შავი წვერი, ავი გამოხედვა. ახლად ანთებულ სანთელთან პირჯვარს იწერს და ქადაგებს: „ეშმაკი მძვინვარებს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ჩვენ ვართ, სადაც ჩვენ ღვთის სიტყვა მიგვაქვს“.
აკუთარ თავს, არც მეტი, არც ნაკლები, „ღვთის ლომს“ უწოდებს. მისი მეფური კრიტიკა მთლიანად „უღვთო მუსიკის, ცეკვისა და სიცილის“ წინააღმდეგაა მიმართული. კიდევ უფრო მეტად მეზობლები აწუხებენ, რომლებიც „მუდმივად ასხივებენ ბოსტანს, რომ ჩვენ მუდმივი დასხივების ქვეშ ვიყოთ“.
Youtube-ში „მომავალი ცარი“ რომ აკრიფოთ, ვინმე სერგეი-ტიმურსაც გადაეყრებით - ის ასაკოვანი კაცია, საბჭოთა ბუღალტრის გარეგნობითა და რწმენით, რომ ის არის მესიაც, ბუდაც და ავატარიც.
თავის ვიდეომიმართვებში სერგეი-ტიმური ამბობს, რომ პუტინი და კადიროვი მას მმართველობას გადასცემენ და უშიშროებაც ვალდებულია სამეფო ტახტის მოპოვებაში დაეხმაროს.
ახლანდელ მოლოდინს მედიაში ხშირად „ცარებოჟნიკების“ სექტას უწოდებენ. თუმცა, სექტისგან განსხვავებით, ეს უფრო დეცენტრალიზებული და ვირტუალური მოძრაობაა. მათ აერთიანებთ მყარი რწმენა იმისა, რომ სულ მალე, საიდანღაც ხელმწიფე გამოჩნდება.
„თან არავინ ამბობს, ვინ უნდა ვაკურთხოთ მეფედ, - ამბობს ანდრეი დესნიცკი, - იგულისხმება, რომ ჩვენი ლოცვებითა და ღვთის განგებით, ერთ დღეს გავიღვიძებთ და აი, მეფე გვეყოლება. რა მაგარია! მთელი ეს მონარქისტული რომანტიკა პიროვნებებს არ უკავშირდება. ის უფრო ციდან გარდამოსვლას ჰგავს. მაგრამ დღეს რუსეთში ყველაფერი ერთი კაცის მიერ წყდება და მგონია, რომ ეს მონაქიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი ვაქცინაა. გასაგებია, რომ შემდეგი სახელმწიფო მოწყობა შორს იქნება ერთპიროვნული მმართველობისაგან. და ეს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორია“.
ფორუმი