Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: სახედაკარგული ადამიანები ჩემგან პასუხის ღირსები არ არიან

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 7 სექტემბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშები“ მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში მოისმინა სახედაკარგული ადამიანების უღირსი და ყალბი განცხადებები.

„შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს [პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი] მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა 2 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრის დროს თქვა: „ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი. ვფიქრობ, სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია“.

ღარიბაშვილი 7 სექტემბრის წერილში საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე - მის შესახებ მან 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილშიც დასვა კითხვები, შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო კი საგამოძიებო სამსახურებმა არაერთი ადამიანი დაიბარეს გამოსაკითხად.


„თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს“.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას, რომლის წევრიც და პრემიერ-მინისტრიც იყო წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ „უსუსური პროპაგანდა აქვს“:

„ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი“.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრიც, 12 იანვარს გაასამართლეს. მასთან კორუფციულ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - აღიარა დანაშაული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 5 წლით დააპატიმრეს.

ის თვეების განმავლობაში დუმდა, სანამ არ შეიტყო, რომ ახალ კორუფციულ საქმეზე ბრალი უნდა წაეყენებინათ.

ღარიბაშვილის წერილები:

  • 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
  • 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
  • ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
  • 1 სექტემბრის წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ კითხვები აქვს „ასავალ-დასავლის“ იმ რესპონდენტის თვითმკვლელობის საქმეზე, რომელიც მას აქებდა, ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG