Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - თსუ-ს რექტორის პირველი კომენტარი სტუ-სთან გაერთიანებაზე

ჯაბა სამუშია: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“.
ჯაბა სამუშია: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“.

„დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია“, - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (სტუ) თსუ-ს გაერთიანების შესახებ, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეხუთე დღეს.

უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გადაწყვეტილების შესახებ ეს მისი პირველი კომენტარია.

მის ამ სიტყვებს უნივერსიტეტის პრესცენტრი ავრცელებს ფეისბუკზე.

ჯაბა სამუშიას კომენტარი შემდეგი ორი წინადადებით შემოიფარგლება:

  • „აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია.
  • აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“, - ვკითხულობთ თსუ-ს ფეისბუკის გვერდზე.

„მიზანშეწონილია შეხვედრა სამინისტროსთან“

ამავე წყაროს ცნობით, სამუშიამ ეს პოზიცია დააფიქსირა თსუ-ს მმართველი ორგანოების, აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებულ სხდომაზე.

სხდომა ორშაბათს, 2 თებერვალს, გაიმართა.

„სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან“, - წერს თსუ.

„ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოსა და სენატს“, - წერია 4-აბზაციან ცნობაში.

სტუ თსუ-ში

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან. შედეგად მიღებულ სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.

29 იანვრიდან მოყოლებული პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 29 იანვარს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.

სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამის შესახებ თავად წინა დღეს გაიგო.

„დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ“, - გვითხრა მან.

კვირას, პირველ თებერვალს, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეო-განმარტება - ის ამბობს, რომ ცვლილების მიზანია კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობისა და მათი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა.

მისი თქმით, ყველაფერს იღონებენ, რომ „არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა“.

მიქანაძემ ეს მიმართვა გაავრცელა 2 დღეში მას შემდეგ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტიდან „ქართული ოცნების“ მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.

ივანიშვილისადმი მიძღვნილი განცხადება მთავრდება სიტყვებით: „პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“.

მინისტრის მოადგილე სტუ-ში

2 თებერვალსვე სტუ-ში პროფესორებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

შეხვედრის დაწყებამდე სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ უთხრა: „ჩემი პოზიცია გახდება ცნობილი თავიდან ბოლომდე, როდესაც მოხდება კონსულტაციები მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან“.

„მე ჩემს პროფესორებთან ყოველდღე ვსაუბრობ, ზოგს მოწონს, ზოგს არა“, - თქვა მან.

„ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია“, - ასე შეაფასა ორშაბათ საღამოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რექტორების გამოხმაურებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG