Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგომატარებლები და მათი დაცვა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების რანგში ადის


საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მინიჭება ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია და, ბუნებრივია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის

უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. 4 დეკემბერს კასპიის ენერგომატარებლების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ჯასტინ ფრიდმანთან საუბარში, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნავთობსადენის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები სპეციალური კონცეფციის საფუძველი უნდა გახდეს.
გესაუბრებათ კობა ლიკლიკაძე.

30 ნოემბრს საქართველოში საზეიმოდ გამოცხადდა სამხრეთი კავკასიის გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტის შექმნა, რომელიც თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად სახელისუფლებო წრეებში საქართველოს სწრაფი ეკონომიკური აღმავლობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მთავარ წინაპირობად მიიჩნევა.

ამ მოვლენას საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ პროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერის უპრეცედენტო კამპანია მიუძღვნა. 4 დეკემბერს პროექტის მორიგი განხილვა დედაქალაქის საკრებულოში მოეწყო, 5 დეკემბრიდან კი ესტაფეტას აგრარული უნივერსიტეტი და თავდაცვის ეროვნული აკადემია ჩაიბარებენ, რის შემდეგაც პროექტის განხილვის პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს და ამრიგად ხელმისაწვდომი გახდება თითოეული მოქალაქისათვის.

ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა კი ნებისმიერი ბიზნეს-პროექტის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიული გაზსადენის მშენებლობას, რომელმაც ახლო მომავალში გრანდიოზული მოგება უნდა მოუტანოს ქვეყანას.

პროექტის თანახმად, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა 2003 წლის დასაწყისში აიღებს სათავეს და 2005 წელს შევა ექსპლოატაციაში. რაც შეეხება მოგებას, რასაც ოფიციალურ დოკუმენტში „სავარაუდო თანმხლები ეკონომიკური სარგებელი" ეწოდება, იგი მართლა ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება: ერთი წლის განმავლობაში პროექტის მშენებლობაში ძირითადად მოზიდული იქნება ადგილობრივი მუშახელი, სამშენებლო მასალები და მანქანა-დანადგარები; მრეწველობაში განთავსებული შეკვეთების სავარაუდო მოცულობამ უნდა შეადგინოს 130 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კომპენსაციის თანხამ - 120 მილიონი დოლარი. დაბოლოს, გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებული ტვირთის თითოეულ ტონაზე საქართველოს ბიუჯეტში 8-10 აშშ დოლარი ჩაირიცხება.

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტის ამოქმედებით იზრდება მილსადენების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების წინაშე მდგარი ამოცანები. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს და არც აზერბაიჯანს ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეეძლო. ამიტომ დღის წესრიგში იმთავითვე დადგა ამერიკის დახმარებით შესაბამისი კადრების მომზადება, გაწვრთნა და ეკიპირება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით 1999 წლის გაზაფხულზე თბილისთან ახლოს კრწანისის პოლიგონზე უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნაც კი გაიმართა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ტრასაზე საგანგებო სიტუაციათა შემთხვევაში ერთობლივი სცენარის ასამუშავებლად.

სწორედ ორივე ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა 4 დეკემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯასტინ ფრიდმანის შეხვედრა, რომელზეც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ გაზსადენების უსაფრთხოება უნდა უტოლდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების დონეს. თუმცა ეს უკვე არსებითად ასეცაა, რადგან მეორე წელია, რაც ნავთობსადენების დაცვაც და პრეზიდენტის უსაფრთხოებაც, ყველაზე უკეთესად გაწვრთნილ და ეკიპირებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აკისრია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG