თბილისის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამსახური გასული წლის ოქტომბრიდან იძიებს საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის და მისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაა დაწყებული და ამ დანაშაულისთვის 3 და რიგ შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„შერჩევითი სამართალი“, „გაჭიანურებული საქმე“ - რას ამბობს ადვოკატი?
ამ საქმეს 11 მსხვერპლი ჰყავს. მათგან 8 - ქალია. თუმცა როგორც მსხვერპლების ადვოკატი, უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, დაზარალებულთა რაოდენობა, რეალურად, გაცილებით მეტია.
რა პროცესშია გამოძიება და გამოიკითხნენ თუ არა სასამართლოს მანდატურები? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ პროკურატურას 30 იანვარს მიმართა. პროკურატურამ პასუხი წერილობით დაგვიბრუნა: „გამოძიება მიმდინარეობს. ტარდება საჭირო საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება. ამასთან, დამატებით დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ვისაუბრეთ“, - მოგვწერეს პროკურატურიდან.
რაკი ძალადობის მსხვერპლებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, მათ უფლებადამცველს საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. შესაბამისად, ის არ ფლობს სრულ ინფორმაციას, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლები.
თუმცა, როგორც თამარ ლუკავა გვეუბნება, ამ დროისათვის, გამოკითხულია თერთმეტივე დაზარალებული, ათამდე მოწმე, საქმეში დევს სასამართლოს გარე და შიდა სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერებიც:
„ასევე ჩვენს მიერ მიტანილ იქნა მტკიცებულებები ფოტო და ვიდეო მასალის სახით და ეს მასალებიც დათვალიერებულია და საქმეზეა დამაგრებულია. ზოგ მსხვერპლს აქვს სამედიცინო ისტორიაც და ამის შესახებაც ეცნობა გამოძიებას, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია, ამოიღო თუ არა გამოძიებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ჩანაწერები კონკრეტულ მსხვერპლებზე“.
თამარ ლუკავა დარწმუნებულია, რომ უკვე დიდი ხანია, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აქამდეც უნდა გამხდარიყო მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და მანდატურებისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თამუნა ლუკავას აზრით, პროკურატურა აჭიანურებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და ბრალის წარდგენას, ეს არის „შერჩევითი სამართალი“:
„არ ვიცი, სხვა რა უნდა ვუწოდო ამას, რადგან ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, ნინო დათაშვილის საქმე, რომელსაც ვერანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ვერ მოაქცევ, როგორც დანაშაულს და ასეთ საქმეზე, დაუყოვნებლივ მოახდინეს მისთვის ბრალის წარდგენა და ასევე დაუყოვნებლივ ცნეს მანდატურები დაზარალებულებად.
ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე არაა საუბარი. აქ ლაპარაკია არასათანადო მოპყრობაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე და ის მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ თვეების წინ ვრცელდებოდა მედიით, პირველივე დღეს იძლეოდა საფუძველს, რომ პროკურატურას, ერთი მხრივ, ეს ადამიანები ეცნო დაზარალებულებად, მეორე მხრივ კი, დამნაშავე პირებისთვის წარედგინათ ბრალი“.
თამარ ლუკავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, მან ისიც კი არ იცის, ვინ არის საქმის ზედამხედველი პროკურორი:
„რადგან, როდესაც ოქტომბერში გამოძიება დაიწყო, თბილისის პროკურატურაში იყო კადრების სიმცირის პრობლემა და გამოცხადებული ჰქონდათ ვაკანსია პროკურორების დასანიშნად. ჩემი ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა რამდენიმე პროკურორი, უშუალოდ იმ საქმეებზე მომუშავე პროკურორები, რომლებიც იძიებენ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. რაკი ჩვენ არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი და არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ გვაქვს საშუალება, ვნახოთ არც ეს ინფორმაცია.
მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ბრალის წარდგენა, ეს პროკურატურის პირდაპირი მოვალეობაა. გამოძიების პროცესს აჭიანურებს სწორედ საქმის ზედამხედველი პროკურორი, ის არ აძლევს მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს და არ იწყებს დევნას“, - ამბობს თამარ ლუკავა.
„საფარში“ აცხადებენ, რომ მანდატურები დაზარალებულებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არაპროპორციული ძალის გამოყენებით ძალადობდნენ, მათ შორის: „სახეში ხელისა და მუშტის დარტყმით, დაზარალებულთა წაქცევით, ხელისა და წიხლის კვრით, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოგდებით, თრევითა და არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ნიშნები აშკარაა“.
რა საქმეებზეა დაწყებული გამოძიება და რა წარუდგინა გამოძიებას დაზარალებულმა მხარემ?
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უმეტესად პირველი სართულის დერეფნებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სხდომების მიმდინარეობისას თუ სხდომების დასრულების შემდეგ ხალხზე მანდატურების ძალადობის გამოძიების მოთხოვნით, გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, საგამოძიებო უწყებაში 20-ზე მეტი საჩივარია შესული:
„დიახ, ორ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთი გამოძიება დაწყებულია ჯერ კიდევ გასული წლის პირველ ნახევარში. გაზაფხულზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით რა ხდება, ამაზე საერთოდ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია“, - გვეუბნება თამარ ლუკავა.
ადვოკატი ჩამოთვლის ძალადობის იმ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც საქმის მასალებში დევს:
„დაზარალებული ქალი სასამართლოს შენობიდან გამოათრიეს და ხელის კვრით გამოაგდეს, რის შედეგადაც იგი სასამართლოს კიბესთან ქვის ფილაზე დაენარცხა. დაუზიანდა ხელი და ფეხი;
დაზარალებულ კაცს სასამართლოს დერეფანში სცემა მანდატურის სამსახურის უფროსმა, მატიაშვილმა. დაზარალებულს აქვს დაზიანება მარჯვენა თვალის ქვეშ. იმავე დღეს ჩაწერილია ინტერვიუ, რომელიც გამოძიების მასალებშია წარმოდგენილი. ცემის ამსახველი ვიდეომასალა გამოძიებისთვის გადაცემულია;
დაზარალებული ქალი ორჯერ, სხვადასხვა დროს, გახდა მატიაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალს აღენიშნებოდა წინამხრის ნაწილის დაჟეჟილობა, თითების დაჟეჟილობა ფრჩხილების ტრავმით. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
დაზარალებული ქალი მანდატურებმა ალყაში მოაქციეს, ძირს დააგდეს და ურტყეს სახეში და გვერდებში არაპროპორციული ძალის გამოყენებით;
დაზარალებულ ქალს მატიაშვილმა მუშტი დაარტყა ქვედა ყბის არეში“.
საქმეები ეხება 1 და 10 ოქტომბერს მომხდარ ძალადობის ფაქტებს, რომლებშიც, გავრცელებული კადრებისა და თვითმხილველთა მტკიცებით, უშუალოდ მონაწილეობდა მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილიც.
1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში მომხდარი ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მყისიერად გავრცელდა.
იმ დღეს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სხდომის დამსწრეები მანდატურებმა სასამართლოს დარბაზიდან, შენობიდან და შემდეგ ეზოდან გაყარეს. კადრებში ჩანს, რომ სხდომის დამსწრეებზე, მათ შორის, ქალებზე, ძალადობს (სახეში ხელს ურტყამს) მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილიც.
მანდატურის სამსახურის უფროსისა და სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ, 3 ოქტომბერს თბილისის პროკურატურაში საჩივრები შეიტანეს ანი ქავთარაძემ, ნიკა კვიტატიანმა, ნინო კვიტაიშვილმა, მარიამ შუშანიამ და გიორგი პატარაიამ.
რაც შეეხება 10 ოქტომბრის შემთხვევას, პარტია „დროას“ წევრმა მარიამ სიჭინავამ თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეთა აღკვეთის ღონისძიების სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან „სრულიად მშვიდად გამოსული ხალხი“ დავით მატიაშვილმა ხელის კვრით გამოყარა. ის ასე აღწერს მომხდარს:
„ვცდილობდი დამემშვიდებინა [დავით მატიაშვილი], ვიღაც მეცა უკნიდან, ხელი წამიჭირა კისერში და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, არაფერი მახსოვს, იმიტომ რომ გავეშებული მანდატურების ფეხებქვეშ აღმოვჩნდი. მირტყეს სახეში და გვერდებში, ყვიროდნენ, რომ დასაჭერი ვარ. როგორ გამომიყვანეს ამ სიგიჟიდან, არ ვიცი“.
უკვე 7 თვეა, საგამოძიებო უწყებაში დევს აქტივისტ ნათია ჩიქოვანის საჩივარიც და მასთან ერთად ჯანმრთელობის ცნობა. ეს დოკუმენტები 12 ივნისს სასამართლოს დერეფანსა და შენობის გარეთ მომხდარის ამსახველ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს.
როგორც ნათია ჩიქოვანი რადიო თავისუფლებას უყვება, მასზე მანდატურის სამსახურის უფროსმა დავით მატიაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ იძალადეს.
არსებობს ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრებიც, თუმცა, როგორც სხვა დაზარალებულებს, აქტივისტს დღემდე არ აქვს ინფორმაცია, რა სტადიაშია გამოძიება.
სასამართლოს თავმჯდომარის დუმილი
საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
მანდატურის სამსახური საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარება. მანდატურის სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილებებს კი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი განსაზღვრავს.
რადიო თავისუფლება უკვე ოთხი თვეა, გასული წლის 3 ოქტომბრიდან ცდილობს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვასილ მშვენიერაძესთან გასაუბრებას, 2025 წლის პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასა და მის ეზოში მომხდარის, მანდატურის სამსახურის უფროსის, ამ სამსახურის თანამშრომლების ქცევის შესახებ.
ვასილ მშვენიერაძესთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა არ მოგვეცა. 3 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სასამართლოს თავმჯდომარისთვის დასასმელი კითხვები „ბლანკიან ფურცელზე“ მიგვეწერა, ანუ პასუხები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრინციპით მიგვეღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე კითხვები 3 ოქტომბერსვე გავგზავნეთ (ეს კითხვები არ მოიცავს, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის წესით გამოსათხოვ მონაცემებს, რომელთა შეგროვებასაც, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს და ამ ინფორმაციის მისაღებად, კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღეა საჭირო).
გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, რადიო თავისუფლების კითხვები სასამართლოს თავმჯდომარის სამდივნოს აწერია და მას რვანიშნა ნომერიც აქვს მინიჭებული, თუმცა პასუხები სასამართლოსგან 4 თვის თავზეც არ მიგვიღია.
30 იანვარს რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა: „უნდა დაელოდოთ“. კითხვაზე, „კიდევ რამდენი თვე?“, გვიპასუხა: „ბოდიში, უნდა გაგითიშოთ ტელეფონი“.
მიმართვა სახალხო დამცველს
მანდატურების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების ადვოკატი მოუწოდებს სახალხო დამცველს, თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში მონიტორინგი გაუწიოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, შეისწავლოს ძალადობრივი ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.
30 იანვარს რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის ოფისში უთხრეს:
„მანდატურების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, პროკურატურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე. სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის მონიტორინგს“.
ფორუმი