Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

(ჩეჩნეთის) სამეფო კარის თამაშები: კადიროვის მდგომარეობის ფონზე აქტუალური ხდება მემკვიდრის საკითხი

რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის შეხვედრის წინ. მოსკოვი, კრემლი. 29 იანვარი, 2026 წ.
რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის შეხვედრის წინ. მოსკოვი, კრემლი. 29 იანვარი, 2026 წ.

რუსეთში მემკვიდრეობის საკითხი არასოდეს არის მარტივი, ჩეჩნეთში - მით უმეტეს.

საბჭოთა ეპოქაში პოლიტბიუროს შიგნით ძალაუფლების გადაცემა, როგორც უინსტონ ჩერჩილმა თქვა, ძალიან ჰგავდა ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ. ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც ხელისუფლება სტალინის სიკვდილის შემდეგ ორწლიანი შიდა ბრძოლების შედეგად ჩაიბარა, მოგვიანებით ლეონიდ ბრეჟნევის მიერ ორგანიზებული გადატრიალებით ჩამოაგდეს. თვითონ ბრეჟნევი თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა — ისევე როგორც ერთმანეთის მიყოლებით იური ანდროპოვი და კონსტანტინ ჩერნენკო. ბოლოს ეს კარუსელი მიხეილ გორბაჩოვმა გააჩერა.

პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე შეარჩია ვლადიმირ პუტინი და 1999 წლის ახალი წლის ღამეს სწორედ მას გადასცა პრეზიდენტის ძალაუფლება.

ამასობაში კრემლმა 1990-იან წლებში ორი ომი აწარმოვა ჩეჩენი სეპარატისტებისა და ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ და საბოლოოდ, კადიროვების კლანის დახმარებით დაიმორჩილა რეგიონი. ახმატ კადიროვმა, ყოფილმა მეამბოხე მებრძოლმა, რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და ჩეჩნეთის დამორჩილების შემდეგ რესპუბლიკის რუსული ადმინისტრაციის მეთაურის (პრეზიდენტის) თანამდებობა დაიკავა, რამაც რეგიონს დაახლოებით ერთწლიანი სტაბილურობა მოუტანა, ვიდრე 2004 წელს თვითონ ახმატ კადიროვი არ მოკლეს გროზნოს ცენტრში განხორციელებული ტერაქტის შედეგად.

ახმატ კადიროვი თავისმა შვილმა, რამზან კადიროვმა შეცვალა, თუმცა შეცვალა სამი წლის შემდეგ, კონსტიტუციით დადგენილი 30 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული რამზან კადიროვი რკინის ხელით მართავს რეგიონს - ანადგურებს მოწინააღმდეგეებს, ქმნის საკუთარ ნახევრად კერძო არმიას და ახდენს ძალაუფლებასა და სიმდიდრის კონცენტრაციას.

პუტინი, რომელმაც კადიროვი ხელისუფლებაში მოიყვანა, მთლიანად ეყრდნობა მას ისეთ საკითხში, როგორიცაა ჩეჩნეთის სრული ლოიალობა მოსკოვისადმი. ამის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტი თვალს ხუჭავს როგორც ძალადობისა და დაუსჯელობის ატმოსფეროზე, ასევე ფედერალური კანონის დაუფარავ იგნორირებაზე.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც, თავის მხრივ, აქტუალური გახადა სპეკულაციები მისი შემცვლელის, მემკვიდრის გარშემო. კრემლს სურს ჩეჩნეთში სიმშვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითონ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომზეა კონცენტრირებული. კადიროვს უნდა, რომ ძალაუფლება და სიმდიდრე მის ოჯახს დარჩეს, მისი მეტოქეები კი ხელსაყრელ მომენტს ეძებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კანონის მიხედვით, ჩეჩნეთის მეთაური არ უნდა იყოს 30 წელზე ახალგაზრდა, არადა კადიროვის უფროსი ქალიშვილი მხოლოდ 27 წლისაა, ხოლო უფროსი ვაჟი - 20-ის. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გარემოება ქმნის შესაძლებლობას, რომ გამოჩნდეს ვინმე დროებითი, „შემავსებელი ფიგურა“ - ისევე, როგორც ოდესღაც თავად კადიროვის შემთხვევაში მოხდა: ახმატ კადიროვი 2004 წელს მოკლეს, მაგრამ კადიროვმა ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად მხოლოდ 2007 წელს დაიკავა. 2004-2007 წლებში ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობას ალუ ალხანოვი იკავებდა.

აი, იმ პირთა მოკლე სია, რომლებიც(ჩეჩნეთის) სამეფო კარის თამაშებში მონაწილეობენ:

ახმატ კადიროვი

ახმატ კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ მარშზე. გროზნო. 2024 წ.
ახმატ კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ მარშზე. გროზნო. 2024 წ.

ბაბუის სეხნია ახმატი, რამზან კადიროვის 12 შვილიდან ერთ-ერთია, რომელიც რესპუბლიკაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებს, კურირებას უწევს სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებს, რაც სრულად ჯდება მისი მამის, რამზან კადიროვის საჯარო ინტერესებში, დაკავშირებული სპორტული შეჯიბრებების, მათ შორის კრივის, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ორთაბრძოლებისა და საფეხბურთო მატჩების ორგანიზებასთან. 2022 წელს, როდესაც მხოლოდ 16 წლის იყო, ახმატი დაინიშნა ჩეჩნეთის ოფიციალურ წარმომადგენლად კრემლისტურ ახალგაზრდულ და სპორტულ ორგანიზაციაში, რომელიც „პირველთა მოძრაობის“ სახელით არის ცნობილი. მომდევნო წელს ახმატ კადიროვი კრემლში მიიღო ვლადიმირ პუტინმა. შეხვედრა ფართოდ გაშუქდა ფედერალურ მედიაში, რაც ბევრმა დამკვირვებელმა შესაძლო მხარდაჭერის ნიშნად შეაფასა. 2024 წელს ახმატი ჩეჩნეთის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მინისტრად დაინიშნა. მან ასევე ჩაიბარა ჩეჩნეთის მთავარი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის — „ახმატ გროზნოს“ — ხელმძღვანელობა. ახმატ კადიროვი ამჟამად 20 წლისაა და 2026 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.

აიშატ კადიროვა

აიშატ კადიროვა თავისი მოდის სახლის, Firdaws-ის მაღაზიის გახსნაზე მოსკოვის სავაჭრო ცენტრში, 2019 წ.
აიშატ კადიროვა თავისი მოდის სახლის, Firdaws-ის მაღაზიის გახსნაზე მოსკოვის სავაჭრო ცენტრში, 2019 წ.

27 წლის აიშატ კადიროვა რესპუბლიკის ხელისუფლებაში შედარებით ნაკლებად საჯარო, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებოდა. 2020 წელს აიშატი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო სამი წლის შემდეგ — რეგიონში სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელ პირველ ვიცე-პრემიერად დაწინაურდა. ამ თანამდებობამ მას საბიუჯეტო სოციალური ხარჯების ზედამხედველობის საშუალება მისცა. აიშატი ასევე ფლობდა მოდის სახლს Firdaws-ს, რომელიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს ქმნიდა ჩეჩნეთსა და მის ფარგლებს გარეთ გასაყიდად. 2022 წელს აიშატი, მისი რამდენიმე ნათესავი და Firdaws-ი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ. 2025 წლის თებერვალში აიშატმა ყველა გააოცა, როდესაც თანამდებობა დატოვა და განაცხადა, სახელმწიფო სამსახური მეტად შეეფერება ძლიერ კაცსო.

ადამ კადიროვი

ადამ კადიროვი ჩეჩნური დანაყოფებისა და სამხედრო აღჭურვილობის დათვალიერებაზე რამზან კადიროვის ოფიციალურ რეზიდენციაში. 2024 წლის იანვარი
ადამ კადიროვი ჩეჩნური დანაყოფებისა და სამხედრო აღჭურვილობის დათვალიერებაზე რამზან კადიროვის ოფიციალურ რეზიდენციაში. 2024 წლის იანვარი

ადამი, კადიროვის ვაჟებს შორის ასაკით მესამე, რომელსაც მამამისი ასევე მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა მცირე ასაკიდან. ადამი ახლა 18 წლისაა, თუმცა განსაკუთრებული ცნობადობა შეიძინა 15 წლის ასაკში, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკურად გაუსწორდა ნიკიტა ჟურაველს - რუს მამაკაცს, რომელსაც ყურანის დაწვაში ადანაშაულებდნენ. რამზან კადიროვმა უმწეო პატიმრის ცემის ვიდეო თავად გამოაქვეყნა, შვილი კი საჯაროდ შეაქო. ამის შემდეგ ადამ კადიროვს არაერთი ჯილდო გადაეცა ("ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის“ წოდებაც კი მიანიჭეს), მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამმა იქორწინა მამის ახლო მოკავშირისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის შვილიშვილზე, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ თითქოს ეს ქორწინება ოჯახებს შორის პოლიტიკური კავშირების გამყარებაზე იყო გათვლილი. 2026 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამ კადიროვის ესკორტი გროზნოს ცენტრში ავტოავარიაში მოყვა და რომ კადიროვის მძიმედ დაშავებული ვაჟი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს.

ადამ დელიმხანოვი

ადამ დელიმხანოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმზე. გროზნო, 2022 წ.
ადამ დელიმხანოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმზე. გროზნო, 2022 წ.

კადიროვის ახლო ნათესავი და კლანის წევრი, 56 წლის ადამ დელიმხანოვი, მიიჩნევა რამზან კადიროვის უახლოეს მოკავშირედ. 2007 წლიდან დელიმხანოვი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის — სახელმწიფო დუმის — წევრია, თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, დელიმხანოვს დაძაბული ურთიერთობები აქვს რუსეთის მმართველი წრეების ზოგიერთ წარმომადგენელთან. კადიროვის მსგავსად, დელიმხანოვიც შემჩნეულია ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში. ადამ დელიმხანოვს ასევე იცნობენ, როგორც „ოქროს პისტოლეტიან კაცს“. საქმე ის არის, რომ 2013 წელს ერთ-ერთ კოლეგა-დეპუტატთან ჩხუბისას, მას ჯიბიდან მოოქრული პისტოლეტი ამოუვარდა. 2009 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დელიმხანოვი დაასახელა რამზან კადიროვის ერთ-ერთი მთავარი მეტოქის, სულიმ იამადაევის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილ პირად. პოლიციამ მაშინ განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია მოოქრული პისტოლეტი. თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რამზან კადიროვი ეწვია, ადამ დელიმხანოვს ეს ბრალდებები მოეხსნა. იმავე წელს კადიროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დელიმხანოვი მისი „უახლოესი მეგობარი, ძმაზე ახლობელი და ასევე მისი ფავორიტი მემკვიდრეა”. თუმცა ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მაშინ კადიროვის ვაჟები ძალიან პატარები იყვნენ.

მაგომედ დაუდოვი

მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვსა და გვინეა-ბისაუს პრეზიდენტს შორის გროზნოში გამართულ შეხვედრაზე. 2024 წლის მაისი
მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვსა და გვინეა-ბისაუს პრეზიდენტს შორის გროზნოში გამართულ შეხვედრაზე. 2024 წლის მაისი

45 წლის მაგომედ დაუდოვი 2024 წლის მაისში დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჩეჩნეთის კონსტიტუციის მიხედვით, კადიროვის გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ ის დაინიშნება ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად. მაგომედ დაუდოვიც ყოფილი მეამბოხეა, რომელიც მოსკოვის მხარეს 2000-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდოვმა კადიროვის ნდობა მოიპოვა იმით, რომ მას პირადად მიუტანა იმ საველე მეთაურის თავი, რომელმაც კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა იკისრა. დაუდოვი ასევე ცნობილია „ლორდის“ მეტსახელით, რომელიც, როგორც თავად დაუდოვი ამბობს, კადიროვმა შეარქვა იმის გამო, რომ მასთან პირველ შეხვედრაზე შავი კოსტიუმი ეცვა. დაუდოვი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, ასევე ცნობილია, როგორც „კადიროვის ძალოვანი“. უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს ადამიანების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებენ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, 2015 წლიდან დაუდოვი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

აპტი ალაუდინოვი

აპტი ალაუდინოვი მიმართავს სტუდენტებს რუსეთის პრეზიდენტის სახალხო მეურნეობისა და საჯარო ადმინისტრირების აკადემიაში. მოსკოვი, 2024 წლის თებერვალი
აპტი ალაუდინოვი მიმართავს სტუდენტებს რუსეთის პრეზიდენტის სახალხო მეურნეობისა და საჯარო ადმინისტრირების აკადემიაში. მოსკოვი, 2024 წლის თებერვალი

52 წლის აპტი ალაუდინოვი ცნობილია, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი, რაც, ექსპერტთა ვარაუდით, კადიროვის შეცვლის შემთხვევაში, რეგიონში დაძაბულობას გამოიწვევს. პოლიციის გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი 2011 წელს ჩეჩნეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. ალაუდინოვის კარიერა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა 2019 წელს, როდესაც ის კადიროვის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებასთან დაკავშირებით დააკავეს. 2021 წელს ალაუდინოვი გაათავისუფლეს შს სამინისტროდან, რის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდა. ვითარება შეიცვალა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ალაუდინოვი, კადიროვის წინაშე რეაბილიტაციის მიზნით, უკრაინაში მებრძოლ რუსულ ძალებს შეუერთდა და კადიროვის ბატალიონ „ახმატის“ მეთაური გახდა. რამზან კადიროვის ეს დანაყოფები ფორმალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. “ახმატსა” და მის მებრძოლებს ხშირად დასცინიან სოციალურ ქსლებში, სადაც მათ „ტიკ-ტოკის ჯარებს“ უწოდებენ, რადგან, კრიტიკოსების თქმით, ფრონტზე ბრძოლის ნაცვლად, ისინი გაცილებით მეტ დროს უთმობენ ვიდეოების გადაღებასა და გამოქვეყნებას.

რუსლან ედელგერიევი, აბუზაიდ ვისმურადოვი, იბრაგიმ ზაკრიევი

ანალიტიკოსები და დამკვირვებლები პოტენციურ მემკვიდრეებად ასევე ასახელებენ ამ ნაკლებად ცნობილ ფიგურებსაც.

რუსლან ედელგერიევი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მადრიდში, 2019 წელს
რუსლან ედელგერიევი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მადრიდში, 2019 წელს

51 წლის რუსლან ედელგერიევი — შს სამინისტროს პოლკოვნიკი, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ ძალებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. 2012–2018 წლებში ასევე იყო ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი. ამჟამად რუსლან ედელგერიევი ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია კლიმატისა და წყლის რესურსების საკითხებში.

აბუზაიდ ვისმურადოვი ჩეჩნეთში 2022 წლის მარტში
აბუზაიდ ვისმურადოვი ჩეჩნეთში 2022 წლის მარტში

50 წლის აბუზაიდ ვისმურადოვი — კადიროვის მძახალი, ბავშვობის მეგობარი და დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი; 2020 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი. უფრო ადრე ვისმურადოვი მეთაურობდა უსაფრთხოების ძალების ბატალიონ „ტერეკს“, რომელიც ასევე მხილებულია ძალადობასა და განუკითხაობაში. აბუზაიდის ვაჟი, რამზანი, დაქორწინებულია კადიროვის ქალიშვილ ტაბარიკზე.

იბრაჰიმ (იაკუბ) ზაკრიევი და რამზან კადიროვი
იბრაჰიმ (იაკუბ) ზაკრიევი და რამზან კადიროვი

35 წლის იბრაგიმ ზაკრიევი, ასევე ცნობილი, როგორც იაკუბი - ჩეჩნეთის დედაქალაქის, გროზნოს ყოფილი მერი (2018-2020 წწ.) და 2021 წლის მარტამდე კადიროვის და ჩეჩნეთის მთავრობის აპარატების უფროსი. 2023 წელს ზაკრიევი დაინიშნა ფრანგული Danone-ის რუსული ფილიალის ხელმძღვანელად მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ Danone-ის მმართველი კომპანიის ქონების კონფისკაცია მოახდინა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG