Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა 20 წლის შვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა


რამზან კადიროვი და მისი ვაჟი ახმატი(მარცხნივ)
რამზან კადიროვი და მისი ვაჟი ახმატი(მარცხნივ)

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშნა თავისი 20 წლის ვაჟი ახმატი.

რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხზე 5 იანვარს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მან „ძვირფასი ძმის“, ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის წარდგინებით ახმატ კადიროვი დანიშნა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის(ვიცე-პრემიერი) მოვალეობის შემსრულებლად. ახმატ კადიროვი ინარჩუნებს ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობასაც, რომელიც 2024 წელს დაიკავა.

რამზან კადიროვმა კიდევ ერთ ვიცე-პრემიერად დანიშნა ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი.

ჩეჩნეთის მეთაურის თანახმად, ახმატ კადიროვს და ახმედ დუდაევს აქვთ „მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება“, „ღრმად ესმით“ სპეციფიკა იმ მიმართულებების, რომლებსაც ხელმძღვანელობენ და „პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი ხელმძღვანელები არიან“.

20 წლის ახმატ კადიროვი არ არის ჩეჩნეთის ერთპიროვნული მმართველის, არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი რამზან კადიროვის ერთადერთი შვილი, რომელსაც რუსეთის ამ სუბიექტში მაღალი თანამდებობა უკავია.

2025 წლის აპრილში ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს რამზან კადიროვის ვაჟი, 17 წლის ადამი. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა რამზან კადიროვის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი.

რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი აიშატი 2021 წელს დანიშნეს ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად, ხოლო 2023 წელს - ვიცე-პრემიერად. აიშატ კადიროვამ ეს თანამდებობა 2025 წელს დატოვა.

ჩეჩნეთის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზეა რამზან კადიროვის 100-მდე ნათესავი. მისი ოჯახის წევრები ფლობენ არაერთ კომპანიასაც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG