Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უჩივის საქართველო რუსეთს გაეროში?


რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის გახშირებული დაბომბვებით ღირსებაშელახული ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელის ჩვენი ხელისუფლების სათანადო რეაგირებას.

თუმცა, მოსკოვის მხრიდან სამხედრო აგრესიაზე ოფიციალური თბილისის რეაქცია იგვიანებს. თუ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე მალე არ მოითხოვა რუსეთის ქმედებების სამართლებრივი შეფასება, მოსკოვი დაუსჯელი დარჩება.

რა სამართლებრივი საფუძველი და მექანიზმები აქვს საქართველოს თავისი ტერიტორიის დაბომბვაზე პასუხის გასაცემად? ამის გასარკვევად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 დეკემბერს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენელთა შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ 27 ნოემბერს უცხო ქვეყნის სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს საზღვრის დარღვევისა და ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე ჩვენი მთავრობის სტრუქტურათა შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ ნოტაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის სუ-25 ტიპის ექვსმა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა.

მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასე ვერ აკონკრეტებს საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავების წარმომავლობას. პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის უწყება მომხდარ ფაქტს იკვლევს, თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო დასკვნა არ მოუმზადებია. დასკვნის გაკეთების შემდეგ ეს საკითხი უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. საბჭოს აპარატში კი საკითხის განსახილველად სხდომის მოწყობის თხოვნა ჯერ არ შესულა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საშობაო არდადეგები ახლოვდება, ადვილი შესაძლებელია ჩვენი ტერიტორიის დაბომბვის ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებამ მომავალი წლისათვის გადაიწიოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი შიშობს, რომ [ხიდაშელის ხმა] „თუ ეს პროცესი გაიწელა კიდევ ერთი თვე, მაშინ ძალიან გვიან იქნება უკვე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. იმიტომ, რომ საერთაშორისო სასამართლოში მიმართვის საფუძველი შეიძლება გქონდეს მაშინ, თუკი ქვეყანამ დროულად დააყენა საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე თავდასხმის მსხვერპლად აღიარების შესახებ და ეს თუ არ მოხდა დღეს-ხვალ, ამ კვირებში, მაშინ უკვე აზრი აღარ ექნება საჩივრის შეტანას, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ აღარ დაგვიკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.“

საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებსაც უჩნდებათ კითხვა ფაქტის დაფიქსირებისთანავე, თუ რატომ არ მოხდა რეაგირება, ანუ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო სივრცის დამრღვევ თვითმფრინავებს საპასუხო ცეცხლი რატომ არ გაუხსნა. საქმე ისაა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყებას ამის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს.

მთავარი საკანონმდებლო აქტის მიხედვით, ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. ასეთი მოუქნელი თავდაცვის მექანიზმის არსებობის პირობებში, ერთადერთ თავდაცვის ბერკეტად საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები რჩება, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დეტალურად შეისწავლა და საზოგადოებას წარუდგინა. ასოციაციის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ სურვილის შემთხვევაში ასეთივე რეკომენდაციის მომზადება შეეძლოთ სახელმწიფო უწყებებსაც, რომელთა ქმედებას პრეზიდენტის პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG