Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გვარდიის დღესასწაული – თერთმეტწლიანი ისტორიის ნაცნობი და უცნობი ფურცლები


11 წლის წინ, 1990 წლის 20 დეკემბერს დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესმა საბჭომ ეროვნული გვარდიის შესახებ კანონის მიღებით.

დამოუკიდებელი ქვეყნის სამხედრო ძალების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ზუსტად ერთი წლისთავზე ორად გახლეჩილი ეროვნული გვარდიელები, უზენაესი საბჭოს წინ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ. ამასთან ორივე მხარეს ღრმად სწამდა, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
გესაუბრებათ კობა ლიკლიკაძე.

ტრადიციისამებრ, სადღესასწაულო ღონისძიებაზე წარსულის მწარე გაკვეთილებზე საუბარი მიღებული არ არის. საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთერთმეტე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომაც მთლიანად საზეიმო ოქმის მიხედვით წარიმართა. ორატორები სიამაყით იხსენებდნენ თერთმეტი წლის წინ საფუძველჩაყრილი ეროვნული გვარდიის საბრძოლო დამსახურებებს, რომლებიც პირველ ქართულ სამხედრო დანაყოფს მართლაც მრავლად მოეპოვება. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გვარდიელთა რიცხვი ათას ხუთას კაცს აღემატება, მათ შორის 200 მებრძოლი სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა.
[დავით თევზაძის ხმა]” მე აქ ძირითადად გამოვალ იმიტომ, რომ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც ამ თერთმეტი წლის წინ ერთად ყოფნა მომიწია. სამშობლოს სიყვარულისთვის, მე არ მეშინია ამ სიტყვების, რაც არ უნდა გაცვეთილი ჩანდეს, სამშობლოს სიყვარულისთვის, რეალურად იმ დანთებული გულის ჩვენებისთვის, რისი მომსწრეც მე ამ წლებში გავხდი. თუკი ოდესმე, რამე მექნება ან მე, ან ჩემს შვილებს საამაყო, ეს სწორედ თქვენთან გატარებული ცხოვრების ნაწილია”

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ეროვნული გვარდიის შექმნას მართლაც თან ახლდა საოცარი აღმაფრენა, რის გამოც პირველი ქართული დანაყოფის რიგებში მოხალისეებად არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ სხვა ერის წარმომადგენლებიც წევრიანდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინელი სერგეი გლადკევიჩი, რომელსაც რადიო “თავისუფლებამ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, ამ დღესასწაულზე სპეციალურად კიევიდან ჩამოვიდა:

[სერგეი გლადკევიჩის ხმა]”იმიტომ, რომ აქ ყველა ჩემი ძმა იმყოფება. ხოლო რაც შეეხება ეროვნულ გვარდიას და ომს, ეს ჩემი ტკივილია, საქართველო ეს ჩემი მეორე სამშობლოა”

ლიტველი ლაიმა კანჩელე კი პირველი უცხოელი ქალია, რომელიც ქართველი მებრძოლების მხარდამხარ იცავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და თავისი ბედი სამუდამოდ საქართველოს ეროვნულ გვარდიას დაუკავშირა. [ლაიმა კანჩელეს ხმა]”გვარდია? ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები. უბრალოდ ჩვენი პოლიტიკოსები თამაშობენ ჩვენი ოფიცრებისა და მამაკაცების სიცოცხლით. თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ რაღაცნაირად გვარდია და არმია წელში გაიმართება”.

სამწუხაროდ ათი წლის წინ, ეროვნული გვარდიის ეს რომანტიკული ხანა, საშინელი იმედგაცრუებით დასრულდა. 1991-92 წლების მიჯნაზე თბილისის ცენტრში დაწუებულ სამოქალაქო ომს ორივე მხრიდან ბევრი გვარდიელი შეეწირა, ბევრიც კი თავისი მრწამსის გამო ციხეში აღმოჩნდა გამომწყვდეული. ამასთან დაკავშირებით გვარდიის ვეტერანი პოლკოვნიკი თემურ ოტიაშვილი მიიჩნევს, რომ დადგა დრო მოხდეს ყველა რეპრესირებული მებრძოლის რეაბილიტაცია, რადგან:
[თემურ ოტიაშვილის ხმა]”ყველას აბსოლუტურად ერთნაირად უყვარს სამშობლო, ყველა აბსოლუტურად ხვალ რომ რაღაც მოხდეს და ბატონმა პრეზიდენტმა თქვას, ერთ მუშტად შეიკარით და სამშობლო დაიცავითო, ყველანი ულაპარაკოდ ერთად დავდგებით”


საგულისხმოა, რომ როგორც ათი წლის წინ, მიმდინარე წელი კვალავ საბედისწერო აღმოჩნდა ეროვნული გვარდიისთვის – ხელისუფალთა მხრიდან წლების განმავლობაში სამხედრო სტრუქტურაში დაგროვილ პრობლემებზე წაყრუებას, 25 მაისს ნორიოს პოლიგონზე დაბანაკებულ ეროვნულ გვარდიელთა ამბოხი მოჰყვა. პრობლემის მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაინახა ოფიცერთა შორის დაწყებული უკმაყოფილება და ეროვნული გვარდიას დროულად ვერ შეურჩია ადგილი და ფუნქცია უსაფრთხოების ერთიან სისტემაში.

როგორც ეროვნული გვარდიის ახალმა სარდალმა, გენერალმა კობა კობალაძემ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, დებულების თანახმად ეროვნულ გვარდიას მთავარ ამოცანად რეზერვის საბრძოლო მომზადება განესაზღვრა: [კობა კობალაძის ხმა]”ეს არ არის ისეთი მოდელი, რომელიც რაღაც ახალია. ფაქტიურად ყველა ძლიერი სახელმწიფო, ისევე როგორც პატარა სახელმწიფო გადასული არიან ძირითადი ბირთვის, რეზერვის მომზადებაზე. ეროვნულ გვარდიაში საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი რეფორმა წამოვიწყეთ, რაც აუცილებელია ისეთი მცირედი რესურსების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. და ამაზე გვექნება წლის შეჯამება”

აღსანიშნავია, რომ ეროვნული გვარდიის მეთრეთმეტე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ოფიცერს, და მათ შორის გვარდიის სარდალ კობა კობალაძეს გენერლის წოდება მიანიჭა. ეს ერთგვარი ავანსია ახალგაზრდა გენერლისთვის, რომელმაც უნდა შეკრას ეროვნული გვარდიის ძირითადი ბირთვი და წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მეტად რთული მოვალეობას. მხოლოდ ასეთ შემთვევაში შესძლებს ეროვნული გვარდია დაიბრუნოს ის პატივისცემა, ნდობა და ავტორიტეტი, რაც მან ათი წლის წინ სამოქალაქო ომში ჩაბმითა და გაუთავებელი შიდა დაპირისპირებით ერთხელ უკვე დაკარგა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG