Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში პაკისტანში ორ მილიონზე მეტი ავღანელი ლტოლვილი აღმოჩნდა.


ელენე ლორთქიფანიძე ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში პაკისტანში ორ მილიონზე მეტი ავღანელი. პირველი ტალღა საბჭოთა ინტერვენციას გაექცა.

მეორე - 90-იანი წლების სამოქალაქო ომს; მესამე - სამწლიან გვალვას, ხოლო მეოთხე და ჯერჯერობით უკანასკნელი - შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაციებსა და თალიბანსა და “ჩრდილოეთის ალიანსს” შორის გაძლიერებულ ბრძოლებს.

ლტოლვილების კრიზისი დღემდე გრძელდება და მათი მდგომარეობის შემსუბუქების იმედი არ ჩანს.

ბონი და ვაშინგტონი, შესაძლოა, დარწმუნებული არიან, რომ თალიბანის გაძევების შემდეგ ავღანეთში სტაბილურობამ დაისადგურა, მაგრამ ადგილზე სულ სხვა სურათს ვხედავთ.

პაკისტანის საზღვარზე, ტორხამის საკონტროლო პუნქტზე, სატვირთო მანქანების მძღოლები ქაბულში 12 საათიანი მოგზაურობის გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

ერთ-ერთი მათგანი, სახელად აბდულა ჰყვება: “ქაბულიდან პაკისტანში 16 მანქანით ვბრუნდებოდით. დაგვხვდნენ ჯარისკაცები; წაგვართვეს 4 მანქანა და მთელი ფული. გაწევ-გამოწევაში ერთი მძღოლი დაჭრეს.”
აბდულა ამბობს, რომ მძღოლებს ქაბულში დაბრუნებისა ეშინიათ. როცა იქიდან მომავალები გაძარცვეს, მანქანება ცარიელი ჰქონდათ, ახლა კი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან შეთანხმებით, მათ ავღანეთის დედაქალაქში სურსათი უნდა ჩაიტანონ და დამშეულ ქვეყანაში ეს ფასდაუდებელი ტვირთი თავდამსხმელებს კიდევ უფრო მიიზიდავს.

ტორხამიდან 60 კილომეტრის დაშორებით, პაკისტანში, ნიუ ჯალოზაის ლტოლვილთა ბანაკში ახლად ჩასული და სახელდახელოდ დადგმულ კარვებში შეყუჟული ავღანელები უჭმელობასა და სიცივეს უჩივიან.

ერთ-ერთი მათგანი, ქარიმი, ჯგუფის საერთო აზრს გამოხატავს:
[ქარიმის ხმა] “აუტანელ პირობებში ვცხოვრობთ. თალიბანის დროს დაცული იყო წესი, კანონი და უსაფრთხოება. ახლა, როცა თალიბანი წავიდა, ყველაფერი უკუღმართად მიდის.”

ქარიმი პაკისტანში ორი კვირის წინ გაიქცა ქაბულიდან. მისი ძმა და ცოლი დაბომბვებში დაიღუპნენ.

მისი თქმით, ის ელოდა, რომ პაკისტანში საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფდნენ მათ სურსათითა და საცხოვრებლით. ნიუ ჯალოზაის უბადრუკმა პირობებმა მას თავზარი დასცა.

ქარიმი ამბობს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაში მათ ფულს სთხოვენ. ფული კი აბა, საიდან უნდა გვქონდესო. შედეგად, მათ დღეში მხოლოდ ერთხელ აძლევენ საჭმელს და დარიგების წესი ისეთია, რომ მის მოპოვებას მხოლოდ ფიზიკურად ძლიერები ახერხებენ.
კიდევ ერთი ლტოლვილი სუფთა წყლის უქონლობას უჩივის. ცელოფანის საბნები ლტოლვილებს ზამთრის ცივი ქარისგან ვერ იცავს. მათი თქმით, ასეთ პირობებში ისინი ვერ გადარჩებიან და უკან დაბრუნება რომ მოინდომონ კიდეც, ამის საშუალება აღარ აქვთ.
ერთ-ერთი მაგანი, რაშიდი, ამბობს:

[რაშიდის ხმა] “თქვენ ავღანეთში უსაფრთხოების შესახებ მეკითხებით. კეთილი. მე მქონდა მანქანა. ახლა იგი ჯარისკაცებმა წამართვეს. წარმართვეს საათი და მთელი ჩემი ფულიც და შემდეგ ქვეყნიდან გამაგდეს. აბა, უკან როგორ დავბრუნდე?”

ამ საყოველთაო ჩივილსა და ტირილში ოპტიმისტურად მხოლოდ გზის პირას გამწკრივებულ ჯიხურებში მსხდომი ზარაფების ხმები მოისმის.

ავღანეთის ფულადი ერთეულის, ავღანის კურსი, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული, ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაიზარდა. თუ უწინ ასი ათას ავღანში 80-90 პაკისტანურ რუპიას იძლეოდნენ, იმის გაგონებაზე, რომ ავღანეთის ყოფილი მეფე, მოჰამად ზაჰირ შაჰი, სამშობლოში ბრუნდება, ასიათასი ავღანის ფასმა 160 რუპიას მიაღწია.
XS
SM
MD
LG