Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფრიდომ ჰაუსის” საანგარიშო მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მსოფლიოში შექმნილი ვითარების შესახებ


11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, აგრეთვე ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვითარება ყველა იმ ქვეყანაში.

სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მუსულმანები შეადგენენ. ეს გამორჩეული ყურადღება კიდევ ერთხელ ცხადჰყო ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის, ”ფრიდომ ჰაუსის” საანგარიშო მოხსენებამ, რომელიც სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. მოხსენების დიდი ნაწილი სწორედ მუსლიმანურ სამყაროში შექმნილ ვითარებას ეთმობა და ჩვენც ამ ნაწილით დავიწყებთ მოხსენების მიმოხილვას.

საანგარიშო მოხსენებაში სახელწოდებით ”თავისუფლება მსოფლიოში 2001-2002 წლები” ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსი” მიუთითებს თავისუფლების შემაშფოთებელ შეზღუდვებზე მუსულმანურ ქვეყნებში, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ამ ვითარებამ არ უნდა გაგვაკეთებინოს მცდარი დასკვნა: თითქოს ისლამი დემოკრატიასთან შეუთავსებელი რელიგია იყოს. მაგალითად მოყვანილია ისლამის აღზევება ზოგიერთ ღატაკ ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი და კორუფცია – ამ რელიგიური მოძღვრებისათვის მიუღებელი ქცევის წესი მეფობს. თვალსაჩინო მაგალითად სახელდება აგრეთვე თალიბანის რეჟიმი, რომელმაც ისლამის გაუმართლებელი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ქალებს ადამიანის ძირითადი უფლებები ჩამოართვა.

”ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნებს სამ ჯგუფად ანაწილებს: თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ სახელმწიფოებად. ასე მაგალითად, აზერბაიჯანი ნაწილობრივ თავისუფლად ჩაითვალა, ხოლო დანარჩენი ყოფილი საბჭოთა მუსულმანური რესპუბლიკები, ანუ შუა აზიის ქვეყნები ”არათავისუფლები” აღმოჩნდნენ.

ყველა ამ შემთხვევაში, აღნიშნავს ფრიდომ ჰაუზი, სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მიზეზია არა ისლამის რეპრესიული ინტერპრეტაცია, ან რელიგიისა და სახელმწიფოს გადაჯაჭვის მუსლიმანური ტრადიცია, არამედ პრეზიდენტების ავტროტარული მმართველობა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება უზბეკეთში, თან გაუარესების პერსპექტივით. პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი ხშირად აზვიადებს საფრთხეს, რომელიც მის ქვეყანას მუსლიმანი ექსტრემისტებისგან ემუქრება: ყარიმოვი, ტერორიზმთან ბრძოლის მომიზეზებით, პოლიტიკურ ოპონენტებსაც დევნის. ახლა კი, აღნიშნა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელმა, აილი პიანომ,

[პიანოს ხმა]: ”არსებობს საფუძველი შეშფოთებისა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებთან უზბეკეთის დაახლოება ტაშკენტს კიდევ უფრო გაუადვილებს ოპონენტების დევნას, რახან დასავლეთი ნაკლებად კრიტიკულად მოეკიდება უზბეკეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფას.”

პრეს-კონფერენციაზე უზბეკეთის შესახებ ისაუბრა ”ფრიდომ ჰაუსის” პრეზიდენტმა, ედრიან კარატნიცკიმაც, რომლის თქმით, ყარიმოვი, მართალია მოვალეც კია, ებრძოდეს ტერორიზმს უზბეკი ხალხის დასაცავად, მაგრამ ყარიმოვის მეთოდებია ის, რაც შეშფოთებას იწვევს.

[კარატნიცკის ხმა]: ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა- როგორც ჩვენმა ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს- სხვადასხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს. მაგრამ უნდა წარიმართოს კანონის უზენაესობის გათავლისწინებით. და მთავრობებმა სამხილების სფუძველზე უნდა დაადგინონ, ვინ არის ტერორისტული ან ექსტრემისტთა დაჯგუფების წევრი, და ვინ – უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტი”.

თუ ახლა არამარტო მუსლიმანურ ქვეყნებზე ვიმსჯელებთ და ”ფრიდომ ჰაუსის” წლევანდელ საანგარიშო მოხსენებას მთლიანად შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს 192 სახელმწიფოდან თავისუფლად იქნა მიჩნეული 86 (ისევე როგორც შარშან). ამ 86 ქვეყანაში ცხოვრობს 2 540 მილიონი ადამიანი, ანუ თავისუფალია მსოფლიო მოსახლეობის 41,4 მეათედი პროცენტი– სხვათა შორის პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობა მას შემდეგ, რაც ”ფრიდომ ჰაუსი” ასე, მეოთხედი საუკუნის წინ შეუდგა წლიური საანგარიშო მოხსენებების გამოშვებას.

საქართველო, კიდევ 57 ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, სომხეთთან და უკრაინასთან ერთად ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა. მათ, როგორც საანგარიშო მოხსენებაში ვკითხულობთ, ხშირად ახასიათებს კორუფცია, მმართველ პარტიათა დომინანტურობა, ზოგჯერ სახეზეა ეთნიკური, ან რელიგიური ნიშნით შევიწროვება. ასე რომ მოსახლეთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები შეზღუდულია. ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში სულ 1 430 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეტი, 2 170 მილიონი ადამიანის ხვედრია არათავისუფალ ქვეყნებში ცხოვრება – ასეთი 47 ქვეყნის, მათ შორის ირანის, ზემოხსენებული შუა აზიის რესპუბლიკებისა და ბელარუსის მოსახლეებს უარს ეუბნებიან ფუნდამენტურ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე.

ამ 47 წევრიანი სიიდან ცალკე ადგილი აქვთ მიჩენილი უკიდურესად რეპრესიულ სახელმწიფოებს. მათ რიცხვში აღმოჩნდნენ ავღანეთი, ერაყი, თურქმენეთი, კუბა და ჩრდილოეთი კორეა, აგრეთვე ორი რეგიონი: ჩეჩნეთი და ტიბეტი.

თუმცა ასევე ავღანეთია დასახელებული იმ ქვეყნად, სადაც თალიბანის რეჟიმის დამხობის შედეგად, ყველაზე დიდია წინსვლა თავისუფლების თვალსაზრისით. ხოლო თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისათვის მიყენებულ უდიდეს დარტყმად ორგანიზაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, 11 სექტემბრის ტერაქტებს ასახელებს.

დასასრულს ”ფრიდომ ჰაუსის” მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მხარდაჭერა არამარტო ჰუმანიტარული ამოცანაა, არამედ ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეც არის მიზანშეწონილი: მოხსენების ავტორები სტატისტიკას იმოწმებენ და აღნიშნავენ, რომ თავისუფალ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო ერთობლივი საშინაო პროდუქციის 87 პროცენტი მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 41,4 პროცენტი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG