Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”იმედს” წამყვანი ჟურნალისტები ტოვებენ


ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ პატარკაციშვილმა საკუთარი ტელევიზიის თანამშრომლებს მიმართა

და აუხსნა რატომ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან გარიგებას... რაში იხდიდა 100 მილიონ დოლარს.... ”მე ფულს ვიხდიდი იმისთვის, რომ თქვენთვის არ ესროლათ”, - ასეთი იყო პრეზიდენტობის კანდიდატის აღიარება. მან მიმართა ” იმედის” თანამშრომლებს, უარი ეთქვათ თვითცენზურაზე და ემუშავათ გაბედულად, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, ”ტელეიმედი” წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა პროცესები მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის შეხვედრის ფარული ჩანაწერის გავრცელებას.

[ჟურნალისტების განცხადება] ”აბსოლუტურად მიუღებელია ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეების განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი გმირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია ”იმედში” დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლება შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული. ”

ეს იყო ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”დროების” ჟურნალისტების განცხადება. ”იმედიდან” წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ზაზა წულაძემ, რუსუდან ცხომელიძემ, ვაკო ავალიანმა, სოსო ბარნაბიშვილმა, დაჩი გრძელიშვილმა და ლიზი ვაჩნაძემ მიიღეს. ჟურნალისტებმა საზოგადოებას სთხოვეს არ მისცენ მათ ნაბიჯს პოლიტიკური ინტერპრეტაცია ... ”დროების” ჟურნალისტებმა განცხადება 26 დეკემბერს გააკეთეს, პატარკაციშვილმა კი ”იმედის” თანამშრომლებს 25 დეკემბერს ღამით მიმართა და ამ მიმართვაში სცადა აეხსნა, რა იყო გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი... აღიარა, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ერეკლე კოდუასთან ჰქონდა, აღიარა ყველაფერი, რაც ამ შეხვედრის ფარულ ჩანაწერში ილაპარაკა, ოღონდ იმის ხაზგასმით, რომ გარიგებაზე ხალხის სასიკეთოდ მიდიოდა, მიდიოდა იმ განზრახვით, რომ ხალხი დაეცვა ხელისუფლებისგან... ”100 მილიონ დოლარს იმისთვის ვიხდიდი, რომ ამ ხელისუფლებას თქვენთვის არ ესროლა, ჩემო კარგებო.. ” - ასეთი იყო განმარტება მიზნის, რომლის მიღწევის საშუალებებად ფარულ ჩანაწერში პატარკაციშვილი წარმოიდგენდა: არჩევნების გაყალბების ინსცენირებას, ბიულეტენებით სავსე ტომრების გამოყენებით; შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებას, მათ შორის, მის ორგანიზმში გამაბრუებელი, დამაძინებელი ნივთიერების შეყვანით; საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით იმ პირის გმირად ქცევას, ვინც ამ ყველაფერს 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გააკეთებდა - იგულისხმება ერეკლე კოდუა.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”შენ უნდა გახდე გმირი, ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ერთი კაცი აღმოჩნდა იქ, რომელმაც ვერ აიტანა ეს ყველაფერი, მერე გიორგი გააკეთებს, ითქმება, რომ იყო ადამიანი, ამ ქვეყნის შვილი, ვინც ვერ მოითმინა. ამას მოვიფიქრებთ ძალიან კარგად... ”(სტილი დაცულია)

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა განზრახვით სახავდა პატარკაციშვილი გეგმას, რომელშიც აშკარად სახელმწიფო შეთქმულების ნიშნები იკვეთება, ოღონდ ისე, რომ გადატრიალება რამენაირად ლეგიტიმურობის ჩარჩოებში ჩამჯდარიყო. ”ტელეიმედის” თანამშრომლებისადმი მიმართვაში პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს ერეკლე კოდუასთან შეხვედრის ერთ დეტალზე, რომელიც არ ჩანს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”მე მაინტერესებდა, რამდენად შორს წამსვლელები არიან და როცა ვკითხე - იმისთვის, რომ დაიძაბოს სიტუაცია, შეგიძლია თუ არა ვინმე მოკლა? მიპასუხა, რომ პრობლემა არაა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ რეჟიმის აბსოლუტურ კრიმინალურობაში. ”(სტილი დაცულია)

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ მიმართა პროკურატურას, გამოძიებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პატარკაციშვილის აღიარების ამ ნაწილს.... გამოძიება მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ყველა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ 5 იანვარს საარჩევნო ბიულეტენში არ იყოს ბადრი პატარკაციშვილის სახელი და გვარი. თუმცა ეს მინისტრის პერსონალური მოსაზრებაა.
XS
SM
MD
LG