Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბედნიეროდ, “დროთა კავშირი” საქართველოში საბოლოოდ არ დარღვეულა – მიუხედავად იმისა


საბედნიეროდ, “დროთა კავშირი” საქართველოში საბოლოოდ არ დარღვეულა – მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა განადგურების ზღვარზეა, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ის მაინც დაიცვან, რაც უკვე შექმნილია.

ასე იყო ყოველთვის - “დროთა კავშირი” ირღვეოდა, ხელისუფლებას კულტურისთვის არ ეცალა, მაგრამ ღვთის მადლით, თუ ისტორიის ლოგიკით, ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც სილამაზის შეგრძნება არ დაუკარგავთ, მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როცა საქართველოში ფოტოგრაფიამ მოიკიდა ფეხი, როცა ალექსანდრე როინიშვილმა თბილისში ფოტოგრაფიული სტუდია “რემბრანტი” გახსნა და ისტორიის “შეჩერებას”, ეპოქის მუმიფიცირებას შეეცადა. “ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა – ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთად” – წერდა ალექსანდრე როინიშვილი.
დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლის” ფოტოდარბაზში, მუზეუმის ფონდისა და მოქანდაკე მარინე ივანიშვილის კოლექციაში დაცული როინიშვილის ფოტოსურათები გამოიფინა. პროექტის ავტორებმა ექსპოზიციას “პირველი ქართველი მესურათხატე” უწოდეს. გამოფენის სათაურიც კი ეწინააღმდეგება ჩვენში გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს პირველი ქართველი ფოტოგრაფი მხოლოდ და მხოლოდ ფოტომემატიანე, დოკუმენტალისტი იყო და ფოტოხელოვნების მხატვრულ შესაძლებლობებზე ნაკლებად ფიქრობდა. არადა როგორ შეიძლება ისტორიის მხატვრულ აღბეჭდვაზე არ ეფიქრა ადამიანს, რომელიც თავის ფოტოსალონებს ”რემბრანტსა” და “სასურათხატოს” არქმევს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფოტოსურათი არა მარტო ინფორმაციას აწვდის მაყურებელს, არა მარტო დროის, ეპოქის ატმოსფეროს ინახავს, არამედ ავტორის დამოკიდებულებასაც გამოხატავს იმ სინამდვილის მიმართ, რომელსაც აღბეჭდავს. როინიშვილი არა სურათებს, არამედ “სურათხატებს” ქმნიდა. მან თავისი მემკვიდრეობა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” ანდერძით დაუტოვა – დაუტოვა ილია ჭავჭავაძის, აკაკის, იაკობ გოგებეშვილის, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტები, ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ჟანრული სურათები, ძველი თბილისის პეიზაჟები... თითქოს ფოტოხელოვნებაც – “წერა-კითხვად” აქცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როინიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ფოტოგრაფია ამაღლებს ერის კულტურულ დონეს, აწვდის ხალხს ინფორმაციას, ხელს უწყობს კომუნიკაციას ადამიანებს შორის და თავად ეპოქებს შორის აღადგენს დროთა კავშირებს.
“ქარვასლაში” ექსპოზიცია უდიდესი გემოვნებით მოეწყო. გამოფენა ისე დამონტაჟდა, რომ ყოველი ფოტოსურათი ცალკ-ცალკე ადვილი აღსაქმელი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ როინიშვილის სტილის გასააზრებლად. ეს სურათები პირველ რიგში ჩაღრმავებას, დაკვირვებას, თუ გნებავთ, “დათვალიერებას” მოითხოვს. პირადად მე გამოფენამ ცნობილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ვალტერ ბენიამინის სიტყვები გამახსენა: “რეპროდუცირების ეპოქაში ხელოვნების ნაწარმოები “აურულ” განუმეორებლობას კარგავსო”. ბენიამინს, როგორც ცნობილია, პირველ რიგში, სწორედ ფოტოხელოვნება ჰქონდა მხედველობაში. სიკვდილის წინ მან თავად უარყო თეორია “აურის შესახებ” და აღიარა, რომ კარგი ფოტოსურათი “აურას” არასდროს კარგავს და რომ კარგ ფოტოსურათში – “ეპოქის აურაა” შენარჩუნებული.
დეკემბრის ცივ დღეებში არა იმდენად ეპოქის, რამდენადაც “ეპოქების” ამ აურას გვაზიარა რობერტ სტურუამაც თავის ახალ “ჰამლეტში”, რომელსაც საკმაოდ მოკრძალებულად გამოეხმაურა ქართული პრესა. თეატრმცოდნეები, რომლებიც აქამდე სტურუას აშკარად წარუმატებელ ნამუშევრებასაც კი აფასებდნენ როგორც “ექსპერიმენტს”, ზოგჯერ კი, როგორც “ახალ სიტყვას ქართული თეატრის ისტორიაში”, “ჰამლეტზე” ჯერჯერობით ხმას არ იღებენ. წარმოდგენამ აშკარად დააბნია მაყურებელი, რომელმაც “ჰამლეტის” პრემიერაზე თითქმის შტურმით აიღო დარბაზი. ისინი, ვისაც სტურუას მოსკოვში დადგმული “ჰამლეტი” ჰქონდა ნანახი (და მოსწონდა), როგორც ჩანს, რაღაც იმის მსგავსს ელოდნენ. მაგრამ რეჟისორმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა – დანიის პრინცის ტრაგედიის “ბრეხტიანული” პაროდირების ნაცვლად მიმართა ტრაგედიის უტრირებას, გრძნობათა გამძაფრებას. პირადად ჩემთვის ეს იყო სცენაზე ერთგვარად “პარანოიული სივრცის” შექმნის ცდა, როცა ტრაგედიის საბაბი ხდება არა ზოგადად დანიის “დამპალ სამეფოში” გამეფებული უზნეობა, არა იმდენად ადამიანის უუნარობა – გააკეთოს არჩევანი, არა ჰამლეტისთვის დამახასიათებელი “ოიდიპოსის კომპლექსი”, არამედ უფრო ნეკროფილური ვნებები, წარსულისგან განთავისუფლების შეუძლებლობა და “მტრის ხატებით” გადაჭედილი სივრცე, რომელსაც “წარსულის აჩრდილები” მართავენ. [ ხმა: სპექტაკლის ფრაგმენტი ]
სპექტაკლის მხატვარმა მირიან შველიძემ მაქსიმალურად გაათავისუფლა სცენის სივრცე დეტალებისგან. სცენის სიღრმეში მან ე.წ. “ორგმინები” დაამონტაჟა რენესანსის ეპოქის პორტრეტებით. ფერადი “ორგმინები” სცენის თავზეც დაიკიდა. ამას დაემატა სამეფო ტახტის ფორმის ალუმინის კიბე ბორბლებით და წინა პლანზე დაწყობილი მოძრავი ფიცრები. ეს უკანასკნელი – გამოხატავს საფლავს, საიდანაც “მამის აჩრდილი” ამოდის. მსახიობი დათო გოცირიძე დემონსტრატიულად მალავს სახეს ხელებით, განუვითარებელი ბავშვივით მეტყველებს და ქმნის “ინფანტილური მამის” სახეს, რომელიც აქ, საფლავში, წარმოდგენის ყველა პერსონაჟს “ჩაითრევს”. რობერტ სტურუა ამ ეპიზოდში დაუფარავად მიმართავს პეტერ შტაინის “ჰამლეტის” ციტირებას – შექსპირის ტრაგედიის გმირები საფლავში ემხობიან, მერე კი ხან ერთი, და ხან მეორე წამოდგება ხოლმე “ქვესკნელიდან”. მანამდე სტურუამ “ჰამლეტის” გმირები მოხეტიალე მსახიობებს ჩაანაცვლა. ისინი თავად დადგამენ სპექტაკლს, რომლის ტექსტს ჰამლეტი კარნახობს. ეს აღარ იქნება “თეატრი – თეატრში”, ეს არ იქნება “ცხოვრება”, რომელიც შექსპირთან თეატრია. “ჰამლეტის” გმირები ამ სცენაში “პერსონაჟებად”, ანუ “აჩრდილებად” იქცევიან. აქ უკვე ნათელი ხდება, რომ სტურუამ დადგა წარმოდგენა “მკვდარ დროზე”, სადაც აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი უბრალო ლანდია; ზაზა პაპუაშვილის “ჰამლეტიც”, რომელსაც სპექტაკლის ბოლომდე ვერ გაუგია, ეჩვენება, თუ მართლა ხედავს მამის აჩრდილს, ნინო კასრაძის გერტრუდაც (იგი იმ თოჯინას უფრო გვაგონებს, რომელსაც ვისკონტის “ლედი-მაკბეტი, ინგრიდ ტულინის პერსონაჟი ემსგავსება ”ღმერთების დაღუპვის” ფინალში) და განსაკუთრებით, ახალგაზრდა მსახიობის, იამზე სუხიტაშვილის მიერ განსახიერებული ოფელია, რომელიც კი არ დადის, თითქოს დაფარფატებს სცენაზე – მართლაც რომ “მოჩვენებად” იქცევა. არჩევანი აქ აღარ არსებობს, ამიტომ “ყოფნა-არყოფნის” მონოლოგი ჩვენს თვალწინ იწვება სცენაზე. მაყურებელი ხვდება, რომ ესაა არა იმდენად პერსონაჟების, რამდენადაც კულტურის ტრაგედია. [ხმა: ფრაგმენტი სპექტაკლიდან]
რობერტ სტურუას “ჰამლეტის” პრემიერა რამდეჯერმე გადაიდო. სპექტაკლის გადატანის ოფიციალურ მიზეზად ჰამლეტის როლის შემსრულებლის, ზაზა პაპუაშვილის, ავადმყოფობა გამოცხადდა. მაგრამ პუბლიკა დაჟინებით მოითხოვდა პრემიერას. პირველ წარმოდგენაზე პაპუაშვილი ფერმკრთალი ჩანდა და დროდადრო ახველებდა კიდეც. გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა თითქოს ამ სახის გამოძერწვას შეუწყო ხელი. მრავალჯერ გადადებულმა რეპეტიციებმა იმოქმედა სპექტაკლის ხარისხზე – პირველ წარმოდგენებზე დეკორაცია თითქოს ბოლომდე არ იყო ათვისებული, ზოგიერთი სცენა – ზერელედ დადგმული. მსახიობებშიც არ იგრძნობოდა ერთსულოვნება – ზოგი სწორხაზოვან გროტესკს მიმართავდა, ზოგი უტრირებას. მაგრამ ყველაფერ ამაზე თვალის დახუჭვა ნამდვილად შეიძლება. ბოლოს და ბოლოს თეატრი მხოლოდ “ტექნიკა” არ არის და ზოგჯერ მართლაც მთავარი ხდება არა “როგორ”, არამედ “რას” ამბობს რეჟისორი. “ჰამლეტში” სტურუამ ნამდვილად დააღწია თავი იმ მანიერიზმს, რომელიც აშკარად წარმოჩინდა მოსკოვში დადგმულ წარმოდგენაში. რუსთაველის თეატრის ახალ სპექტაკლში იგი ნაკლებად კეკლუცობს ფორმით, ნაკლებად ცდილობს თაყვანისმცემელთა მოხიბვლას თავისი ფანტაზიით და გამომგონებლობით. იგი გვთავაზობს შექსპირის ტრაგედიის საკამათო, მაგრამ უდავოდ ახალ ინტერპრეტაციას, “ახალ კონცეფციას”, რომელიც, შესაძლოა, დღევანდელმა, ქართულმა სინამდვილემ უკარნახა – იმ სამყარომ, რომელსაც ისევ “წარსულის აჩრდილები” მართავენ. თავადაც ხომ აღნიშნავს სპექტაკლის პროგრამაში: “4 საუკუნეა თეატრის მსახურთ ვერ აუხსნიათ მარტოსული რაინდის უკვდავების მიზეზი. ამას ალბათ ვერც რუსთაველის თეატრი შეძლებს, მაგრამ დღეს, როცა დროთა კავშირი დაირღვა, ჩვენ მაინც გაგვიჩნდა მასთან შეხვედრის სურვილი".
ასე, რომ “დროთა კავშირის დარღვევის ეპოქაში პუბლიკას “ლანდებთან” ენიშნება პაემანი. ჯერჯერობით – მხოლოდ თეატრში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG